"როგორი ადამიანი მიმაჩნია გოიმად? - ვისაც საშუალება აქვს, რომ გოიმი არ იყოს, მაგრამ..."
ვის ხედავს სარკეში ჩახედვისას მხიარული ლევან სუხიტაშვილი
განათლება: დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, ასევე - სამედიცინო კოლეჯი და სამედიცინო უნივერსიტეტის 2 კურსი (სამკურნალო ფაკულტეტი); 1 წლის განმავლობაში, სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ასევე - საცირკო-საესტრადო სასწავლებელში. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გაიარა 3-თვიანი ტრენინგი პიარსა და მარკეტინგში.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"სამყაროს სარგებელი უკვე მოვუტანე - 4 შვილი მყავს. მთავარი სარგებელი ეს არის, რითიც მიმაჩნია, რომ სამყაროს წინაშე შეიძლება, თავი ოდნავ მაღლა ავწიო. გარდა ამისა, როცა ადამიანს შეგიძლია, პოზიტიური ენერგია უფრო მეტი გასცე, ვიდრე ნეგატიური, უკვე კარგია. საერთოდ, გარკვეული დოზით, უარყოფით ენერგიას ყველა ადამიანი გასცემს - ყველასთვის პოზიტიური ვერ იქნები, მაგრამ ამის ფონზე, როცა პოზიტიურ ენერგიას უფრო მეტად გასცემ, სამყაროს სიმძიმეს ცოტათი უმსუბუქებ. რაც უფრო მეტი პოზიტიური ადამიანი იარსებებს, ჩვენი პლანეტა მით უფრო ნაკლებად დამძიმდება..."
"საერთოდ, სიზმრებს იშვიათად ვხედავ, მაგრამ თუ ვნახე, სასწაული უაზრობაა ხოლმე! ამას წინათ ვნახე, გიგა კუხიანიძე ვიღაც ინდიელმა გაიტაცა და სადღაც ხევში გადააგდო (იცინის). გიგასთან ადრე ვმეგობრობდი, მაგრამ წლები ისე გადის, სიზმარში კი არა, ცხადშიც არ მინახავს..."
"როგორი ადამიანი მიმაჩნია გოიმად? - ვისაც საშუალება აქვს, რომ გოიმი არ იყოს, მაგრამ გოიმია. ბანალურად რომ ავხსნა - ისეთი ადამიანი, ვისაც უამრავი ფული აქვს, მაღაზიაში შევა, ძვირად ღირებულ, მაგრამ უსახურ ფეხსაცმელებს ფასის გამო იყიდის, შემდეგ ამ ფეხსაცმელებში გამოწყობილი მოვა და "წაგიბლატავებს" - ჰგონია, რომ მაგარი რაღაც აცვია (იცინის)..."
"ფემინისტებს მოგწონთ თუ არა, ქალური და მამაკაცური პროფესიები არსებობს. ჩვეულებრივ, ქალი კაცს ხელს ხომ ვერ გადაუწევს, ხომ ვერ მოერევა, თუ არ ივარჯიშა? მოკლედ, ბუნებრივად ასეა... ავტომობილის საბურავი რომ გამხეთქვია, ჩემი ცოლი არასდროს გადამხტარა - საბურავს მე გამოვცვლიო. აი, რატომ (იცინის)?!. ასევე, ქალებს ტვინი რა მიმართულებითაც გაქვთ განვითარებული, იმას მამაკაცი ვერც მოიფიქრებს და ვერც გააკეთებს. შესაბამისად, ყველაფერი კანონზიმიერია..."
"ძალიან სამართლიანი ვარ - სამართლიანობის გარეშე არ ვმოქმედებ. მაქსიმალურად მინდა, ჯერ საკუთარ თავთან ვიყო მართალი, მერე კი - ზოგადად... ვამაყობ, რომ ჩემს მეგობრებს ჩემი სჯერათ და ვუყვარვარ..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 17 მარტის ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი