"მარიუპოლის პოლიციის შენობის დიდ სარდაფში იმალებოდნენ, ის ადგილი მერე რუსებმა დაიკავეს" - ქართველმა მამაკაცმა მეუღლე და შვილები როსტოვში იპოვა - კვირის პალიტრა

"მარიუპოლის პოლიციის შენობის დიდ სარდაფში იმალებოდნენ, ის ადგილი მერე რუსებმა დაიკავეს" - ქართველმა მამაკაცმა მეუღლე და შვილები როსტოვში იპოვა

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი, ორ კვირაზე მეტია, რუსი აგრესორების სამიზნეა. საჰაერო დარტყმებით ულამაზესი ქალაქი მიწასთან გაასწორეს. როგორც ამბობენ, მშვიდობიანი მოსახლეობის ყველაზე დიდი მსხვერპლიც სწორედ ამ ქალაქშია _ ათასობით ადამიანია დაღუპული­. მარიუპოლი ალყაშია მოქცეული, მოსახლეობას არ აქვს წყალი, ელექტროენერგია და გაზი. რუსი სამხედროები მარიუპოლში არც ჰუმანიტარულ დახმარებას უშვებდნენ. 16 მარტს აგრესორებმა მარიუპოლის თეატრის შენობაც დაბომბეს, სადაც 1200-მდე ადამიანი აფარებდა თავს. იქაურებთან კავშირი რამდენიმე დღეა, გაწყვეტილია, ოჯახის წევრებზეც კი არაფერი იციან. 5 მარტიდან ამ მდგომარეობაში იყო თბილისში მყოფი ნიკოლოზ ბურჭულაძეც,­ რომელიც ყველას დახმარებას თხოვდა. მისი ორი მცირეწლოვანი შვილი, მარიამი და დათო, დედასთან ერთად მარიუპოლში დარჩნენ.

"ბოლოს 5 მარტს ველაპარაკე. სახლში­ იყვნენ, ამ დროს მარიუპოლი დაბომბილი არ იყო, მაშინ დაიწყო აფეთქებები და სროლა, მაგრამ ქალაქიდან გამოსვლა ვერ ხერხდებოდა. სანამ ომი დაიწყებოდა, ვეუბნებოდი მეუღლეს, წამოსულიყვნენ, მაგრამ არ სჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. მერე ისეთი ვითარება შეიქმნა, ვეღარ ახერხებდნენ წამოსვლას. მარიუპოლში არიან, მაგრამ ახლა სად იმალებიან, არ ვიცით. რომ ვიცოდე, ბუნკერში არიან, ასეთ ხმაურს არ ავტეხდი. ორი დღე რომ ვერ დავუკავშირდი, მერე ავტეხე განგაში. იქ ყველა ნაცნობს შევეხმიანე, მაგრამ არავინ არაფერი იცის. სახლი ნახეს და დანგრეული არ არის, ირგვლივაც დგას სახლები, მაგრამ ბინაში მისულებს იქ არავინ დახვდათ. არსად არიან, ალბათ, იმალებიან სადმე და ვეძებთ, მაგრამ ჯერ კვალს ვერ მივაგენით. საქმის კურსშია ყველა: უკრაინის საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ქართველი მებრძოლებიც ჩავრთეთ, იქნებ მათი დახმარებით გვეპოვა ისინი. ყველა ეძებს, ყოველდღე ამოწმებენ სახლებს მარიუპოლში, მაგრამ ვერსად პოულობენ... გოგონა, მარიამ ბურჭულაძე, 8 წლის არის, ბიჭი, დავითი - 6 წლის. ყველა საელჩო მზად არის, მარიუპოლიდან ხალხი გაიყვანოს, მაგრამ არც ერთ მოქალაქეს არ აქვს ამის საშუალება. მარიუპოლში კავშირიც გაწყვეტილია. აბსოლუტურად დახშულია ყველაფერი. დღეს იმ იმედით ვცოცხლობ, რომ სადღაც ბუნკერში არიან. ყველას ვთხოვ დახმარებას. ვინც დამეხმარება, ყველასი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება. ჩათვალეთ, რომ ცხოვრებასთავიდანდავიწყებ. ეს იქნება ჩემთვის უდიდესი დახმარება," - გვითხრა ნიკამ რამდენიმე დღის წინ.

სოციალური ქსელი აჭრელებული იყო ამ ბავშვების ფოტოებით. მთელი საქართველო ლოცულობდა მათთვის და ღმერთმა ეს ლოცვა შეისმინა _ ნიკოლოზ ბურჭულაძემ 16 მარტს საღამოს, ისევ სოციალური ქსელით, საზოგადოებას აცნობა, რომ მისი ოჯახის წევრები ცოცხლები არიან და მარიუპოლიდან წამოვიდნენ. ჩვენ ისევ დავუკავშირდით ნიკოლოზს.

