"ჩემი სიმღერის ვიდეოს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა, ვეღარ გავჩუმდები..." - კვირის პალიტრა

"ჩემი სიმღერის ვიდეოს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა, ვეღარ გავჩუმდები..."

რამდენიმე კვირაა, სოციალურ ქსელში აქტიურად ტრიალებს ერთ პატარა ოთახში გადაღებული ვიდეო, რომელშიც გოგონა მეგობრების წრეში ძალიან სასიამოვნოდ და ლაღად მღერის. კომენტარებში ბევრი შემსრულებლის ვინაობით დაინტერესდა. სწორედ ამიტომ, მისი პოვნა და საზოგადოებისთვის წარდგენა გადავწყვიტე.

სოფიო დალაქიშვილი:

- სიმღერის სიყვარული ოჯახიდან გამომყვა, სადაც ყველას აქვს სმენა და სიმღერის ნიჭი, რომელიც მეც ბავშვობიდან გამომივლინდა. თუმცა ჩემს ოჯახში არავინ ვფიქრობდით, რომ სიმღერით პროფესიულად დავინტერესდებოდი. 18 წლამდე ასე მეგონა (იღიმის). მუსიკასთან პირველი შეხება სკოლაში მქონდა, იქ გალობის წრე გაიხსნა და საგალობლები შევისწავლე. შემდეგ ხალხური სიმღერით დავინტერესდი და მივედი ფოლკლორულ ანსამბლ „მერმისში“, რომელსაც დავით ქავთარაძე ხელმძღვანელობს. იქ 6 წელი ვმღეროდი და ანსამბლის სოლისტი ვიყავი. პროფესიული არჩევნის დრო რომ დადგა, სიმღერას ყურადღება ვეღარ მივაქციე და ანსამბლის დატოვება მომიხდა. სცენაზე აღარ ვიდექი და მთელი წელი ფაქტობრივად, სრულიად უსიმღეროდ გავატარე, მხოლოდ ოთახში ვღიღინებდი და ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთულად გადასატანი პერიოდი: მგონი, მომღერლისთვის ყველაზე მტკივნეულია ოთახში მარტო სიმღერა. ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ამ კუთხით რამე უნდა გამეკეთებინა, რათა წინსვლა მქონოდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, 2019 წელს მონაწილეობა მიმეღო პროექტში „მხოლოდ ქართული“. ათეულში ვერ მოვხვდი და გული ძალიან დამწყდა (იღიმის). საერთოდ ვფიქრობ, კონკურსები და პროექტები საჩემო არ არის, სხვასთან შეჯიბრება არ მსიამოვნებს, თუმცა რა იქნება მომავალში, არ ვიცი. ხალხური სიმღერის მიმართულებით პროექტი რომ არსებობდეს, დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას.

- პროექტში ბედის ცდის შემდეგ რა მოხდა?

- „მხოლოდ ქართულის“ შესარჩევ ტურზე შევასრულე სიმღერები: „შენთან“ და „ჭაღარა თბილისო“. ეს მეორე სიმღერა ეთერში არ გაუშვეს და ესეც გულდასაწყვეტია, რადგან ვფიქრობ, იქ უფრო კარგად ჩანდა ჩემი შესაძლებლობები. არა უშავს, რა მოხდა (იღიმის)... „მხოლოდ ქართულმა“ ერთი კარგი „საჩუქარი“ გამიკეთა: ერთ-ერთ კასტინგზე სანამ შევიდოდით, ბავშვებმა ხალხური სიმღერა წამოვიწყეთ. ერთ-ერთმა კონკურსანტმა მითხრა, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში არსებობდა ქართული ხალხური და საეკლესიო დირიჟორის მიმართულება, ანუ - სადაც მომავალი ლოტბარები სწავლობენ და რადგან ხალხური სიმღერა კარგად გამომდიოდა, შემეძლო, იქ ჩამებარებინა. მისმა სიტყვებმა დამაფიქრა და დიდხანს გამყვა. არ ვიცოდი, რა მექნა, რადგან უკვე ვსწავლობდი უნივერსიტეტში. პირველსავე წელს ჩავაბარე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქიმიის მიმართულებით. ქიმია მიყვარდა, მე-10 კლასიდან ვიცოდი, რომ ქიმიკოსი უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ სიმღერის სიყვარულმა გადაწონა.

- და თეატრალურში მიხვედით...

