"ჩვენ საქართველოს უნდა მივაწოდოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც" - კვირის პალიტრა

"ჩვენ საქართველოს უნდა მივაწოდოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც"

საქართველოს უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, მან ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდა, რომ საქართველოს მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ.

"უნდა გავიაზროთ, რომ უსაფრთხოების არარსებობის რეალობის წინაშე ვდგავართ, რომელსაც ზეგავლენა აქვს უკრაინელ ხალხზე. ეს მათთვის გამანადგურებელია, თუმცა, ეს ასევე მეტ ზეწოლას ახდენს ჩვენი სამეზობლოს იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ არიან ნატო-ს და ევროკავშირის წევრები და არიან რისკის ქვეშ. საქართველო ერთ-ერთი მათგანია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამ შეხვედრას დაესწრო. ყველა მოკავშირემ მის გამოსვლას ყურადღებით მოუსმინა, რომელშიც მან იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც აქვს საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელმაც იხილა 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგები და რუსეთის მცდელობები ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან უნდა გამოვიტანოთ გაკვეთილი, რომ რისკის ქვეშ მყოფ ამ ქვეყნებს ახლა უნდა დავეხმაროთ. მათ ახლა უნდა დავეხმაროთ და არა სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ახლა ვხედავთ უკრაინისთვის იმ დახმარების ფასს, რომელიც მას რუსეთის შეჭრამდე მიეწოდა, თუმცა ასევე ვხედავთ იმასაც, რომ ამის გაკეთება უფრო მეტადაც შეგვეძლო უკრაინისთვის და ეს მესიჯი არის საქართველოსთვისაც. ჩვენ საქართველოს უნდა მივაწოდოთ მეტი მხარდაჭერა და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. სწორედ ამიტომ, ნატოს მოკავშირეებს მოვუწოდებ, რომ საქართველოს მხარდაჭერა აღმოუჩინონ და ეს იყო მოკავშირეთა ლიდერების მესიჯი დღევანდელ შეხვედრაზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

"ინტერპრესნიუსი"