"ჯარში იარაღი ხელში არ ამიღია, მეთაურების პორტრეტებს ვხატავდი" - კვირის პალიტრა

"ჯარში იარაღი ხელში არ ამიღია, მეთაურების პორტრეტებს ვხატავდი"

ავსტრალიაში მცხოვრები უკრაინელი მხატვრის ინიციატივა

უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელები აქტიურად გამოხატავენ. მათ შორის არის ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მცხოვრები დმიტრი კუზნიჩენკო, რომელმაც თავისი ნახატების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადარიცხა ფონდში, უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად. დმიტრის ყოველი დღე უკრაინელ მეგობრებთან საუბრით იწყება. ისინი ხარკოვიდან არიან, ეს ქალაქი კი არაერთხელ დაიბომბა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემი ძალიან ახლო მეგობარია რომა, რომელსაც ყველაზე ხშირად ველაპარაკები. საჰაერო განგაშის დროს ის თავშესაფარში ვერ ჩადიოდა, რადგან ფსიქოლოგიურად ჰაერის უკმარისობის შიში გაუჩნდა. მაინც მიდიოდა, ბავშვებს კანფეტებს და „ლედენცებს“ დაურიგებდა, შინ ბრუნდებოდა და აბაზანაში წვებოდა: ბინის შუაში განთავსებული სააბაზანო შედარებით უსაფრთხო ადგილი იყო. მერე იძულებული გახდა, ხარკოვი დაეტოვებინა ცოლთან და ვაჟთან ერთად. პოლტავასთან ახლოს ქალაქის ტიპის დასახლებაა - შიშაკი, იქ მოახერხეს ჩასვლა. ორი დღის შემდეგ, როცა ქალაქიდან გავიდა, რომას გაუგზავნეს ჩამონგრეული კორპუსის ფოტო - ის იქ ცხოვრობდა..."

ojaxtan-ertad-copy-1647412285.jpg

"ხარკოვში დავიბადე 1962 წელს. გამზარდა ბებიამ, რომელიც ბავშვობაში მიკითხავდა არაჩვეულებრივ ლიტერატურას. ხატვა ადრეულ ასაკში დავიწყე. ერთდროულად რამდენიმე ალბომში თავდავიწყებამდე ვხატავდი ხოლმე. მთელი ბავშვობა ორმოების თხრა მიყვარდა. ალბათ ომისთვის „ვემზადებოდი“, იმიტომ, რომ ხშირად ვუყურებდი საბჭოთა კავშირის დროინდელ ფილმებს ომზე. მეძახდნენ „შკროტიკ“ - როგორც თხუნელა, მიწაში „აკოპებს“ ვთხრიდი!.."

"დამამშვიდებელს ვსვამ. ორი დღეა, რაც 3-4 საათი მაინც მძინავს. მე ასეთ სტრესში ვარ და უკრაინაში ადამიანები რა დღეში იქნებიან?!. მეუღლის მშობლები ლვოვის რაიონიდან არიან. მათ იციან მეორე მსოფლიო ომის დროს რა სასტიკად იქცეოდა საბჭოთა წითელი არმია პოლონეთში და ის შიში სამუდამოდ დარჩათ..."

dmitri-kuznichenko-copy-1647412155.jpg

"ჩემო ძვირფასო უკრაინელებო, ჩვენი უკრაინა დგას წინა ხაზზე. თქვენ დღეს იბრძვით დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და თუ გნებავთ, ოცნების უფლებისთვის. ამას აკეთებთ ასევე ევროპისთვის, ამერიკისთვის... თუ არ შევაჩერებთ ამ საშინელ შავბნელ ძალას, ის ყველას გადაგვსანსლავს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 17 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი