"ტოიოტა“ ერთი შეხედვით შეუძლებელს რეალობად აქცევს“ - თინათინ მაკარიძე - კვირის პალიტრა

"ტოიოტა“ ერთი შეხედვით შეუძლებელს რეალობად აქცევს“ - თინათინ მაკარიძე

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი - „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გარემოსდაცვითი მიმართულებით გამოკვეთილი ლიდერია. ის ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების სამოდელო ხაზის პარალელურად, აქტიურად მუშაობს ისეთ უახლეს ტექნოლოგიებზე, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა საწვავის მოხმარებაზეა დაფუძნებული. მომავლის წარმოების ერთ-ერთ ალტერნატივად „ტოიოტა“ წყალბადის ენერგიასა და მასზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებსაც განიხილავს.

რა მიზნით ავითარებს იაპონური ავტოგიგანტი საავტომობილო ინდუსტრიაში ალტერნატიულ ტექნოლოგიებს და რამდენად უკავშირდება ეს პროცესი მის გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს - ამ თემებზე „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგის მენეჯერი თინათინ მაკარიძე საუბრობს.

„გარემოს დაცვაზე ზრუნვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია „ტოიოტა მოტორ კორპორაციისთვის“. მისი მიზნები ავტოინდუსტრიაში დიდი ხანია გასცდა მხოლოდ დახვეწილი დიზაინის მქონე მძლავრი, ყველგანმავალი ავტომობილების შექმნას და მათ აღჭურვას უახლესი უსაფრთხოების სისტემებით. აღარავინ დავობს იმაზე, რომ „ტოიოტა“ მსოფლიო მასშტაბით პიონერია ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარებისა და ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების სერიული წარმოების მიმართულებით. მან 21-ე საუკუნეში პირველმა შეაბიჯა ჰიბრიდებით და დღეს „ტოიოტას“ ჰიბრიდულძრავიანი ბრენდები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, ჰიბრიდების წარმოების პარალელურად, ავტომწარმოებელი აქტიურად მუშაობს 21-ე საუკუნის მკვეთრად ინოვაციური, მეტად ეკომეგობრული, მეტად ეკონომიური, ამავე დროს, მძლავრი და უსაფრთხო სერიული ავტომობილების შექმნაზე. უახლესმა ავტომობილებმა სრულად უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი უმთავრესი მახასიათებლები: გარემოზე მინიმალური ზემოქმედება, ნულოვანი გამონაბოლქვი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ეფექტური მოხმარება და უნდა გამოსცენ უმცირესი ხმაური“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მისი განმარტებით, „ტოიოტას“ მცდელობა სრულ თანხვედრაშია მისივე ფილოსოფიასთან, სოციალურ პასუხისმგებლობასა და გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებთან. განვითარების გლობალური გეგმის თანახმად, ავტომწარმოებელი აპირებს, 2050 წლამდე მომხმარებელს ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზოს კონკრეტულ რეგიონსა და ინფრასტრუქურას მორგებული და უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი ისეთი სერიულ ავტომობილები, რომლებიც მაქსიმალურად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. მომავლის ავტომობილების წარმოების პროცესში „ტოიოტა“ არაერთ ალტერნატიულ კონცეფციას ავითარებს და მათ შორის, მწვანე წყალბადის ენერგიაზე დაფუძნებული ტექნოლოგიების განვითარებაზეც ზრუნავს.

