"მთავრობა რუსეთის მიერ გაჟღერებულ უკრაინის ნეიტრალიტეტის მოდელს არ იზიარებს"
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა არ იზიარებს რუსეთის მიერ წამოყენებულ იდეას, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნეიტრალიტეტის შვედური ან ავსტრიული მოდელი. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა რუსეთთან საომარ მდგომარეობაშია და უსაფრთხოების მოდელი "შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული უსაფრთხოების ლეგალურად დამოწმებული გარანტიებით და არა სხვა მოდელები ან ვარიანტები".
პოდოლიაკმა დასძინა, რომ უკრაინა არასოდეს ყოფილა მილიტარისტული სახელმწიფო, რომელიც თავს ესხმის ან გეგმავს შეტევას მეზობლებზე.
„სწორედ ამიტომ, დღეს უკრაინას სურს ჰყავდეს მართლაც ძლიერი მოკავშირეები უსაფრთხოების მკაფიოდ განსაზღვრული გარანტიებით“, - აღნიშნა მან.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უფროსმა მრჩეველმა კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნა.
IPN