"კარგად ვერ აღვიქვამთ, რუსეთში რა "ზომბი აპოკალიფსი" ხდება" - კვირის პალიტრა

"კარგად ვერ აღვიქვამთ, რუსეთში რა "ზომბი აპოკალიფსი" ხდება"

რას ურჩევს რუსეთში მცხოვრებ მეგობრებს კიევში გაზრდილი დიმუ მენაბდე

დიმუ მენაბდე კიევში გაიზარდა. დედა უკრაინელი ჰყავს, ძმა - ოჯახით კიევში ცხოვრობს. დიმუ აღნიშნავს, რომ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობისას უფრო მეტად მიკერძოებული არ არის, ვიდრე სხვა ადამიანი, ვისაც უკრაინასთან გენეტიკური კავშირი არ აქვს, რადგან რუსეთის აგრესია ინდივიდუალური საკითხი არ არის...

- უმნიშვნელოვანესია, რომ სიტუაციას, რომელშიც ახლა უკრაინა იმყოფება, ყველანი სწორად აღვიქვამდეთ. ეს მხოლოდ უკრაინის კი არა, საერთო პრობლემაა. წლების განმავლობაში, საქართველო კონკრეტული მიმართულებით, ევროპული ინტეგრაციისკენ მიდიოდა, მაგრამ როცა რეალური შედეგების ჩვენების დრო დადგა, თუ როგორ უყურებს ამ საკითხს სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის მთავრობა ნეიტრალურ პოზიციაზე დადგა. მაქსიმალურად ცდილობს, იმ პრობლემას თავი აარიდოს, რომელიც არსებობს. საბოლოოდ, ყველა მხრიდან ნეგატიურ შედეგებს მივიღებთ და შეიძლება, ისეთივე ქვეყნად ვიქცეთ, როგორიც ჩეჩნეთია, რაც მიუღებელია... დედაჩემი უკრაინელია. ჩემი ძმა ახლა კიევში ცხოვრობს, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ინდივიდუალური საკითხია: დედაჩემის უკრაინელობა და ჩემი ძმის კიევში ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ უფრო მიკერძოებული ვარ, ვიდრე ადამიანი, რომელსაც უკრაინასთან გენეტიკური კავშირი არ აქვს. რუსეთის აგრესია კონკრეტულად უკრაინის ან საქართველოს პრობლემა არაა. იგივე სიტუაციაშია ევროკავშირი... რუსეთის აგრესია არ ჩერდება. რეალურად, კონკრეტული პრობლემა კონკრეტულ მმართველობასთან გვაქვს, რისი იგნორიც საქართველოს მიერ არ შეიძლება. იქ არ დავდექით, სადაც უკრაინა დადგა - ნატოს, ევროპის გვერდით. იმ პოზიციაში დავდექით, სადაც მეგობარს უღალატეს, რომელიც წლების განმავლობაში მხარში გვიდგას. ჩვენს მთავრობას ომის დაწყებას არავინ აძალებდა, პირიქით - მოწოდება ასეთი იყო, რომ საკითხისთვის ობიექტურად შეგვეხედა და იმ ალიანსს შევერთებოდით, რომელშიც გვინდა, რომ ვიყოთ; გვეჩვენებინა, რომ მათ პოზიციას ვიზიარებთ, სიტუაციას ობიექტურად აღვიქვამთ, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენმა სახელმწიფომ სრულიად რუსული პოზიცია აირჩია. ამით უკრაინას ვუღალატეთ, რომელსაც ჩვენი პრობლემების კარგად ესმოდა და ყოველთვის მხარში გვედგა... ცხოვრებაში ბევრი სისულელე ჩამიდენია, მაგრამ ისე არასოდეს შემრცხვენია, როგორც წინა კვირის სამშაბათს, როცა ღარიბაშვილის განცხადებას ვუსმენდი, რომ ჩვენ არაფერს, არანაირ სანქციებს არ ვუერთდებით... რუსულ ენას კარგად ვფლობ. ვეცნობი რუსულ საინფორმაციო გამოშვებებსაც, ქართულსაც, ევროპულსაც... მოკლედ, ყველაფერს თვალყურს ვადევნებ. რუსულ არხებზე ზუსტად იმავენაირი პროპაგანდისტული განცხადებები კეთდება - "ფაშისტურ" ევროპულ სანქციებს არ შევუერთდეთ. ეს თქვენი ომი არ არის, ფაშიზმზე ოპერაციააო, რაც სრული აბსურდია. მსგავსი აზრი იმ მთავრობისგან რომ გესმის, რომელიც შენს ქვეყანას მართავს, ძალიან სამწუხაროა.

- ახლახან სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ რუსების მომსახურებასთან დაკავშირებით, კომპანია, რომელშიც მუშაობთ, ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებდა, თუმცა რუსი სტუმრები რომც შემოეშვათ, თავად იზრუნებდით, რომ საღამო უსიამოვნოდ გაეტარებინათ. ამ განცხადების გამო, სამსახურში პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?