ნიკოლოზ ბურჭულაძე:

- ცოცხლები არიან, ჯანმრთელად და გამოაღწიეს მარიუპოლიდან. როგორც შევიტყვე, ეს დღეები მარიუპოლის პოლიციის შენობის სარდაფში იმალებოდნენ. ძალიან დიდი სარდაფი ყოფილა, სადაც 260 ადამიანი აფარებდა თავს. ის ადგილი, როგორც ჩანს, ახლა რუსებმა დაიკავეს. ხალხს იქიდან გაყვანა შესთავაზეს, მაგრამ თითქმის არავინ გაჰყვა, შეეშინდათო. ერთი ავტობუსი, 30-40 ადამიანი გაჰყვა მხოლოდ. ჩემი მეუღლე მეუბნება, გავრისკეთ, რადგან სხვა გზა არ გვქონდა, ეს დღეები სულ იბომბებოდა ქალაქი და ამ დაბომბვის ფონზე გამოვედით იქიდანო. 16 მარტს, საღამოს 8 საათზე გამოუყვანიათ და ახლა როსტოვში არიან. იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში ჩამოვლენ საქართველოში.

- მეუღლისგან გაიგეთ, რომ მარიუპოლიდან გამოვიდნენ?

- ღამით მეჯვარემ დამირეკა კიევიდან. მას მიუვიდა შეტყობინება, რომ ჩემი მეუღლის მობილური ტელეფონი ჩაირთო, მაგრამ რომ ვურეკავდი, ზარი არ გადიოდა. მერე მეორე მეჯვარემ დამირეკა - როგორც ჩანს, მეუღლემ მოახერხა მასთან შეტყობინების გაგზავნა, ყველა კარგად ვართო. დაახლოებით ნახევარ საათში მეც მომივიდა ხმოვანი შეტყობინება, ცოცხლები ვართ და როგორც კი კავშირის საშუალება მექნება, დაგიკავშირდებიო. ვერ გადმოგცემთ, რა იყო ეს ჩემთვის! მერე ღამით ველაპარაკე, დილამდე ვილაპარაკეთ. ჩემი შვილები, მეუღლე და მისი მშობლები წამოსულები არიან.

123-1647533485.jpg

- სარდაფში იყვნენ ეს დღეები?

- 5 მარტიდან იყვნენ პოლიციის შენობის სარდაფში და კავშირი იყო გაწყვეტილი. 11 დღე სარდაფში გაატარეს. როგორც მეუღლემ მითხრა, უკრაინელი სამხედროები და პოლიციელები ახერხებდნენ და მათ საჭმელ-სასმლით ამარაგებდნენ. სულ ზრუნავდნენ ჩვენზეო. მე რომ ვეძებდი, ეს ამბავიც კი მისულა იმ სარდაფამდე... როგორც ჩანს, აიღეს მერე ეს ადგილი რუსებმა. მარიუპოლში აქტიური ბრძოლები მიდის, ხან რომელ უბანში შევლენ, ხან _ რომელში, მერე უკრაინელები უკან ახევინებენ რუსებს და ასე გრძელდება... მარტო ამ სარდაფს თურმე 260 ადამიანი აფარებდა თავს, მაგრამ მათგან მხოლოდ 30-40 ადამიანია წამოსული, დანარჩენები ისევ იქ არიან. ავტობუსს თურმე გზადაგზა ამოწმებდნენ და საბოლოოდ, როსტოვში აღმოჩნდნენ.

- იქიდან თავისუფლად გამოუშვებენ?

- ეს ჯერ არ ვიცი, ის კი ვიცი, რომ ჩემები საქართველოში ჩამოვლენ, იქ არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდებიან. ახლა, ალბათ, თითოეულ პიროვნებას სწავლობენ. იქ რამდენ ხანს დააყოვნებენ, არ ვიცით.

- ბავშვები რას გიყვებიან?

- ემოციურად ძალიან დაღლილები არიან...…ქალაქი მიწასთან არის გასწორებული, მარიუპოლი აღარ არსებობსო... ჩემი მეუღლის ბებიის სახლი დამწვარია, ჩემების სახლი ჯერ დგას. ბებია ახლა სად არის, არ ვიცით. ის სხვა სარდაფს არფარება თავს და მასზე ჯერჯერობით არაფერი ვიცით. მეუღლე ამბობს, ქუჩაში ცხედრები ეყარა, ვერ ახერხებენ დაკრძალვასო. ჭამოსვლის გარდა სხვა გზა არ ჰქონდათ, ეს იყო გადარჩენის ერთადერთი საშუალება.

ეს დღეები ხომ ცუდად ვიყავი, მაგრამ ახლა ამხელა სიხარულისგანაც ცუდად ვარ. დავმუნჯდი. ვერც გადმოგცემთ ამ ემოციას. ჩემთვის ცხოვრება ხელახლა დაიწყო. მთავარია, რომ ცოცხლები არიან და უეჭველად აქ ჩამოვლენ. არც ერთ მათგანს არ უყვარს რუსები. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს დღეები ჩვენ გვერდით იდგა და გვამხნევებდა.

(სპეციალურად საიტისთვის)