„ბორის ჯონსონი - რუსეთის აგენტი?“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

„ბორის ჯონსონი - რუსეთის აგენტი?“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანულმა ჟურნალმა „სპექთეითორმა“ (The Spectator) დაბეჭდა სტატია სათაურით - „ბორის ჯონსონი - რუსეთის აგენტი?“ (ავტორი - ლოიდ ევანსი), რომელშიც გადმოცემულია, თუ როგორ დასდეს ბრალი ინგლისელმა პარლამენტარებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რუსეთის აგენტობაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის თარგმანს:

„იმ დროს, როცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საზღვარგარეთ ვიზიტით იმყოფებოდა, მის ნაცვლად დეპუტატებთან შეხვედრაზე და მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად პრემიერის მოადგილე დომენიკ რააბი მივიდა.

არის თუ არა ბორის ჯონსონი რუსეთის აგენტი? - ეს საკმაოდ უცნაური კითხვა თემთა პალატის წევრების მიერ შედგენილ კითხვების სიაში ერთ-ერთი მთავარი იყო. ეს კითხვა დასვა დეპუტატმა ანჯელა რეინერმა, რომელიც ბორის ჯონსონის მეგობარს - ევგენი ლებედევს ეხებოდა და რომელსაც, უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა პერის ტიტული მიანიჭა. დეპუტატმა გაიხსენა ევგენი ლებედევის („კაგებეს“ ოფიცრის შვილის) და ბორის ჯონსონის შეხვედრა 2020 წელს ლონდონში. „შეხვედრის დეტალები არასდროს არ გამჟღავნებულა“, - განაცხადა მან და ჩამოთვალა ისეთი დეტალები, რომელიც არავინ იცოდა. „მენიუში შამპანური და ხიზილალაც იყო“, - აღნიშნა ანჯელა რეინერმა.

დომენიკ რააბმა გაგონებისთანავე ანჯელა რეინერის ნათქვამი სისულელედ შეაფასა: „რასაც თქვენ აცხადებთ, მონაჩმახია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ.

როგორ გაიგო დეპუტატმა ეს დეტალები? განა ყველაფერი საიდუმლოდ არ მოხდა? ან იქნებ მან მოიტყუა, რომ პრემიერ-მინისტრი გაეშავებინა? ეს ხომ უწესობაა. მაგრამ სპიკერ ლინდსი ჰოილს არავითარი რეაგირება არ მოუხდენია, იგი იმით იყო დაკავებული, რომ დარბაზში კიდევ დაენახა კრიტიკოსები, რომლებიც მზად იყვნენ დომენიკ რააბთან საკამათოდ. მისი ყურადღება კონსერვატორებისადმი იყო მიპყრობილი, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად იყვნენ განწყობილნი „ბუნტისათვის“.

„თუ თქვენ შეკამათება გსურთ“, - თქვა ლინდსი ჰოილმა და მათ სპიკერის უფლება შეახსენა, „ბუნტისთავების“ დარბაზიდან გაძევების თაობაზე, - "მაშინ გარეთ გაბრძანდით და იქ იკამათეთ“. ეს ისე გამოუვიდა, თითქოსდა, მან პარლამენტის წევრებს შესთავაზა, წადით და ავტოსადგომზე იჩხუბეთო. ცხადია, ასეთი რამ პარლამენტის სპიკერის მხრიდან მაინცდამაინც მოსაწონი არ არის.

დომენიკ რააბმა ანჯელა რეინერის ბრალდებებს პასუხი გასცა და თან ისიც გაახსენა, თუ როგორ დაუჭირა დეპუტატმა მხარი ჯერემი კორბინს (ლეიბორისტული პარტიის ლიდერს), რომელიც ნატოში დიდი ბრიტანეთის წევრობის წინააღმდეგ გამოდიოდა. ლინდსი ჰოილმა სკამიდან წამოიწია და პრემიერის მოადგილეს შენიშვნა მისცა: „თქვენ არ უნდა უბრუნდებოდეთ მუდმივად 12 წლის წინ მომხდარ ფაქტს, საკუთარი თავის გამართლების მიზნით. შეეცადეთ, დაიცვათ დღის წესრიგი და წარსულის ამბებზე ნუ ჩაიციკლებით“.

ანჯელა რეინერმა თავისი გამოსვლა იმით დაასრულა, რომ ბორის ჯონსონი უცხოეთის სახელმწიფოს ნების შემსრულებლად, მარიონეტად გამოაცხადა და ბრალი იმაში დასდო, რომ „მდიდრულ ვილებში რუს ოლიგარქებთან დროს ატარებდა“. ამის საპასუხოდ დომენიკ რააბმა ჩამოთვალა ის სანქციები, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დააწესა. გაყინულია რუსეთის აქტივი, 45 მილიარდი დოლარის ოდენობით, რუბლი თავისუფალ ვარდნაშია, ხოლო რუსული საფონდო ბირჟა რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა.

ბორის ჯონსონის, როგორც მოღალატის გამომჟღავნების მიზნით, იმ დეპუტატებს, ვინც პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ინტრიგებს და ხრიკებს აწყობდა, ლეიბორისტი ჯასთინ მენერსი შეუერთდა. [მისი თქმით] 2018 წელს, როცა ბორის ჯონსონი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მან „კაგებეს“ ყოფილი აგენტი გაიცნო. მათი არალეგალური (უკანონო) შეხვედრა იმ ჩინოვნიკების გარეშე გაიმართა, რომლებიც, ჩვეულებრივად, შეხვედრების მიმდინარეობას იწერენ ხოლმე. პრემიერის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს დღის მეორე ნახევარშიც თავისუფალი დრო მისცეს.

რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი რაღაც საეჭვოდ გამოიყურება. მაგრამ მეორე მხრივ, განა რამე მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ პრემიერმა ქრთამი აიღო ან რამე უკანონო გარიგება განახორციელა? დიპლომატები სწორედაც რომ არიან დაკავებული საეჭვო უცხოელ მაგნატებთან შეხვედრებით. ამის გათვალისწინებით, დომენიკ რააბმა ჯასთინ მენერსის კითხვას არ უპასუხა და განუცხადა: „თქვენ სრულ აბდაუბდას ლაპარაკობთ“.

პრემიერის მოადგილისაკენ „უკანასკნელი ნახტომი“ ლეიბორისტმა მეთ ვესთერნმა განახორციელა. მან განაცხადა, რომ ბორის ჯონსონს ძალიან უყვარს ჩოგბურთის თამაში უცხოელ მილიარდერებთან, სადაც კორუფციული მოსყიდვებიც ხდებაო და გაიმეორა რომ ბორის ჯონსონის „ძმაკაცი“ ევგენი ლებედევი „კაგებეს“ ყოფილი მაღალჩინოსანი აგენტის ვაჟია.

ლეიბორისტები დიდ ინტერესს ამჟღავნებენ მემკვიდრეობითობის პრინციპისადმი, თუმცა მათ მიერ გატარებული პოლიტიკა ხშირად არის მიმართული ამ პრინციპის გასაუქმებლად. ამიტომაც უცნაურია მათი მოსმენა, როცა პირზე ქაფმოდებულნი დანაშაულის დეკორატიულ ატრიბუტებზე ლაპარაკობენ: „მოსყიდვა, მილიარდერები, მდიდრული ვილები, ხიზილალა და შამპანური...“. ისინი იმ წვრილფეხა დამნაშავეებს წარმოადგენენ, რომლებსაც სურთ, ნამდვილ განგსტერებს შეუერთდნენ, მაგრამ მაინცდამაინც დიდ გულმოდგინებას არ იჩენენ.

დომენიკ რააბისათვის ეს გამოსვლა გრანდიოზული იყო, მან კარგად გამოააშკარავა ლეიბორისტთა მიზნები. პრემიერ-მინისტრის მოადგილე კარგად იყო მომზადებული და აუღელვებლად ლაპარაკობდა. უნდა ითქვას, რომ მან ბორის ჯონსონის შემცვლელად საკუთარი თავი ყველაზე ძლიერ კანდიდატად გამოავლინა, ვიდრე „უზადოდ სუფთა“ რიში სუნაკმა (ხაზინის კანცლერმა - მთარგმნ.) და ლიზ ტრასმა (საგარეო საქმეთა მინისტრმა - მთარგმნ.), რომელიც მუდამ ყურადღების მიქცევას ცდილობს... თუმცა აბსოლუტურად გამარჯვებული მაინც ბორის ჯონსონი გამოვიდა, რომლის სახელი მთელი სხდომის განმავლობაში დომინირებდა. მით უმეტეს, ის იქ არც ყოფილა... წყარო

ვინ არის ევგენი ლებედევი

ევგენი ლებედევი რუსი ბანკირის, მილიარდერის, წარსულში საბჭოთა „კაგებეს“ მაღალჩინოსანი ოფიცრის - ალექსანდრე ლებედევის შვილია. იგი გაზეთების - Independent-ისა და London Evening Standard-ის მფლობელია. ევგენი მშობლებმა ლონდონში პირველად 8 წლის ასაკში ჩამოიყვანეს, როცა მამამისმა საბჭოთა კავშირის საელჩოში დაიწყო მუშაობა. როგორც იგი აღნიშნავს თავის გაზეთ Evening Standard-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „მე რუსეთის აგენტი არ ვარ“, მან განათლება მთლიანად დიდ ბრიტანეთში მიიღო: „ვამაყობ იმით, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ვარ და ბრიტანეთს ჩემს სახლად ვთვლი“.

ევგენი ლებედევი აღიარებს: „მამაჩემი მართლაც საბჭოთა „კაგებეს“ საგარეო დაზვერვის სამსახურის აგენტი იყო, მაგრამ მე თვითონ რუსეთის აგენტი არა ვარ. სხვათა შორის, მამაჩემი „კაგებეში“ მუშაობის დროს კორუფციას და უკანონო ფინანსურ გარიგებებს ეწინააღმდეგებოდა, ჩემს ოჯახს კი პრესის თავისუფლებისათვის მებრძოლის რეპუტაცია აქვს... ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ რუსული გვარ-სახელის მქონე ადამიანი აუცილებლად დიდი ბრიტანეთის მტერს წარმოადგენს. არ უნდა დავეშვათ რუსოფობიამდე, ფანატიზმამდე და დისკრიმინაციამდე.

ევგენი ლებედევმა პერის სამუდამო ტიტული და ლორდთა პალატის წევრობა 2020 წლის ნოემბერში მიიღო, დიდ ბრიტანეთში საქველმოქმედო და მეცენატური საქმიანობისათვის, აგრეთვე - მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წინაშე დამსახურებისათვის. პერობის ტიტულზე ევგენი ლებედევი პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა წარადგინა, რაც დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაადასტურა.

გასულ კვირას გაზეთი „სანდი თაიმსი“ იტყობინებოდა, რომ 2020 წლის მარტში პერობის ტიტულის მინიჭების კომისიამ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ურჩია, რომ თავი შეეკავებინა ევგენი ლებედევისთვის პერობის მინიჭებასა და ლორდთა პალატაში ადგილის მიცემისათვის (სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით), მაგრამ პრემიერმა კომისიის რჩევა ყურად არ იღო, რადგან ევგენი ლებედევი მისი მეგობარია. კომისიამ თავისი მოსაზრება უკან წაიღო. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