„რას გააკეთებს ჩინეთი უკრაინასთან დაკავშირებით?“ - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

„რას გააკეთებს ჩინეთი უკრაინასთან დაკავშირებით?“ - რას წერს უცხოური გამოცემა

თურქული გაზეთი „ჰაბერთურქი“ (Habertürk) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „რას გააკეთებს ჩინეთი უკრაინასთან დაკავშირებით?“ (ავტორი - ქიურშად ზორლუ).

„ერთ-ერთ სახელმწიფოს, რომლისკენაც, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ მოსკოვ-პეკინის ურთიერთობა სტრატეგიული დონისაა, ისიც ნიშანდობლივია, რომ რუსეთმა ანტიუკრაინული „სპეცოპერაცია“ სწორედ პეკინის ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაიწყო. ჩინეთი, მართალია, დასავლეთს აკრიტიკებს, მაგრამ პირდაპირ და ღია კონფრონტაციას აშკარად ერიდება. მთლიანობაში, პეკინი ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს, ხოლო უკრაინის იარაღით მომარაგების გაგრძელება დაუშვებელია. გაეროში ანტირუსული რეზოლუციისათვის ხმის მიცემის დროს ჩინეთმა თავი შეიკავა.

როგორც ამ სამი დღის წინათ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული სტატიით ირკვევა, ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის მტკიცებით, რუსეთმა, თურმე, ჩინეთს იარაღითა და სამხედრო ტექნიკით დახმარების გაწევა სთხოვა. იმავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ჯეიკ სელივანმა პეკინი გააფრთხილა, თავი დაანებოს მოსკოვის მხარდაჭერას სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯაო ლიციანმა აშშ-ის განცხადება უარყო - იარაღით დახმარების თხოვნაზე არაფერი გაგვიგიაო.

როგორც ჩინურ მასმედიაში გამოქვეყნებული მასალებით ირკვევა, გასაგები ხდება, რომ უკვე არსებობს კონტენტი, რომელიც დასავლეთის იმიჯისა და პოზიციის დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული, მაგრამ რუსეთისათვის დახმარების გაწევის საკითხში ნეიტრალური პოზიციაა შენარჩუნებული.

2021 წელს რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობა ჩინეთ-ევროპისა და ჩინეთ-აშშ-ის ვაჭრობის მხოლოდ ერთ მეათედ ნაწილს უდრიდა. თუმცა, ამ ფონზე, სულ სხვა სიტუაცია ყალიბდება გაზით უზრუნველყოფის სფეროში: ახალი მილსადენით („სილა სიბირი“), რომელიც რუსეთსა და ჩინეთს ერთმანეთთან დააკავშირებს, ციმბირიდან ჩინეთში ძალიან დიდი რაოდენობით ბუნებრივი გაზი იქნება გადატუმბული - დაახლოებით, 38 მილიარდი კუბმეტრი, 2025 წლისათვის. როცა მილსადენთა სისტემა გაფართოვდება, ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება – 2030 წლისათვის „ცისქვეშეთი“ (ჩინეთი) 50 მილიარდ კუბმეტრ რუსულ გაზს მიიღებს.

ამასთან, ექსპერტების მტკიცებით, დასავლეთი გამალებით ცდილობს, რომ რუსეთის ენერგოძლიერება შეასუსტოს და მისი გავლენა ამ სფეროშიც გაანეიტრალოს. რასაკვირველია, ასეთი სურათი სრულიადაც არ შეესაბამება ახალი ცივი ომის იმ სიტუაციას, როგორიც ვლადიმერ პუტინს აქვს წარმოდგენილი.

დღეისათვის, უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, ჩინეთი სამ კითხვაზე ეძებს პასუხს:

ა) რა გავლენას მოახდენს უკრაინის სიტუაცია ჩინეთის მიზნებსა და ორიენტირებზე ტაივანისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე სადავო კუნძულების მიმართ?

ბ) რა პოზიცია უნდა დაიკავოს რუსეთსა და დასავლეთს შორის ბრძოლაში?

გ) რა სარგებელი შეიძლება მიიღოს პეკინმა ევროპაში მიმდინარე ბატალიებით?

ჩინეთი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას: ვინ გაიმარჯვებს - დასავლეთი თუ რუსეთი? ომის შედეგები კორექტივებს შეიტანს მის მიდგომებში: როგორი წინააღმდეგობის ხაზი უნდა ააგოს ჩინეთმა აშშ-ის წინააღმდეგ?

ჩინეთის ერთ-ერთი დიდი საზრუნავი ამჟამად სასურსათო უსაფრთხოებას უკავშირდება. „ცისქვეშეთი“ რუსული ხორბლის უმსხვილეს იმპორტიორს წარმოადგენს. მართალია, 6 მარტს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა მიზნად ჩინელი ხალხის ბრინჯით უზრუნველყოფა („ჩინელის ჯამი ბრინჯით სავსე უნდა იყოს“) და უცხოეთზე მარცვლეულით დამოკიდებულების შემცირების გეგმა გამოაცხადა, მაგრამ საეჭვოა, რომ უახლოეს წლებში კომპარტიის გეგმა განხორციელდეს: საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში ჩინეთის სურსათით თვითკმარობის მაჩვენებელი სულ უფრო ეცემა და ამჟამად 80%-ზე დაბალია, ანუ ჯერ ვარდნა უნდა შეჩერდეს, მატება რომ დაიწყოს.

ამ ეტაპზე, როცა ჩინელები რუსული იაფი ენერგოშემცველების შესყიდვასა და მარცვლეულის პრობლემებზე ფიქრობენ, მათთვის სულაც არ არის მომგებიანი სანქციების წინააღმდეგ გამოსვლა, პეკინისათვის სასარგებლოა, რომ რუსეთი იძულებულია, იმედის მზერა მას მიაპყროს: პეკინისთვის ძლიერ რუსეთს დასუსტებული რუსეთი სჯობს. ამ დღეებში აზიის საინფრასტრუქტურო ინვესტიციების ბანკმა, რომელიც მსოფლიო ბანკის ალტერნატივის სახით შეიქმნა, რუსეთს და ბელარუსს... კრედიტებზე უარი განუცხადა. რაც შეეხება ჩინური UnionPay-ს სისტემით სარგებლობას რუსეთის მიერ (დასავლური Visa-სა და Mastercard-ის ბარათების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ), ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

ამრიგად, შეიძლება ველოდოთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურების შემთხვევაში, ჩინეთის ადმინისტრაცისათვის იოლი არ იქნება თავისი ამჟამინდელი პოზიციების შენარჩუნება რუსეთსა და ამერიკას შორის, ბალანსის ჩამოყალიბებაზე გავლენას მოახდენს სამივე ქვეყნის კონფრონტაცია აზია-წყანარი ოკეანის რეგიონშიც.

რაც შეეხება მოკლევადიან გათვლებს იმაზე, რომ მოსკოვი და კიევი დაზავდებიან, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა: ჩინეთი, რომელიც ცდილობს, თავის შიდაბაზარზე ნედლეულის ფასები აკონტროლოს, სტაბილურობა შეინარჩუნოს და ეკონომიკის არანაკლებ 5,5%-იან მატებას მიაღწიოს, არ ისურვებს, ღიად დაუპირისპირდეს დასავლეთს ანტირუსული სანქციების მხარდაჭერის საკითხში.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