"უკრაინას ყველაზე მძიმე გამოცდა ჯერ კიდევ წინ აქვს, არ არის გამორიცხული, ასეთი გამოცდის წინაშე ჩვენც დავდგეთ"
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში მისი პრიორიტეტებია დაპირისპირების დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. „ჩემი პრიორიტეტები მოლაპარაკებებში აბსოლუტურად ნათელია. ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რეალური გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის, რეალური დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორია დღეს არსებული მოცემულობა ბრძოლის ველზე და პროცესების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი? - ამის შესახებ ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება:
- ვოლოდიმირ ზელენსკის ომის მოგების იმედი გაუჩნდა, არც ის არის გამორიცხული, რომ ზელენსკიმ ტერიტორიები დაიბრუნოს. თუმცა სიტუაცია ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუ დღეს არსებულ ვითარებას ობიექტურად შევაფასებთ, უპირატესობა უკრაინის მხარესაა, რუსეთი გაიჭედა, მაგრამ მე არ ვიცი, რა ხდება სინამდვილეში - რუსეთს ძალები აღარ ჰყოფნის და წინ ვერ მიიწევს, თუ უბრალოდ გაჩერდა და არ მიიწევს წინ.
- თუ ძალები ჰყოფნის, რატომ უნდა გაჩერებულიყო?
- შესაძლოა ახალ ტაქტიკაზე გადავიდა, რომლის შესაბამისადაც ქალაქებს ალყაში მოაქცევს, უკრაინულ ჯარს დაამშევს და მოსახლეობის ნებისყოფას გატეხს. მოსახლეობის ნებისყოფა თუ გატეხეს, ეს ჯარზე და მთავრობაზეც აისახება. თუ ეს ნამდვილად ასეა, სიტუაცია იმაზე უარესადაა, ვიდრე ჩვენ წარმოდგენა შეგვიძლია.
- გასაგებია, რომ დასავლეთმა კიდევ ერთხელ უთხრა უკრაინას უარი ცის დაკეტვაზე, მაგრამ თუ რუსეთი იქ ჰუმანიტარულ კატასტროფას მოაწყობს, დასავლეთი ისევ არ შეიცვლის პოზიციას?
- არა, იმიტომ, რომ დასავლეთს მესამე მსოფლიო ომის დაწყების ეშინია, უკრაინისთვის კი უარის თქმის საბაბი აქვს, რადგან ის არ არის ნატოს წევრი.
- რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, რომელშიც ბავშვები იყვნენ შეფარებული. ბრიტანულმა მედიასაშუალებამ სატელიტით გადაღებული სურათი გაავრცელა, რომელზეც ჩანს, რომ თეატრის წინა და უკანა მხარეს, მიწაზე, დიდი თეთრი ასოებით რუსულ ენაზე გამოსახულია სიტყვა „ბავშვები“. (უკრაინელი დეპუტატის ინფორმაციით, მარიუპოლში თეატრში არსებულმა თავშესაფარმა დაბომბვას გაუძლო და ადამიანები, რომლებიც რუსულ ავიაიერიშებს ემალებოდნენ, გადარჩნენ)
ამასთან, ამერიკელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინს საჯაროდ უწოდა სამხედრო დამნაშავე. საინტერესოა, მაშინ, როდესაც ნატო საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული რუსეთის წინააღმდეგ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს, რა პერსპექტივა აქვს ზელენსკის ინიციატივას ახალი სამხედრო კავშირის შექმნასთან დაკავშირებით?
- მესმის უკრაინელი პრეზიდენტის, როდესაც ის უნდობლობას უცხადებს მოქმედ ინსტიტუტებს და ახალი სამხედრო კავშირის შექმნის ინიციატივით გამოდის, მაგრამ ნატო იმიტომ არის ძლიერი სამხედრო ალიანსი, რომ ამერიკაა იქ. თუ უკრაინა ამერიკასთან სამხედრო ალიანსის შექმნას შეძლებს, მაგას რა სჯობს, მაგრამ დღეს სწორედ ამერიკა ვერ რისკავს რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში შესვლას. შესაბამისად, ახალი სამხედრო კავშირის შექმნა სასურველ პერსპექტივად უფრო მეჩვენება, ვიდრე - რეალობად.