- დიახ. თავიდან ვყოყმანობდი, არ ვიცოდი, როგორ შევათავსებდი ორ უნივერსიტეტში სწავლას. ბოლოს მაინც მივიღე ჩაბარების გადაწყვეტილება. როცა უნივერსიტეტში მივედი, საგნებს ჩავუღრმავდი და იქაურობას მოვერგე, მივხვდი - ამისთვის ვარ დაბადებული და ხალხური სიმღერა ჩემთვის ყველაფერია. შეთავსება მართლაც ძალიან რთულია, მით უმეტეს, როცა გინდა, ორივე პროფესია კარგად შეისწავლო, მაგრამ შეიძლება ითქვას, პანდემიამ ხელი შემიწყო - თსუ-ში ონლაინლექციები მაქვს, ხოლო თეატრალურში, რახან პრაქტიკული საგნებია, სიარულსა და ადგილზე დასწრებას ვახერხებ. დღესდღეობით უნივერსიტეტში მესამე კურსზე ვარ, ხოლო თეატრალურში - მეორეზე. ჩვენი მიმართულების ხელმძღვანელი მაია მიქაბერიძეა.

- დათო ცინცაძეც გასწავლით?

- დიახ, დათოც გვასწავლის ხალხურ სიმღერას. ფანტასტიკური, ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული ლექტორია.

- გამიხარდა ეს შეფასება, ჩემი დიდი ხნის მეგობარია და ამას აუცილებლად დავწერ. საინტერესოა, ხალხურიდან რომელი კუთხის სიმღერაა თქვენთვის ყველაზე ახლოს? და რომელი კუთხის სამოსის მორგება გსიამოვნებთ?

- ყველა კუთხის სიმღერას აქვს თავის გამორჩეული ნიშანი, მაგრამ ვინაიდან დედითა და მამით კახელი ვარ, კახური ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. განსაკუთრებით „ურმული“ მიყვარს, რომელიც გლეხის სრულ იმპროვიზაციას ეყრდნობა და ფოლკლორის შესანიშნავი ნიმუშია. დიდ დროს ვუთმობ კახური სიმღერების შესწავლას, თუმცა პოლიფონიური თვალსაზრისით, გურული გამორჩეულია. რაც შეეხება სამოსს, ანსამბლში ყოფნისას ხევსურულით გამოვდიოდით და რატომღაც, ქალის ხევსურული ფორმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. თეატრალურ უნივერსიტეტში კი, რა კაბებითაც ვმღერით, ასე ვთქვათ, არც ერთ კონკრეტულ კუთხეს არ ერგება. ვფიქრობ, გამართლებულია ტრადიციულ სამოსთან მიახლოებული ამგვარი ფორმით სცენაზე გამოსვლა.

- ახლა იმ ვიდეოზე ვილაპარაკოთ, რომელიც რამდენიმე კვირაა სოციალურ ქსელში ტრიალებს: მოგვიყევით, სად ჩაიწერა, როდის, როგორ გავრცელდა?

- ვიდეო ახალ წლამდეა ჩაწერილი. ვინც მასზე ჩანს, კურსელები, თეატრალური უნივერსიტეტის გუნდის წევრები ვართ. ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ გადავწყვიტეთ, სუფრაზე გადაგვენაცვლა და სიმღერა იქ გაგვეგრძელებინა. ასეც მოვიქეცით, კარგად მოვილხინეთ. ძირითადად, ხალხურ სიმღერებს ვმღეროდით. ჩემს კურსელს, ვასკა იმერლიშვილს გიტარა ჰქონდა და უცბად მომინდა ინოლა გურგულიას „ძეგლად გადმომეფარეს“ შესრულება. ვიდეო ოთო გოდერიძემ გადაიღო. სიმღერის შესრულებისას კადრებში ჩანს ჩემი მეგობარი დიმა ჭითანავა, რომელსაც განსაკუთრებული ემოციები აქვს ჩემს ნამღერზე (იღიმის). ის ანსამბლ „შავნაბადას“ წევრია. ხალხურ სიმღერას როგორ ვასრულებდი, იცოდა, მაგრამ ამ ჟანრში პირველად მისმენდა და გაუკვირდა. ხალხის ნაწილის მხრიდან, უსიამოვნო კომენტარებიც წავიკითხე ჩემს მეგობარზე და ამან ცოტა არ იყოს, გამანაწყენა. როგორც ჩანს, ბევრი ვერ მიხვდა, დიმას დადებითი რეაქცია ჰქონდა თუ უარყოფითი (იღიმის). ჩემს ნამღერზე ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი. თან, ეს სიმღერა ძალიან ბევრჯერ არის შესრულებული და რატომღაც მეგონა, ისეთ კომენტარებსაც გადავაწყდებოდი, სადაც დაწერდნენ, როდემდე უნდა იმღეროთ, რით ვერ დაივიწყეთ ეს სიმღერაო, მაგრამ ასე არ მოხდა.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში კრიტიკა მეტად ჭარბობს, ვიდრე ვინმეს ქება, ამ ავტორ-შემსრულებლის მიმართ საზოგადოებას გამორჩეულად თბილი დამოკიდებულება აქვს და როგორც ჩანს, ეს განცდა თითქმის ყველა მისი სიმღერის შემსრულებელზეც ვრცელდება...