toi2-1647414803.jpg

„ეგრეთ წოდებული ფლაგ-ინ (plug-in) ტექნოლოგია და მათ შორის წყალბადის ენერგიით მომუშავე ავტომობილების განვითარება „ტოიოტას“ გლობალური გეგმის შემადგენელი ნაწილია. „ტოიოტა“ არ არის უბრალოდ ავტომწარმოებელი. მას აქვს გონივრული ამბიცია და ძალისხმევასაც არ იშურებს, რომ შექმნას არა მხოლოდ უსაფრთხო და საიმედო სატრანსპორტო საშუალებები, არამედ გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრების ხარისხიც. ეს ნიშნავს, რომ „ტოიოტასთვის“ უმთავრესი გამოწვევა ეკოლოგიურად უსაფრთხო, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ამის მეშვეობით გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაა. ამ მიმართულებით „ტოიოტა“ ნაბიჯ-ნაბიჯ მიისწრაფვის, როგორც ავტომობილების ექსპლუატაციის, ასევე მათი წარმოების პროცესში. „ტოიოტა“ ერთი შეხედვით შეუძლებელს რეალობად აქცევს. დღეს უკვე ნამდვილად რეალობაა ისეთი ავტომობილი, რომელიც გამონაბოლქვის ნაცვლად მხოლოდ წყლის ოთქლს გამოჰყოფს. სწორედ ასეთია Toyota Mirai და ამ ეკომეგობრული ავტომობილის ძრავა წყალბადის ენერგიაზე მუშაობს. ეს მწვანე წყალბადია და ამ ტექნოლოგიამ, სამომავლოდ, სამყარო უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს“, - ამბობს თინათინ მაკარიძე.

მისი თქმით, „ტოიოტა“ პირველი ავტომწარმოებელია მსოფლიოში, რომელმაც მიზნად დაისახა 6 გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევა, რომელთა შესრულებასაც 2050 წლამდე ეტაპობრივად ახდენს. წყალბადის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების განვითარებაც ავტომწარმოებლის გარემოსდაცვითი კონცეფციის შემადგენელი ნაწილია.

„ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ ექვსი გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევიდან ერთ-ერთი არის CO2-ის ნულოვანი გამონაბოლქვი ავტომობილის სრული სასიცოცხლო ციკლის, ანუ მთლიანი საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში. ამ მიზნით, „ტოიოტა“ ტრადიციული საწვავის სანაცვლოდ, განახლებადი ენერგიებით, მათ შორის წყალბადით აღჭურვილ სისტემებს და ტექნოლოგიებს ავითარებს. წყალბადის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები პრაქტიკული, უსაფრთხო და ადვილად სამართავია. მას საფუძვლად უდევს წყალბადის საწვავიანი ელემენტი, რომელიც წნევის ზემოქმედებით წყალბადს ელექტროენერგიად გარდაქმნის და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი გამონაბოლქვი მხოლოდ წყლის ორთქლია - ყოველგვარი ნახშირბადის დიოქსიდის, აზოტის ოქსიდების ან სხვა მავნე ნივთიერებების გარეშე. სამწუხაროდ, დღეს ამ ტიპის ავტომობილით სარგებლობა მხოლოდ ისეთ ადგილებშია შესაძლებელი, სადაც მწვანე წყალბადის გასამართი პუნქტებია განთავსებული. იმედია, ახლო მომავალში შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჩვენს რეგიონშიც განვითარდება და წყალბადზე მომუშავე ავტომობილის მართვა საქართველოშიც შესაძლებელი გახდება“, - განმარტავს თინათინ მაკარიძე.

როგორც თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, „ტოიოტას“ მიზანია საერთაშორისო დონეზე დაუჭიროს მხარი ეკომეგობრულ წარმოებას და აქტიურად მუშაობს იმ მიმართულებით, რომ CO2-ის ნულოვან ემისიას ავტომობილების წარმოების პროცესში მიაღწიოს - ეს მისი კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. „ტოიოტამ“ უკვე შექმნა წყალბადზე მომუშავე კონცეპტუალური ავტობუსები - Toyota Sora, წყალბადზე მომუშავე სატვირთო ავტომობილები - Alpha და Beta, ასევე, ორკაპა სატვირთველები. ამ სატრანსპორტო საშუალებებს არ გააჩნიათ მავნე გამონაბოლქვი და მათი ოპერირება ხდება ავტომწარმოებლის ქარხნის ტერიტორიაზე. ეს „ტოიოტას“ საშუალებას აძლევს, სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელებისას გარემოზე მავნე ზეგავლენა მაქსიმალურად შეამციროს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წარმოების პროცესში CO2-ის და სხვა მავნე ნივთიერებების ემისიის აღმოსაფხვრელად, „ტოიოტა“ აშენებს კარბონატული საწვავის ელემენტზე მომუშავე მსოფლიოში პირველ განახლებად ელექტროსადგურს, რომელიც წყალბადს, წყალს და ელექტროენერგიას სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გადამუშავების შედეგად გამოიმუშავებს.