- არა, არავითარი პრობლემა არ შემქმნია. მიმაჩნია, რომ დროა, რუსებმაც გაიგონ ის პრობლემები, რაც გააჩნიათ და თავად მოაგვარონ. ბევრმა მეგობარმა მთხოვა - საქართველოში ჩამოვალ და დამეხმარეო. ვუთხარი, - ვერა-მეთქი და ყველას ავუხსენი: თქვენ არ უნდა ჩამოხვიდეთ, თქვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას უნდა მიხედოთ-მეთქი, რადგან ეს ადამიანები თუ რუსეთიდან წავლენ, იქ მხოლოდ ის ხალხი დარჩება, ვინც პრობლემას არ გადაწყვეტს. ამიტომ ჩემი პოზიციაა, რომ რუსეთიდან ჩამოსული ადამიანების (რომლებმაც რეალურად, რუსეთში ცვლილება უნდა მოახდინონ) შეფარებაზე უარი ვთქვათ... ჩემს "პოსტს" რაც შეეხება, კომპანიის სახელით ვერ ვილაპარაკებ. ამიტომ ჩემი აზრი ამ ფორმით დავაფიქსირე. ჩემი, როგორც მზარეულის მხრიდან ალბათ, არაპროფესიონალური იქნება, რომ ვიღაცას ცუდი საჭმელი მოვუმზადო, მაგრამ რუსეთიდან გამოქცეული ადამიანებისთვის მომსახურება სიამოვნებას არ მანიჭებს და "პოსტით" ამ აზრის დაფიქსირება მსურდა. მიმაჩნია, რომ ყველა ამ პოზიციაზე უნდა დადგეს. პირველ რიგში, მესიჯი ისაა, რომ ამ საკითხს ისევ სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება და კანონი შემოიღოს, რომ რუსებს არ მოვემსახურებით რესტორნებში, არ გავუხსნით საბანკო ანგარიშებს... რაც ევროპაში ხდება, აქაც იგივე უნდა ხდებოდეს.

- რუსი მეგობრები თქვენს ახსნა-განმარტებას, თუ რატომ არ უმასპინძლებდით, როგორ შეხვდნენ?

- გაგებით. მეც გაგებით შევხვდი, როცა შეფარებას მთხოვდნენ, მაგრამ ჩემი პასუხი რადიკალური "არ შეგიფარებ" არ ყოფილა. დიდხნიანი დიალოგი გვქონდა. განვიხილეთ საკითხი, როგორ უნდა მოიქცნენ. უმეტესობა მირეკავდა: ახლა რა გავაკეთო, როგორ მოვიქცეო? ანუ "დაკარგულები" არიან... რუსეთის მოსახლეობის ნაწილი არსებულ სიტუაციას პრობლემად აღიქვამს, ყველაფერს ობიექტურ ჭრილში ხედავს - აცნობიერებს, რომ პუტინი დიქტატორია. როცა მეგობრებმა რუსეთიდან რჩევისთვის დამირეკეს, ჩემი პოზიცია გავუზიარე: ახლა იმ ქვეყნიდან გაქცევა, სადაც თითოეული ხმის ამომღები მნიშვნელოვანია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება-მეთქი... ჩვენ კარგად ვერ აღვიქვამთ, რეალურად, რუსეთში რა "ზომბი აპოკალიფსი" ხდება. წლების განმავლობაში, ადამიანებს ტელევიზორით, რადიოთი ტვინს სერიოზულად ურეცხავდნენ. რუსეთში მცხოვრები ხალხის დიდ მასას მართლა სჯერა, რომ პუტინი ლამის წმინდანია და იქ მათ საშველადაა. თან ჰგონიათ, რომ რუსეთზე კარგი არაფერი არსებობს, რადგან არც თავიანთი ქვეყნიდან გასულან არასოდეს, ტელევიზორშიც სხვას არაფერს უჩვენებენ და ეუბნებიან... მართლა "ბაბლში" ცხოვრობენ. რთული წარმოსადგენია, რომ სხვა ინფორმაციას არ იღებენ. პირადად მე, ისეთ ადამიანთან მიმუშავია, რომელსაც უთქვამს, - ოსეთიდან ვარო. - ოსეთი საქართველოა-მეთქი, რომ ვუთხარი, წარმოდგენა არ ჰქონდა, რაზე ვსაუბრობდი. ასეთ ინფორმაციულ ვაკუუმში მცხოვრებ ხალხს ერთი ადამიანი რომ ეუბნება, - თქვენი სამშობლო ვიღაც ფაშისტებისგან უნდა დავიცვა უკრაინაშიო, კითხვები არ უჩნდება. უკრაინაში ფაშისტები - რამხელა აბსურდია!.. ამიტომ, თუკი რუსეთიდან ყველა გაიქცევა, ვისაც ხმის ამოღება, რეალური ინფორმაციის მიღება-გავრცელება შეუძლია, დარჩება ქვეყანა, რომელშიც მხოლოდ პუტინის მომხრეები იცხოვრებენ და არც საპროტესტო აქციები ჩატარდება...