- გეთანხმებით, ინოლა გურგულიას მიმართ ქართველ მსმენელს ძალიან სათუთი დამოკიდებულება აქვს... ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ყოველგვარ კომენტარს და ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ არასასიამოვნო აზრებსაც დიდი ყურადღება დავუთმე. ყოველდღიურად, თუკი სადმე დაიდებოდა ჩემი სიმღერის ვიდეო, ყველა ახალ კომენტარს ვკითხულობდი, მგონი არაფერი გამომიტოვებია. ძალიან მაინტერესებს ხალხის აზრი ჩემს სიმღერასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველას ვერ მოეწონები, მაგრამ 90% დადებითი შეფასება იყო.

- როგორ აპირებთ როგორც ქიმიკოსის, ისე მუსიკალური კარიერის გაგრძელებას და არის თუ არა კიდევ რამე, რასაც თქვენი დრო ეთმობა?

- ვკითხულობ, ვხატავ და ამას ვუთმობ ჩემს თავისუფალ დროს. ჰობის დონეზე, ტილოზე გუაშით ვხატავ და ნახატებს ძირითადად ხალხს ვჩუქნი. ინსტრუმენტებზე დაკვრასაც ვსწავლობ. ბევრ ხალხურ ინსტრუმენტზე ვუკრავ, მათ შორისაა: ფანდური, ჩონგური, ბასფანდური, მალე დავიწყებ სვანურ ინსტრუმენტებზე დაკვრის შესწავლასაც - ეს ჩემთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს. ფორტეპიანოზე დაკვრა უნივერსიტეტში დავიწყე და ამჟამად ეს არის ჩემი ინტერესის უმთავრესი საგანი. რაც შეეხება პროფესიას, ამაზე ბევრი მიფიქრია, გულისთქმას მივყვები და მგონია, სიმღერაში უფრო წარმატებული ვიქნები, ვიდრე ქიმიაში. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი წარმატებულ ლაბორატორიაში ექსპერტიზის მიმართულებით, თუმცა ფოლკლორის კუთხით უფრო მაქვს გეგმები, ვიდრე სხვა ჟანრში განვითარებით. ბლუზი მიყვარს და ძალიან ხშირად ვუსმენ კიდეც. შეიძლება ბლუზში, რეტრო სტილში, ქალაქურ ჟანრშიც ვცადო შესაძლებლობები, მაგრამ ხალხური სიმღერა ჩემთვის იმდენად ძვირფასი და მოსაფრთხილებელია, რომ ვერც ერთი ჟანრი ვერ შემიცვლის ამ სიყვარულს და ჩემი გეგმებიც ხალხურ სიმღერას უკავშირდება. პროფესიის ძირფესვიანად შესწავლასა და გუნდის ჩამოყალიბებას, ლოტბარობას ვგეგმავ. ბავშვობაში თითქმის ყველა მღერის, სხვადასხვა ხალხურ ანსამბლში დადიან; 18 წლის გახდებიან და სრულდება სიმღერისადმი მათი დამოკიდებულება. პროფესიულად არ ინტერესდებიან და, ჩემი აზრით, ეს ვითარება შესაცვლელი და გამოსასწორებელია. ხალხურ სიმღერას ბავშვებში ალბათ მეტი პოპულარიზაცია, მეტი სიყვარულის ჩანერგვა და დაინტერესების ზრდა სჭირდება.

- ვიდეო, რომელიც გავრცელდა, სპონტანურად იყო ჩაწერილი. ხომ არ აპირებთ თქვენი სიმღერების გეგმურ ჩაწერას "ფეისბუკზე" განსათავსებლად?

- აღნიშნულ ვიდეოს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, მგონი, არ გამოვა გავჩუმდე და მხოლოდ ჩემთვის, ისევ ოთახში ვიმღერო (იღიმის). ვაპირებ შევასრულო სხვა ჟანრის სიმღერებიც, მაგრამ ფოლკლორის მიმართ სიყვარულის გამო, ვფიქრობ, უფრო მეტად ამ ჟანრს გავუწიო პოპულარიზაცია.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"