"მე რომ ვიყო დღეს სალომე ზურაბიშვილი, რა დღესაც ევროპული სახელმწიფოების პირველი პირები გადაწყვეტენ, კიევში უნდა ჩავიდნენ, მათთან ერთად ხელიხელჩაკიდებული კიევის ქუჩებში ვიდგებოდი" - კვირის პალიტრა

"მე რომ ვიყო დღეს სალომე ზურაბიშვილი, რა დღესაც ევროპული სახელმწიფოების პირველი პირები გადაწყვეტენ, კიევში უნდა ჩავიდნენ, მათთან ერთად ხელიხელჩაკიდებული კიევის ქუჩებში ვიდგებოდი"

მე რომ ვიყო დღეს სალომე ზურაბიშვილი, აუცილებლად, ზუსტად იმ დღეს, რა დღესაც ევროპული სახელმწიფოების სხვადასხვა პირველი პირები გადაწყვეტენ, რომ ეს ის დღეა, როდესაც კიევში უნდა ჩავიდნენ, მათთან ერთად ხელიხელჩაკიდებული კიევის ქუჩებში ვიდგებოდი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, თბილისში ჩამოვიდა და ამის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კიევში ვერგაფრენის მიზეზად, ფრენების დასახელება სასაცილოა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუკი ევროპელი ლიდერები კიევში ჩასვლას გადაწყვეტენ, ჩვენი ქვეყნის ღირსების შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მათ რიგებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იყოს.

"მაშინ, როდესაც თბილისის თავზე ბომბები ცვიოდა, თბილისის აეროპორტი იბომბებოდა, თბილისის აეროპორტში დაჯდა უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი და ვიქტორ იუშენკო რუსთაველის გამზირზე, ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს ჰიმნს მღეროდა. ამიტომ, დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ უკრაინაში ფრენები არ არის და ვერ გაფრინდება ვიღაც, ძალიან სასაცილოა და სახლობანას თამაშს ჰგავს.

მე რომ ვიყო დღეს სალომე ზურაბიშვილი, აუცილებლად, ზუსტად იმ დღეს, რა დღესაც ევროპული სახელმწიფოების სხვადასხვა პირველი პირები გადაწყვეტენ, რომ ეს ის დღეა, როდესაც კიევში უნდა ჩავიდნენ, მე მათთან ერთად ხელიხელჩაკიდებული კიევის ქუჩებში ვიდგებოდი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, საქართველოსთვის, სახელმწიფოებრივი ღირსების გადარჩენისთვის, პარტნიორების შენარჩუნებისთვის და სახელმწიფოებრივი სიამაყის ჩვენებისთვის, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ არის ჩვენი მეგობარი და სად უნდა იდგეს მაშინ, როდესაც საქართველოს თავისუფლების საკითხი წყდება კიევის ქუჩებში დღეს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"