„თურქული დრონები უკრაინაში ომის მსვლელობას ცვლიან“ - კვირის პალიტრა

„თურქული დრონები უკრაინაში ომის მსვლელობას ცვლიან“

ბრიტანულ ჟურნალ „სპექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „თურქული დრონები უკრაინაში ომის მსვლელობას ცვლიან“ (ავტორი - გებრიელ გევინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით.

„საიდუმლო სამეთაურო ცენტრში ზარის ხმა ისმის. ლოკატორის ეკრანზე ჩანს, რომ კიდევ ერთი რუსული სარაკეტო დანადგარი იქცა ნამსხვრევებად და კვამლის ღრუბელში გაქრა. ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დისლოცირებული უპილოტო საფრენი აპარატების უკრაინელი ოპერატორების ქვედანაყოფი ცდილობს, რომ კრემლის ძალების წინააღმდეგ მიმართული ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანოს. მათ არსენალში ამჟამად ყველაზე ეფექტიან იარაღად თურქული წარმოების დრონები - „ბაირაქტრები“ (Bayraktar TB2) ითვლება. ისინი 160 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავენ და სამეთაურო პუნქტში ღილაკზე თითის დაჭერით სიკვდილს თესავენ. Bayraktar TB2-ების რეპუტაცია [მტრისთვის] იმდენად შიშისმომგვრელია, რომ მათზე უკრაინელები სიმღერებს თხზავენ და ვიდეოთამაშებს ქმნიან.

მსუბუქი და კომპაქტური „ბაირაქტრების“ დანიშნულება იმაში გამოიხატება, რომ თავი აარიდონ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს და რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ შეუმჩნეველნი. მათი წონა ამერიკული საფლაგმანო დრონის - „ფრიდეითორის“ (Predator) წონის ერთ მეექვსედს შეადგენს. დრონის ფრთების საერთო სიგრძე 12-მეტრია, რაც ჰაერში 30-საათიან ფრენას უზრუნველყოფს. ამ დროის განმავლობაში მას ლაზერული დამმიზნებლით აღჭურვილი ოთხი რაკეტის გაშვება შეუძლია.

16032022-1508-1647428996.58_REC.png
A Bayraktar TB2 in Cyprus (Getty)

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შემტევი (დარტყმითი) უპილოტო საფრენი აპარატები თითქმის არ აქვთ. ამის ნაცვლად ისინი იყენებენ სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავებს თავიანთი არტილერიის ცეცხლის კორექტირებისათვის. სხვათა შორის, საინტერესო ფაქტია: მაშინ, როცა ამერიკული „ფრიდეითორი“, დაახლოებით, 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი ღირს, მის თურქულ ანალოგს - „ბაირაქტარს“ სულ რაღაც 750 ათას გირვანქა სტერლინგად იყიდით.

Bayraktar TB2-ების წარმატებამ ძალიან განამტკიცა თურქეთის, როგორც უპილოტო საფრენი აპარატების ერთ-ერთი მსოფლიო მწარმოებლის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ანკარა მაინც მხარს უჭერს უკრაინას და მას დამატებითი რაოდენობის „ბაირაქტრებს“ აწვდის - იმ 20-მდე დრონის გარდა, რაც ანკარამ კიევს 2019 წლიდან მიჰყიდა. გასულ წელს რუსი გენერლებისათვის კიდევ ერთი შემაშფოთებელი ცნობა ის იყო, რომ უკრაინამ თურქეთთან კონტრაქტი გააფორმა „ბაირაქტრების“ ერთობლივი წარმოების შესახებ, პარტნიორობის ხელშეკრულების ჩარჩოებში.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთი „შეუმჩნევლად“ აიარაღებდა რუსეთის „უკანა ეზოში“ მდებარე ქვეყნებს მოწინავე აეროკოსმოსური ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქციით. ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა - ყირგიზეთმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების თაობაზე, აზერბაიჯანი კი უშუალოდ თვითონ დარწმუნდა, თუ რა შეუძლია თურქულ დრონებს და როგორია მათი დამანგრეველი ეფექტი - 2020 წელს მთიან ყარაბაღში მომხდარ ხანმოკლე ომში. პოლონეთი, ლიბია, ნიგერია და მაროკო იმ ქვეყნების სიაში შედიან, რომლებმაც ანკარასთან კონტრაქტები გააფორმეს ამ შემტევი დრონის მიწოდების მიზნით. „ბაირაქტარი“ თავისი, შედარებით იაფი ღირებულებით მიმზიდველია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც შედარებით მცირე სამხედრო ბიუჯეტები აქვთ. კიდევ ერთი პოზიტიური მომენტი, რაც თურქულ დრონებს ახასიათებთ, ისაა, რომ მათი ექსპლოატაცია საკმაოდ იოლია: სხვადასხვა ქვეყნის ოპერატორები, თავიანთი კიეველი კოლეგების მსგავსად, სიამოვნებით მართავენ დრონებს და ფრენენ ყველაზე სარისკო სიტუაციებშიც კი, როცა საჰაერო სივრცეს მტერი აკონტროლებს.

