„არის თუ არა დოლარი საფრთხეში? ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ, რომ ამერიკას „ზედმეტი პრივილეგიები“ წაართვან“ - კვირის პალიტრა

„არის თუ არა დოლარი საფრთხეში? ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ, რომ ამერიკას „ზედმეტი პრივილეგიები“ წაართვან“

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „არის თუ არა დოლარი საფრთხეში? ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ, რომ ამერიკას „ზედმეტი პრივილეგიები“ წაართვან“ (ავტორი - ენდი კესლერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ამერიკა უზარმაზარი ფინანსური იმპერიის მწვერვალზე იმყოფება - ისეთი თვითორგანიზებადი კაპიტალისტური სტრუქტურისა, რომელიც სხვადასხვა ფენისაგან შედგება და რომელიც ღირებულებასა და სტიმულზეა დამყარებული. ამ დროს არ მოქმედებს მარქსისტული პრინციპი - „თითოეულს მოთხოვნილების მიხედვით“. იმპერიაში შენი საკუთარი ადგილი უნდა დაიმსახურო. ახლა წარმოიდგინეთ, რომ დოლარი ის ძაფია ან წებო, რომელიც უდიდესი ფინანსური იმპერიის სხვადასხვა ფენას ერთობლიობაში იჭერს: მსოფლიოს სავალუტო რეზერვის თითქმის 60% დოლარით არის წარმოდგენილი - დაახლოებით, 12,8 ტრილიონი. ნუთუ ყოვლისშემძლე დოლარს, აშშ-ის მთავარ ვალუტას და „უზომო პრივილეგიას“ (როგორც ერთხელ ფრანგმა პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ დ’ესტენმა თქვა) საფრთხე ემუქრება? არსებობს თუ არა შეშფოთების მიზეზი?

დასავლურმა სანქციებმა რუსეთს მტკივნეულად დაარტყა. კრემლის სავალუტო რეზერვების უდიდესი ნაწილი - 630 მილიარდი დოლარი გაყინულია. ოლიგარქების იახტები დაყადაღებულია. საბანკო ბარათებით (Visa, Mastercard და American Express) სარგებლობა რუს კლიენტებს უკვე აღარ შეუძლიათ. შეჩერებულია Apple-სა და Google Pay-ს მოქმედება - მოსკოვის მეტროს მგზავრებს ნაღდი ფულისათვის ჯიბეების მოჩხრეკა სჭირდებათ. ბევრმა დასავლურმა კომპანიამ - Netflix-დან Nike-მდე - სანქციები ნებაყოფლობით დააწესა.

სწორი იყო თუ არა რუსეთის „ამოშლა“ საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან? სკეპტიკოსები თვლიან, რომ ეს დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის, დასასრულის დასაწყისს ნიშნავს: რუსეთი იძულებული გახდება ჩინეთს დაუახლოვდეს, იუანზე გადავიდეს ან კრიპტოვალუტაზე გადაერთოს. უფრო უარესი - ჩინეთსაც შეუძლია დოლარი თავისი ფინანსური სისტემიდან გააძევოს. სხვათა შორის, პეკინმა და მოსკოვმა 2014 წლიდან მკვეთრად შეამცირეს თავიანთი დამოკიდებულება დოლარზე ორმხრივ ვაჭრობაში.

დოლარი მსოფლიოს სარეზერვო ვალუტად 1944 წლის ივლისში დადებული ბრეტონ-ვუდსის ხელშეკრულების წყალობით იქცა - სწორედ მის საფუძველზე იქნა უზრუნველყოფილი მოკავშირეთა ვალუტის დამოკიდებულება ოქროს მარაგით განმტკიცებული ამერიკული დოლარის მიმართ. ეს არ ყოფილა უბრალო ბიუროკრატიული გადაწყვეტილება. იმ პერიოდში ამერიკის ეკონომიკა ძლიერი იყო, მეორე მსოფლიო ომში ამერიკა, ფაქტობრივად, გამდირდა და დანგრეულ-გაპარტახებულ მოკავშირეებს „დიდსულოვნად“ ეხმარებოდა... ამერიკა თავის პრივილეგირებულ სტატუსს კინაღამ 1971 წელს გამოემშვიდობა, როცა ვიეტნამის ომისა და სოციალური რყევების შედეგად რიჩარდ ნიქსონმა „ოქროს სტანდარტზე“ უარი თქვა („ოქროს სტანდარტი“ - ვალუტის უზრუნველყოფა ოქროს შესაბამისი ექვივალენტით, „შემცველობით“ - მთარგმნ.).

დღეს სხვადასხვა სახელმწიფოს ძველებურად აქვს თავის ვირტუალურ საბანკო საცავებში ვირტუალური „ბენჯამინები“ (დოლარის ერთ-ერთი სლენგური სახელწოდება - 100-დოლარიანზე ბენჯამინ ფრანკლინის გამოსახულების გამო - მთარგმნ.), რასაც თანამედროვე საბანკო სამყაროში ოქროს მნიშვნელობა აქვს. ჩინეთს სახაზინო ობლიგაციებში ერთ ტრილიონ დოლარზე მეტი აქვს დაბანდებული, რუსეთს - 100 მილიარდზე მეტი, 500 მილიარდიდან, მისი რეზერვების „გაყინვის“ მიუხედავად.

