კამიკაძე-დრონები - ამერიკული „გასახსნელი დანით“ უკრაინელები რუსულ ტანკებს კონსერვებივით „გახსნიან“...
კამიკაძე-დრონები „მიგების“ სანაცვლოდ ანუ როგორ შეიძლება მეორადი „ტოიოტა-პრიუსის“ ფასად რუსული ჯავშანმანქანების გარანტირებული აფეთქება
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ნატომ ბოლომდე ვერ გაბედა პოლონელების „მიგ-29“-ების უკრაინისთვის გადაცემა, თუმცა, ჩემი აზრით, ბევრად უკეთესი გამოსავალი მოიძებნა, რასაც ომის დაწყებიდან მოველოდი - აშშ უკრაინაში აგზავნის ულტრათანამედროვე კამიკაძე-დრონებს, რასაც შეუძლია საბრძოლო მოქმედებებში უკრაინელებს დიდი უპირატესობა მიანიჭოს!
რას წარმოადგენს Switchblade ტიპის კამიკაძე-დრონი (რომელიც ჩვენებურად „გასაშლელ დანად“ ითარგმნება), რომლის 100 ერთეულის გადაცემა უკრაინისთვის გადაწყვიტა აშშ-მა?
ის ჩვეულებრივი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც ოპერატორი დისტაციურად მართავს, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისებით განსხვავდება საჰაერო დაზიანების სხვა საბრძოლო საშუალებებისგან.
მაგალითად, თუ რაკეტა სტარტის შემდეგ პირდაპირ სამიზნისკენ მიემართება, ხოლო საბრძოლო უპილოტო დრონი კი მართვად ბომბებსა და რაკეტებს ესვრის მიზანს და უკან ბრუნდება, კამიკაძე-დრონი ყველა ამ ფუნქციას აერთიანებს;
პირველი - მას არ სჭირდება აეროდრომი ასაფრენად, მისი სტარტი სპეციალური კონტეინერიდან ხორციელდება, შესაბამისად, მას ვერ „აშინებს“, თუკი მოწინააღმდეგე აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს მწყობრიდან გამოიყვანს.
მეორე - მოწინააღმდეგის თავზე ის რამდენიმე ათეული წუთი ბარაჟირებს ანუ წრეებს ურტყამს, სანამ მისი ვიდეოკამერის „თვალით“ ოპერატორი აიფონისხელა მონიტორზე საჭირო მიზანს აარჩევს.
მესამე - მისი აღმოჩენა მოწინააღმდეგეს გინდ ვიზუალურად, გინდ ხმით და გინდაც რადიოლოკატორის საშუალებთ, ძალზე უჭირს, რადგან კამიკაძე-დრონი მცირეგაბარიტიანია, აქვს ელექტროძრავა და დამზადებულია კომპოზიციური მასალებისაგან.
ერთია, რომ მოწინააღმდეგემ რადიელექტრონული ბრძოლის ტექნიკური საშუალებებით შეიძლება სცადოს დისტანციური კავშირის გაწყვეტა ოპერატორსა და კამიკაძე-დრონს შორის, მაგრამ დრონის დისტანციური მართვის ციფრული არხი დაცულია დაშიფვრის სპეციალური კოდით.
ამერიკული მხარე ჯერჯერობით არ აზუსტებს „გასაშლელი დანის“ რომელი მოდიფიკაციების გადაცემას აპირებს უკრაინელებისთვის.
თუკი ლაპარაკია Switchblade 300-ის მოდელზე, მაშინ ის 2,5 კგ-ს იწონის, 10კმ-მდე მიფრინავს 100კმ/სთ-ით და მიზანზე პიკირებს 160 კმ/სთ სიჩქარით.
მისი აფეთქება 40 მმ კალიბრის ავტომატური ყუმბარსატყორცნის ჭურვის აფეთქების იდენტურ შედეგს იძლევა ანუ ტანკს ვერ ააფეთქებს, მაგრამ ჯავშანტრანსპორტიორისა თუ ქვეითთა საბრძოლო მანქანის კორპუსზე ზემოდან დაცემისას მათ ჯავშანს თავისუფლად გაარღვევს.
ავღანეთის ომის ბოლო ათ წელში, 2011-დან 2021 წლამდე, ამერიკელებმა 4 ათასამდე ასეთი „გასაშლელი დანა“ წარმატებით გამოიყენეს თალიბების დაჯგუფებების მებრძოლების გასანადგურებლად.
შესაბამისად, ასეთი ერთი ცალი კამიკაძე-დრონი მხოლოდ 6 ათასს დოლარამდე ღირს, რაც 80-ათასდოლარიან „ჯაველინის“ რაკეტასთან შედარებით ძალზე ეკონომიურად გამოიყურება.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ამერიკელმა კონსტრუქტორებმა ახალი, Switchblade 600-ის მოდელი შექმნეს, რომელიც უკვე 23 კგ-ს იწონის და 40 კმ-ის რადიუსში მოქმედებს, მას ტანკსაწინააღმდეგო ფუნქციები აკისრია და ზემოდან პიკირებისას, ისევე, როგორც „ჯაველინი“, რუსულ ტანკს გადარჩენის შანსს არ დაუტოვებს...
ამერიკული „გასაშლელი დანების“ ორივე მოდიფიკაციის მასობრივი გამოყენების შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომი რაღაცით დაემსგავსება 2020 წლის ყარაბაღის ბოლო ომს, სადაც აზერბაიჯანელებმა ისრაელის წარმოების „ჰაროპის“ ტიპის კამიკაძე-დრონებით სომხების ტანკებს და სხვა ჯავშანტექნიკას შავი დღე აყარეს...