იმ კომპანიას, რომელიც თურქეთში „ბაირაქტრებს“ აწარმოებს, 42 წლის ინჟინერი სელჩუკ ბაირაქტარი ხელმძღვანელობს, მას მასაჩუსეტსის (აშშ) ტექნოლოგიური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. სელჩუკის გვარი ბაირაქტარი „მედროშეს“ ნიშნავს, იგი თურქეთის პრეზიდენტის სიძეა - ცოლად ჰყავს რეჯეფ ერდოღანის უმცროსი ქალიშვილი.

დღეისათვის თურქეთის არმიას, დაახლოებით, 140 „ბაირაქტარი“ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავისი შესაძლებლობებით ბევრად აღემატება დიდ ბრიტანეთს, რომლის დრონების ავიაპარკი მხოლოდ ათიოდე ამერიკული წარმოების Reaper-ის ტიპის უპილოტო აპარატს ითვლის, თანაც საკმაოდ ძველს - 20 წლის წინ გამოშვებულს.

„ბაირაქტარი“ მნიშვნელოვანი კომპონენტია თურქეთის არმიის თვითკმარობისა, როცა საქმე ავიაციას ეხება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ წინა წლებში თურქეთი ძალიან იყო დამოკიდებული უცხოურ იმპორტზე. ნიშანდობლივია, რომ ანკარამ დრონების წარმოება 2019 წელს დაიწყო, ანუ მაშინ, როცა ვაშინგტონმა თურქეთი საბრძოლო თვითმფრინავების - F-35-ების მწარმოებელი ქვეყნების სიიდან ამოშალა. იმ ხანებში თურქეთმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რუსული სარაკეტო-საზენიტო სისტემებიც შეიძინა.

ამჟამად მთავრდება მუშაობა ახალი უპილოტო საფრენი აპარატის - Akinc-ის („აქინჯი“-„თავდამსხმელი“) დასამზადებლად, რომელსაც უფრო ფართო შესაძლებლობები აქვს როგორც ახალი ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე - ხილვადობის, დაკვირვებისა და სამიზნეების აღმოჩენის მხრივ. Akinc-ის ახალი მოწყობილობები მნიშვნელოვნად აბრკოლებს მტრის მცდელობებს მის ჩამოსაგდებად. ერთი თვის წინ, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, სელჩუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ ახალი დრონი წარმატებით იქნა ტესტირებული. მისი თქმით, „აქინჯი“ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი იქნება თავისი კლასის გათვალისწინებით“.

რუსი ანალიტიკოსები, უეჭველია, შეშფოთებულები არიან თურქული დრონების ტექნოლოგიური სიახლეებითა და ძლიერებით, მათი კოორდინირებული შეტევის უნარით: დრონები ინფორმაციებს ერთმანეთს „უზიარებენ“, რაც იმას ნიშნავს, რომ საბორტო კომპიუტერს - ხელოვნურ ინტელექტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სამიზნე სამეთაურო ცენტრის გარეშეც შეარჩიოს და განსაზღვროს. სხვათა შორის, ამ ტექნოლოგიამ კარგად გაამართლა და შედეგიანი აღმოჩნდა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სირიელების წინააღმდეგ. როცა 2020 წელს [ბაშარ ასადის არმიამ] 33 თურქი ჯარისკაცი სიცოცხლეს გამოასალმა, თურქეთმა შური იძია და ძლიერი სარაკეტო დარტყმა მიაყენა სირიის არმიის ქვედანაყოფებს და იარაღის საწყობებს. მსგავსი ტექნოლოგიის შემუშავება დღემდე მხოლოდ ისრაელმა თუ მოახერხა.

თურქეთის შესაძლებლობა მაღალტექნოლოგიური და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია - იაფი საჰაერო შეტევის იარაღის შექმნაში კონფლიქტების ხასიათს მთელ მსოფლიოში ცვლის. დღეს თურქეთი, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების დამამზადებელ ახალ წამყვან სახელმწიფოს წარმოადგენს, უკრაინას „მაშველ რგოლს“ სთავაზობს ვლადიმერ პუტინთან ბრძოლაში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