მაგრამ რატომ ინახავენ სახელმწიფოები დოლარს? რას ემყარება ამერიკული დოლარი? ტრადიციული პასუხი ასე ჟღერს: ისინი სრულიად ენდობიან აშშ-ის მთავრობას, რომელიც ყოველთვის შეეცდება, დოლარის მიმზიდველობა შეინარჩუნოს. მაგრამ ეს სასაცილო განმარტებაა. სინამდვილეში ის, რასაც დოლარი ეყრდნობა, ესაა იმის ანგარიში, რომ აშშ-ის მრეწველობა ყოველთვის გადაიხდის საკმარის გადასახადს, ხოლო მრეწველობის განვითარებას ამერიკის სამხედრო ძლიერება დაიცავს. სხვაგვარად დოლარი მიმზიდველი არ იქნება.

სამხრეთ კორეამ, ტაილანდმა, ინდონეზიამ და განსაკუთრებით - რუსეთმა ეს გაკვეთილი კარგად გაითავისეს 1990-იანი წლების სავალუტო კრიზისის დროს. მათ არ ჰქონდათ საკმარისი უცხოური ვალუტა, როცა დოლარიანი საბანკო კრედიტების დაფარვის დრო მოვიდა. ასევე, გაითვალისწინეს იგივე მომენტი არგენტინამ, ვენესუელამ და ზიმბაბვემ.

ჩინეთს, ისევე როგორც რუსეთს, შიდა მთლიანი პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ ოდნავ ცოტა მეტი თუ აქვს, მექსიკასთან შედარებით. ჩინური იუანის ღირებულება (კურსი) დოლართან მიმართებით ძალიან დაბალია. ჩინეთს რაც შეიძლება მეტი სათამაშოს, ფეხსაცმლის, „აიფონის“ თუ სხვა ელექტრონული პროდუქციის წარმოება სჭირდება, რომ უცხოურ ვალუტაში მოთხოვნილება დააკმაყოფილოს.

ყველაფერი, რაც ჩინეთს აქვს რუსულ რუბლებში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 40%-ზე მეტად გაუფასურდა. იგივე ელოდება ჩინურ იუანსაც, თუ ჩინეთის არმია ტაივანზე შეიჭრება. ასე რომ, მოსკოვს და პეკინს მაინცდამაინც დიდი ეფექტის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, თუ ერთმანეთში ვაჭრობას რუბლებითა და იუანებით დაიწყებენ. ალბათ, რუსეთს კრიპტოვალუტაც აქვს მომარაგებული, თორემ თუ მისი ფინანსური სისტემა დატვირთვას ვერ გაუძლებს და დაინგრევა, 1990-იანი წლების კრიზისი მონაგონი იქნება...

ბენჯამინ ფრანკლინს, ალბათ, შეუძლია აშშ-ის დღევანდელ ხელისუფლებას უთხრას: „კარგია, რომ დოლარს სარეზერვო ვალუტის სტატუსი აქვს, თუ, რა თქმა უნდა, მას არ დაკარგავთ“. რა არის ამისთვის საჭირო? ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ სასწრაფოდ უნდა ასწიოს საპროცენტო განაკვეთები, ფინანსთა მინისტრმა უნდა დაიწყოს დოლარის ძლიერების პროპაგანდა, კარგი იქნება ბიუჯეტის დეფიციტთან ბრძოლაც. ამერიკულმა კომპანიებმა დროა, საკუთარ თავდაჯერებულობას უმკურნალონ და საქმეს მიხედონ - თუ „აიფონებით“ დაწყებული და მედიკამენტებით დამთავრებული - ყველაფერი ჩინეთიდან შემოდის, ეს უკვე დიდი პრობლემაა. ისე გამოდის, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარი უნდა თქვას სლოგანზე - „იყიდე ამერიკული“...

ამერიკამ დროა გაარკვიოს, სად შეიძლება ჰქონდეს რუსეთს ან ჩინეთს მცირეოდენი უპირატესობა მაინც აშშ-ზე - ფარმაცევტიკაში, გენეტიკაში, ხელოვნურ ინტელექტში, კიბერნეტიკულ ომებში - და თავისი პროგრამები შექმნას, „ზესინათლის სისწრაფის“ მსგავსად (ასე ეწოდა იმ პროგრამას, როცა სასწრაფოდ შეიქმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - მთარგმნ.). ეს დარგები რეალურ სტიმულს მიიღებენ დაკვეთებისა და წინასწარი გადახდებით და არა - სარეკლამო ბუკლეტების სახით.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დოლარს დარტყმის ქვეშ არ დააყენებს, მაგრამ გარდამავალ ეპოქებში ყოველთვის არის ომების საფრთხე. მსოფლიოს სარეზერვო ვალუტის სტატუსით ამერიკას გარისკვა არ შეუძლია. თუ სხვა ქვეყნები დოლარისაგან „თავის არიდებას“ შეეცდებიან, ინფლაცია უკონტროლო გახდება. ამერიკა ვალდებულია, თავისი პრივილეგია შეინარჩუნოს, თუმცა ამის თქმა უფრო იოლია, ვიდრე - გაკეთება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