- ბატონო თორნიკე, უკრაინული ქალაქების ალყაში მოქცევას საკმაოდ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დასჭირდება. ფიქრობთ, რომ სანქციებდადებული რუსეთი ამის გაკეთებას შეძლებს? გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საკუთარი ჯარისკაცების გამოკვების თხოვნით ჩინეთს მიმართა.
- დიახ, ოკუპაცია ძალიან დიდ ხარჯს მოითხოვს. რუსებმა კიევიც რომ აიღონ, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა ამით არ დასრულდება. შესაბამისად, ოკუპანტებს ძალიან დიდი ხარჯი და დანაკარგი ექნებათ, რასაც რუსეთი ვერ გაუძლებს.
- ამასთან, ალბათ, რუსულ გენერალიტეტში ბოლო დროს შექმნილი უთანხმოებაც გასათვალისწინებელია...
- დიახ, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით პუტინი ხელშეუხებელია, მას თავისი შეიარაღებული ფორმირება - "როსგვარდია" იცავს, ამიტომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა ვნახოთ, რა მოხდება. რეალურად, ჩვენ წინაშე ორი სცენარია - რუსეთი მარცხდება ან იმარჯვებს, მაგრამ ამაში ძალიან დიდი ფასის გადახდა უწევს, იმდენად დიდი ფასის, რომ, საბოლოო ჯამში, ძალიან დასუსტდება. შესაბამისად, დასკვნა ასეთია - რუსეთი ამ ომს წააგებს თუ მოიგებს, მაინც დამარცხებულია! რუსეთი იმაზე გაცილებით სუსტი უკვე არის, ვიდრე ერთი თვის წინ იყო. უბრალოდ, ჩვენ არ ვიცით, რაზე წავა ჩიხში მოქცეული პუტინი. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ აგონიაში მყოფი იმპერია კუდს აუცილებლად მოიქნევს და ეს ძალიან სახიფათო იქნება. შესაბამისად, უკრაინას ყველაზე მძიმე გამოცდა ჯერ კიდევ წინ აქვს. არ არის გამორიცხული, ასეთი გამოცდის წინაშე ჩვენც დავდგეთ.
- ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა როგორი შეიძლება იყოს და თქვენი შთაბეჭდილებით, რამდენად არის მზად ამისთვის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება?
- ჩვენ მეტი დაფიქრება და გონიერება გვმართებს. გასაგებია, არ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ სანქციები დავადოთ რუსეთს, მაგრამ არც ისეთი განცხადებების გაკეთებაა საჭირო, როგორსაც ზოგიერთი თანამდებობის პირი აკეთებს. ჯობია, ვიღაც-ვიღაცები საერთოდ ჩუმად იყვნენ და ქვეყანას იმიჯს არ უფუჭებდნენ! არ მესმის, რას ნიშნავს, ერთი ხელით რუსეთის წინააღმდეგ აძლევდე ხმას ყველა ორგანიზაციაში და უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდე და მეორე ხელით, შენსავე გაკეთებულ საქმეს აფუჭებდე.
- დღეს საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტია დაგეგმილი. თქვენი ვერსიით, რა შეიძლება იყოს ამ ვიზიტის მიზანი?
- პოლონეთი გაცილებით დაცული და ძლიერია, ვიდრე - საქართველო. შესაძლოა, პოლონელი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საქართველო შეიძლება მორიგი აგრესიის მსხვერპლი გახდეს და აქ ორმხრივი თანამშრომლობის გასაფორმებლად მოდის.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)