"აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან რუსეთის მიმართ არავითარი სანქცია არ დაწესებულა - ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს" - კვირის პალიტრა

"აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან რუსეთის მიმართ არავითარი სანქცია არ დაწესებულა - ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს"

მინდა ყველას შევახსენო, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან რუსეთის მიმართ არავითარი სანქცია არ დაწესებულა - ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებს ცალმხრივად სავიზო რეჟიმი მოუხსნა და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

„აქვე მინდა გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლეთის ლიდერებს, მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ აგვისტოს ომის შემდეგ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო ეკონომიკური პროექტები და არავითარი სანქცია, სამწუხაროდ. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. ომის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსულ კომპანიებს მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები და მოუხსნა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ეს ყველაფერი ომის შემდეგ მოხდა. შედეგად, საქართველო დღესაც ოკუპირებულია, სტატუს-კვო არ შეცვლილა, ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან, გამოწვევასთან, რომელიც დაკავშირებულია ბორდერიზაციასთან, ჩვენი მოქალაქეების გატაცება და დროებით მათი ციხეებში ჩასმა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ბევრი ტრაგიკული ფაქტიც გვაქვს მათი მოკვლის თუ გარდაცვალების. ესაა რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შესაბამისად, კარგად ვაცნობიერებთ, რამხელა ტრაგედია მიმდინარეობს ახლა უკრაინაში. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს გავაცანი აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უკრაინას უწევს ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე იქნებოდა ეს ეუთოს ფორმატში, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს ფორმატში, ყველგან მხარი დავუჭირეთ, ან ვიყავით თანაორგანიზატორი ამ რეზოლუციების, მხარი დავუჭირეთ გამოძიების დაწყებას, რომელმაც უნდა შეისწავლოს უკრაინაში ომის დანაშაულები. ამიტომ ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ცხადი და გასაგებია. ჩვენ ვართ სოლიდარულები. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, უკრაინასთან გვაკავშირებს სახელმწიფოებრივი და ხალხთაშორისი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია და ცხადია, კვლავ ვიქნებით უკრაინისადმი სოლიდარული და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ჩვენი საერთო სურვილია, ეს ომი დასრულდეს და უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

IPN