კიევში გავიზარდე. უკრაინა ნახევრად რუსულად მოლაპარაკე საზოგადოებაა. ტელეგადაცემებში სტუმრების ნახევარი ჟურნალისტის მიერ უკრაინულ ენაზე დასმულ შეკითხვას რუსულად პასუხობს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამის გამო პრობლემა არასოდეს ყოფილა. ამ დროს გამოდის ადამიანი და ამბობს, - უნდა დავიცვა ხალხი, რომელიც ჩვენს ენაზე ლაპარაკობსო. გარკვეული დოზით, ასეთ საშიშროებას რუსების საქართველოში გადმოსახლება ქმნის, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ეს არ არის, რადგან ეს რუსეთის ბოლო ნაბიჯებია: ისეთი ფორმატით, როგორც აქამდე არსებობდა - დამპყრობელი, მსოფლიო ეკონომიკაში ძლიერი, ვეღარ იარსებებს. ახლა რუსეთისთვის ისტორიული გარდატეხაა. აშკარაა, ეკონომიკა უკვე დაენგრა - ეს შეუქცევადი პროცესია... დიდი სურვილი მაქვს, რუსეთი დაიშალოს, რადგან მის ბევრ რეგიონს დამოუკიდებლად არსებობის რესურსი აქვს და ტერორში არ უნდა ცხოვრობდეს... ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს განვითარებას ხელს უშლიდა, რუსეთია. ეს იმპერია ჩვენი მუდმივი პრობლემა იყო: ჯერ საბჭოთა კავშირით, მერე ყველანაირი რესურსით ცდილობდა, რომ საქართველოში არ ჩამოყალიბებულიყო განათლებული, განვითარებული საზოგადოება. რუსეთის მმართველობის ერთადერთი სისტემა ხალხის დაშინებაა.

ახლა არის სიტუაცია, საქართველო შევა თუ არა ევროკავშირში, ნატოში. არავინ დარჩა, ვინც საქართველოს წინსვლაში ხელს შეუშლის. დიდი სურვილი მაქვს, ასეთ დროს ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია მკაფიო იყოს, რომ წინ მივდივართ და არა - ისევ რუსული იდეოლოგიისკენ, რადგან ომის გვეშინია. ვინც რუსეთს ესაზღვრება, ახლა ომის ყველას ეშინია, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ არაობიექტური განცხადებები აკეთო... სამწუხაროდ, საქართველოში, რუსეთის მსგავსად, ტვინის გამორეცხვის პრინციპი მოქმედებს. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი რუსული ბაზრის გახსნის მომხრეა. რეალურად, ამ უბრალო ადამიანებისთვის ევროკავშირის ბაზართან კომუნიკაცია რთულია, რადგან მაინც საბჭოთა კავშირში გავიზარდეთ, საქართველოში რუსული ენა უფრო "ახლოსაა" - უმეტესობას ესმის. როცა საკითხი დგება, რომ ევროპასთან კომუნიკაცია გვქონდეს, ადამიანი მაშინვე პრობლემას ეჯახება - ენა არ იცის, არც - კულტურას იცნობს, ვერ აღიქვამს, ბაზარზე როგორ უნდა შევიდეს.

მესმის, საქართველოში ცუდი სიტუაციაა - სიღარიბის ზღვარზე უამრავი ადამიანია, ვინც თავიანთ სამსახურში, ბიზნესში, მეურნეობაში დიდ რესურს დებს, მოგება კი ცოტა აქვს. ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი იშოვოს. ამ ადამიანებისთვის რუსული ბაზრის გახსნა რთული სიტუაციიდან გამოძრომის მარტივი გასაღები იყო, მაგრამ ახლა პრინციპული საკითხია: ცოტა ხნით ფინანსური მდგომარეობა გვერდზე გადავდოთ და პრინციპებზე დავფიქრდეთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჰუმანური პრინციპებია. უკრაინაში ადამიანებს ყველანაირი მიზეზის გარეშე ხოცავენ, ჩვენ კი აქედან ვიძახოთ, რომ ვერაფერს გავაკეთებთ?.. რამდენი წელი "კერასინკებით", უშუქოდ ვცხოვრობდით, ყველაფერი გვინახავს, გამოგვიცდია. ცოტა ხანს კიდევ ასე რომ ვიცხოვროთ სამომავლო კეთილდღეობისთვის, მგონი, ამასთან დაკავშირებით, პრობლემა არავის უნდა ჰქონდეს... ყველა ერთ აზრზე უნდა დავდგეთ. აბსოლუტურად სულერთია, ქვეყნის საჭესთან რომელი პოლიტიკური პარტია დადგება. სასწრაფოდ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ის განცხადებები გაკეთდეს, რასაც ჩვენი ქვეყნის პარტნიორები ელოდებიან.... რაღაცები კონკრეტულად ახლაა გასაკეთებელი...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"