"სტინგერზე" მაგარი ანუ "სამი ერთში" უკრაინის ცის დასაცავად...
ბიუროკრატიულ ნატოსაც თურმე, როდესაც მოინდომებს, შესძლებია მეტ-ნაკლებად ოპერატიულად მოაგვაროს საქმე - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის ცის დაცვის გასაძლიერებლად, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი ნატოს ომის დაწყების დღიდან ეხვეწება, უკრაინელებს საზენიტო საშუალებები გაუგზავნოს.
ამერიკელების მორიგ 800 მლნ დოლარიან სამხედრო დახმარებაში 2 ათასს „ჯაველინთან“ ერთად, 800 „სტინგერია“, ხოლო ალიანსის ევროპელი წევრები კი უკრაინელებს იმ საზენიტო-სარაკეტო კოპმპლექსებით ეხმარებიან, რომლებც ჯერ კიდევ შემორჩა ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპელი ქვეყნების არმიების შეიარაღებაში, მათ შორის „სტრელა-10“-ის, „ოსას“ და „ს-300“-ების მობილურ საზენიტო-სარაკეტო დანადგარების სახით.
ეს უდიდესი პრობლემის - უკრაინის ცის ნაწილობრივ ჩაკეტვის, ყველაზე სწრაფი საშუალებაა, რადგან ასეთივე საზენიტო დანადგარები უკრაინელი მეზენიტეების შეიარაღებაშია და მათ გადამზადებაში ასე დეფიციტური დრო აღარ დაიკარგება.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელების დასახმარებლად კი თავისი გზა აირჩია - ის უკრაინელებს ამერიკულ „სტინგერზე“ უფრო შორს მოქმედ გადასატან Starstreak-ებს სთავაზობს, რაც ქართულად შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „ვარსკვლავური ზოლი“, უფრო მარტივად კი, მე -„სამი ერთში“ დავარქმევდი...
რატომ ასე უცნაური „სამი ერთში“, იკითხავს გაკვირვებული მკითხველი და შევეცდები ავუხსნა - „სამი ერთში“ იმიტომ, რომ ეს საზენიტო რაკეტა ფაქტობრივად, ზღაპრების გმირ გველეშაპივით „სამთავიანია“, რითაც კარდინალურად განსხვავდება „თანამოძმეებისგან“.
მაგალითად, საბჭოთა გადასატან-საზენიტო სარაკეტო კომპლექსში „სტრელა-2მ“-ში მოქმედებდა პრინციპი „გაისროლე-დაივიწყე“, როდესაც სტარტაღებული საზენიტო რაკეტა საჰაერო სამიზნის რეაქტიული ძრავის საქშენიდან გამოტყორცნილ მაღალტემპერატურიან ინფრაწითელ გამოსხივებას „მიჰყვებოდა“.
ანალოგიური პრინციპით მოქმედებს ამერიკული „სტინგერის“ რაკეტაც, რომლის მაღალმგრძნობიარე დამიზნების სისტემა თვითმფრინავის კუდში მისადევნად ან შემხვედრი კურსით „შესახვედრად“, ინფრაწითელის გარდა, ულტრაიისფერი დიაპაზონის ტალღებასაც აღიქვამს.
ბრიტანული „ვარსკვლავური ზოლი“ კი „გაისროლე-დაივიწყეს“ სქემით არ მოქმედებს - მეზენიტე მართვის მოწყობილობიდან მუდამ უნდა ასხივებდეს ლაზერის სხივს მიზანში ამოღებულ საფრენ აპარატს და საზენიტო რაკეტაც ლაზერის ამ სხივს მიჰყვება.
დიდი ზებგერითი სიჩქარის (4 ათასს კმ/სთ-ზე მეტი) განვითარების შემდეგ, რაკეტას სცილდება მის თავში დაყენებული სამი საბრძოლო ელემენტი, რომლებიც ლაზერის სხივით მუდმივად მონიშნულ თავითმფრინავსა თუ შვეულმფრენს ხვდებიან და იმის გამო, რომ ისინი ზეგამძლე ვოლფრამისგან არიან დამზადებულნი, საფრენ აპარატს „ნაფლეთებად“ აქცევენ...
ანუ მიზანში ამოღებულ საფრენ აპარატს, ერთის ნაცვლად სამი, თითოეული 900 გრამი მასის დამაზიანებელი ელემენტი ხვდება, რაც მას გადარჩენის საშუალებას არ უტოვებს.
