"რუსმა დამპყრობლებმა სკადოვსკის მერი და მისი მოადგილე გაიტაცეს" - კვირის პალიტრა

"რუსმა დამპყრობლებმა სკადოვსკის მერი და მისი მოადგილე გაიტაცეს"

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადებით, რუსებმა ხერსონის ოლქის საპორტო ქალაქ სკადოვსკის მერი ალექსანდრე იაკოვლიევი და მისი მოადგილე იური პალიუხი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„რუსი დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინაში დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი ლიდერების გატაცებას. სკადოვსკის მერი ალექსანდრე იაკოვლიევი და მისი მოადგილე იური პალიუხი დღეს გაიტაცეს. სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა მოსთხოვონ რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა გატაცებული უკრაინელი ოფიციალური პირი“, - წერს კულება.

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსმა სამხედროებმა უკრაინელი მაღალჩინოსნები გაიტაცეს. რამდენიმე დღის წინ, ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრორუდნოეს მერი ევგენი მატვეევი და მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი გაიტაცეს.