...დიდხანს ვტკბებოდი კედელზე "ბოშა გოგონას" პორტრეტით და მონუსხული ვუყურებდი მის გასაოცარ თვალებს...
თარსუსიდან შთაბეჭდილებებით დატვირთული წამოვედით და, მიუხედავად იმისა, რომ ემოციითა თუ სიარულით ქანცგაწყვეტილები ვიყავით, ქალაქ გაზიანთეფის მუზეუმში მაინც შევიარეთ. იქნებ, სხვა დროს ვერც მოვხვედრილიყავით იმ ადგილებში და, ალბათ, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდით, ჩაძირულ ქალაქ ზეუგმიდან გადარჩენილი მოზაიკის უნიკალური ნიმუშები რომ არ გვენახა. მით უფრო, იქ გვეგულებოდა ზეუგმასა და გაზიანთეფის სიმბოლო - სახელგანთქმული და თვალწარმტაცი „ბოშა გოგონა“.
გაზიანთეფის მუზეუმი დღესღეობით არის მსოფლიოს ყველაზე დიდი მოზაიკის მუზეუმი, რომელიც უდიდეს ფართობზეა გაშლილი და შეიცავს 1700 კვადრატულ მეტრ მოზაიკას. მან ეს ტიტული ტუნისის ბარდოს ეროვნულ მუზეუმს ჩამოართვა და თავისი რეგიონის ტურიზმის სიმბოლოდ გადაიქცა. მუზეუმი ოფიციალურად 2011 წლის 9 სექტემბერს გაიხსნა და საოცრებებითაა სავსე!
ძველ რომაელთა სიმდიდრე, უძველესი ანტიკური ქალაქი ზეუგმა მდებარეობდა ბირესიკის წყალსაცავის სანაპიროზე, შვიდ ბორცვზე, რომელიც ქალაქ გაზიანთეფიდან 80 კილომეტრშია. ძვ. წელთაღრიცხვით 300 წელს ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთმა გენერალმა, სელევკე I-მა ნიკატორმა მდინარე ევფრატის სტრატეგიულად და კომერციულად ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას დააარსა ქალაქი, ხოლო ძვ. წ. 64 წელს პომპეუსმა ეს ქალაქი, რომაელთა დახმარების საზღაურად, საჩუქრად გადასცა კომაგენეს მეფე ანტიოქ I-ს. ძალიან დიდხანს იგი კომაგენეს სამეფოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად მიიჩნეოდა. რომაულ ხანაში ლათინური კულტურით მდიდარ ქალაქს ეწოდა ზეუგმა, რაც ნიშნავს "ხიდს", "გადასასვლელს".
ზეუგმას საგანძური, მათ შორის, მოზაიკაც, უცნობი იყო 2000 წლამდე ანუ იმ დრომდე, ვიდრე მისი არქეოლოგიური ნივთები გამოჩნდებოდა მუზეუმებში და, ასევე, დაიგეგმებოდა ევფრატზე ახალი კაშხლების აგება, რაც ნიშნავდა, რომ ზეუგმის დიდი ნაწილი სამუდამოდ დაიტბორებოდა. ამჯერად მოზაიკების დიდი რაოდენობა კვლავ მოსაძიებელია, თუმცა არცთუ ცოტა რამ არის თავმოყრილი გაზიანთეფის მუზეუმში.
თუნდაც აღმოჩენილი მოზაიკებითაც ნათელია, რომ ზეუგმა იყო მოზაიკის ქალაქი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; სწორედ ზეუგმას ახსენებდნენ უძველესი მწერლები - სტრაბონი და პლინიუსი თავის ნაშრომებში. ზეუგმა იყო ძალიან განვითარებული და ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქიც, რომელზეც გადიოდა ცნობილი აბრეშუმის გზა ანტაკიიდან ჩინეთში.
ამ ადგილებში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ქალაქის არქივიც, სადაც ინახებოდა 65000 ბეჭედი, რაც დღეს ანტიკური ეპოქის უმნიშვნელოვანეს ნივთებად არის აღიარებული. აქ არის ბეჭდების ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექცია მსოფლიოში და .ა.შ. ზეუგმას სახლებში იატაკი მოზაიკით ყოფილა გაწყობილი და კედლებზეც კი ფრესკები იყო. მოზაიკის იქაური ოსტატები იყენებდნენ ევფრატის ნაპირების მდინარის ქვებს. მდინარე ევფრატის სანაპიროზე გაშენებულ პატარა დასახლების - სამსათის გათხრებისას აღმოაჩინეს ოსტატ ზოსიმეს რამდენიმე მოზაიკა - "სადღესასწაულო სუფრა" და "ვენერას დაბადება".
იმ ადგილების მოზაიკურ ხელოვნებაში გამოყენებული იყო თეატრალური და მითოლოგიური გამოსახულებები. სხვათა შორის, პროფესიონალები ამ ქალაქში აღმოჩენილ მოზაიკას II-III საუკუნით ათარიღებენ, კერძოდ, რომის იმპერიის უმდიდრეს ხანით და მას ხელოვნების განვითარების უმაღლეს წერტილს უწოდებენ. ინტერიერის კედლის მხატვრობაში წარმოდგენილია ქალღმერთების, ცხოველების, ადამიანების ფიგურები და სხვა საინტერესო გეომეტრიული გამოსახულებები.
ამ უვრცელეს ტერიტორიაზე ისე დავდიოდით, გვეგონა, ზემოდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაგვყურებდა, გზადაგზა კი ათასფერადი ნამცეცა ქვებით მორთული მითიური გმირები და ოლიმპოს ღმერთები გვეგებებოდნენ.

და მაინც, ყველაზე ჯადოსნური და მისტიკური ერთი პატარა, ბნელი ოთახი აღმოჩნდა, სადაც ასეთივე ბნელი დერეფნით მოვხვდით. ერთმანეთის სუნთქვაც კი არ გვესმოდა, ხმის ამოღებაზე ხომ ლაპარაკიც წარმოუდგენელი იყო. შესანიშნავი მუსიკის ფონზე ძალიან დიდხანს ვტკბებოდი კედელზე "ბოშა გოგონას" პორტრეტის ინსტალაციით და მონუსხული ვუყურებდი მის გასაოცარ თვალებს... თითქოს, ანა კალანდაძის ლექსი გაჰყვა მელოდიას... "რა თვალები? ელვის ცეცხლით დამჭერი..."

ზეუგმაში საოცრად ჰარმონიულადაა შერწყმული ანტიკურობა და თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვქონდა იქ სამყოფად, არადა, თურმე, შეგვეძლო, ამ ინტერაქტიულ მუზეუმში საინტერესო თამაშებშიც ჩავრთულიყავით - მაგალითად, მონაწილეობა მიგვეღოთ ვირტუალურ გათხრებში...

ჩვენ კი, მოგზაური სიმუსები, მუდამ გადარბენით ვართ, იქაურობასაც მალე გამოვემშვიდობეთ და აქლემების ქვის ქარავნის მხარდამხარ, ამჯერად გზას ჩრდილო-აღმოსავლეთით, მოგზაურობის ბოლო პუნქტისკენ - ნემრუთ დაღისკენ გავუყევით. ნეტავ იცოდეთ, როგორ ვნატრობ, კვლავ დავბრუნდე სამხრეთ თურქეთში, იქ იმდენი რამ გელის ადამიანს, რომ ცხოვრების ბოლომდე გეყოფა საგზლად...
ბლოგში გამოყენებული ყველა ფოტო ეკუთვნის ავტორს
(გაგრძელება იქნება)