ერთი შეხედვით ცოტა მოუხერხებლად მოჩანს, მსროლელ-ოპერატორს რაკეტის გაშვების შემდეგაც, ლაზერის სხივით სულ მონიშნული რომ უნდა ჰქონდეს მფრინავი სამიზნე, მაგრამ ძალზე სწრაფ საზენიტო რაკეტას მხოლოდ 8 წამი თუ ჭირდება 5 კმ სიმაღლეზე თვითმფრინავის ჩამოსაგდებად, მაშინ, როდესაც „სტინგერიც“ და „იგლაც“ 4 კმ სიმაღლეზეც უკვე ვეღარ შესძლებენ საფრენი აპარატის დაზიანებას. ამასთან ბრიტანული „ვარსკვლავური ზოლის“ მოქმედების რადიუსი 6 კმ-ს აღწევს, რითაც ასევე ჯაბნის თავის ამერიკელ და რუს „კოლეგებს“.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული „ვარსკვლავური ზოლის“ ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები უკეთესია, მსოფლიოში ყველაზე მეტად მაინც „სტინგერები“ და „იგლებია“ გავრცელებული, შეიძლება იმიტომაც, რომ „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპით ბევრად ადვილია მომავალი მეზენიტეების მომზადება, ვიდრე იმ სპეციალისტების, რომლებიც ვალდებულები არიან ლაზერის სხივი არ მოაცილონ დიდი სიჩქარით მფრენ საჰაერო სამიზნეს.
მაგრამ, მაინც, უკრაინელებს არ უნდა გაუჭირდეთ მსროლელ-ოპერატორების სწრაფი გადამზადება ბრიტანულ „სამთავიან“ საზენიტო კომპლექსებზე, რაც მათ მცირე ტაქტიკურ უპირატესობას მაინც მისცემს- 4-დან 5კმ-ის სიმაღლეების დიაპაზონში მფრენი რუსი პილოტები თუ თავს არხეინად იგრძნობენ იმით, რომ 4 კმ-ზე მაღლა მათ ვერც „იგლა“ და ვერც „სტინგერი“ ვერ მისწვდება, მწარედ მოტყუვდებიან - ბრიტანული „სამი ერთში“ მზადაა მათი უკრაინის ციდან „ჩამოსახსნელად“...
პ.ს. ბრიტანულ გადასატან Starstreak-ებს კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნიათ „სტინგერებსა“ თუ „იგლებთან“ შედარებით.
საქმე ის არის, რომ უკრაინის ცაში შეჭრილი რუსული შვეულმფრენებისა და მოირიშე თვითმფრინავების უმეტესობას უყენია თავდაცვის საბორტე კომპლექსი „ვიტებსკი“, რომელიც სწორედ სითბური და რადიოლოკაციური დამიზნების საზენიტო რაკეტების მოსაგერიებლადაა განკუთვნილი.
მისი მოქმედების პრინციპი მარტივად, რომ ვთქვათ შემდეგია-სისტემა ავტომატურ რეჟიმში აღმოაჩენს საზენიტო რაკეტის სტარტს მისი სარაკეტო ძრავის საქშენიდან გამოტყორცნილი მაღალტემპერატურიანი აირის ნაკადით და ააქტიურებს საფრენ აპარატზე დამონტაჟებულ პასიური თავდაცვის საშუალებებს-გამოიტყორცნება ცრუ სითბური სამიზნეები და დიპოლური ამრეკლავები, შესაბამისად სითბური და რადიოლოკაციური დამიზნების რაკეტების „მოსატყუებლად.
გარდა ამისა, ამოქმედდება ასევე აქტიური თავდაცვის საშუალებებიც, კერძოდ ლაზერის სხივის „გატყორცნა“ ხდება იმ მიმართულებით, საიდანაც სითბური დამიზნების რაკეტა უახლოვდება, რათა ლაზერის სხივმა „ამოწვას“ „სტინგერისა“ თუ „იგლას“ რაკეტის თავში განთავსებული მაღალმგრძნობიარე ოპტიკური სარკისებრ-ლინზური ობიექტივი.
უკვე არის რამდენიმე დადასტურებული ფაქტი იმისა, რომ რუსული „ალიგატორების“ „ვიტებსკის“ სისტემამ მოიგერია შვეულმფრენებისკენ ნასროლი სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტები.
თუმცა, 18 მარტის მონაცემებით რუსებმა, მაინც უკვე დაკარგეს არანაკლებ 5 ერთეული „კა-52“ ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი, რაც ფოტოვიდეო მასალით დადასტურებულია, რომ აღარაფერი ვთქვათ, ასევე კიდევ არანაკლებ 27 განადგურებულ სხვადასხვა ტიპის რუსულ შვეულმფრენზე...
იმის გამო, რომ ბრიტანული Starstreak-ის დამიზნება ლაზერული სხივით ხდება, ამ საზენიტო რაკეტის სტარტს მართალია კი დააფიქსირებს რუსული „ვიტებსკი“, მაგრამ ვერც პასიური და ვერც აქტიური თავდაცვის საშუალებებით ვერ შეაჩერებს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ, ახლო მოქმედების საზენიტო რაკეტას...