იაპონია, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს "ყველაზე უპირატესი ერის" სავაჭრო სტატუსს გაუუქმებს - კვირის პალიტრა

იაპონია, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს "ყველაზე უპირატესი ერის" სავაჭრო სტატუსს გაუუქმებს

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, იაპონია რუსეთს "ყველაზე უპირატესი ერის“ (MFN) სავაჭრო სტატუსს გააუქმებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთი, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, განიხილება "ყველაზე უპირატესი ერად“ (MFN), რაც მას თანაბარ წვდომას ანიჭებს აღნიშნული ორგანიზაციის ყველა წევრის ბაზარზე და გარანტირებულია თანაბარი ტარიფები.

პრესკონფერენციაზე კიშიდამ უკრაინაში რუსეთის შეჭრას "ისტორიული სისასტიკე“ უწოდა და თქვა, რომ იაპონია გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას "დიდი შვიდეულის" ქვეყნებთან რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების გასაძლიერებლად.

კიშიდამ ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური ტოკიო კიდევ უფრო გააფართოებს აქტივების გაყინვას პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების მიმართ, დაწესებული სანქციების თავიდან აცილების მიზნით ხელს შეუშლის რუსეთს ციფრული ვალუტების გამოყენებაში და ქვეყნიდან კონკრეტული პროდუქტების იმპორტს აკრძალავს.

უკრაინელებისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდებისთვის, იაპონია ასევე ითანამშრომლებს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სააგენტოებთან.

"ინტერპრესნიუსი"