"ღია ბარათი სტალინვილიდან: რატომ ხუჭავს თვალს "ბნელი ტურიზმი" ისტორიაზე გორში" - რას წერს "The Daily Telegraph"?
„პატარა ქართულ ქალაქში - გორში სამი ბიჭუნა მამას - საუდის არაბეთის სამეფოს სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარ ოფიცერს - აბდულა ალშეხრს ეხუტება და სელფს იღებს. მათ უკან იოსებ სტალინის ძეგლი დგას.
„ჩემმა შვილებმა უნდა იცოდნენ მისი სამხედრო დამსახურება, ვინ იყო და რა გააკეთა“, - ამბობს აბდულა და სახლ-მუზეუმისაკენ მიანიშნებს მისამართით - იოსებ სტალინის ქუჩა, 32“. იგი აგრძელებს: „ვფიქრობ, რომ მისი მმართველობის პერიოდში დაიხოცა... მგონი, 20 მილიონი ადამიანი? დიახ, მაგრამ მე მხოლოდ სტალინის ბნელ მხარეს არ ვუყურებ, მის პიროვნებაში ნათელ მხარესაც ვხედავ“. აბდულა დარბაზში შედის, სადაც იგი საბჭოთა ბელადის დიდებულ პორტრეტებს და საჩუქრებს დაინახავს, დიქტატორის პოეზიის ქება-დიდებას მოისმენს...“, - ასე იწყება ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ღია ბარათი სტალინვილიდან: რატომ ხუჭავს თვალს „ბნელი ტურიზმი“ ისტორიაზე გორში“ (ავტორი - ჯემს ფულერტონი).
პუბლიკაციაში გადმოცემულია იოსებ სტალინის ბიოგრაფიული ცნობები. აღნიშნულია, რომ ახალგაზრდობაში იგი სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას დაუკავშირდა და, რუსეთის საიმპერიო ბანკების ძარცვის გზით, ბოლშევიკებისათვის საჭირო ფულს აგროვებდა. იოსებ სტალინი საბჭოთა სახელმწიფოს „რკინის ხელით“ მართავდა, მისი ბრძანებით, უამრავი ადამიანი დასაჯეს, დახვრიტეს და გადაასახლეს. მილიონობით რეპრესირებული დაიღუპა იძულებით სამუშაოებზე „გულაგებში“, კოლექტივიზაციის ძალადობრივად განხორციელების შედეგად.
„და მაინც, გორში საბჭოთა დიქტატორს პატივს სცემენ და გმირის სტატუსს უნარჩუნებენ. ძეგლისა და მისი სახელობის მთავარი ქუჩის გარდა, ბელადის პორტრეტები ყველგან ჰკიდია, რესტორნებშიც კი. გორში იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი, რომელიც 1957 წელს გაიხსნა, მხოლოდ ერთ წელიწადში - 2019 წელს, 175 ათასმა მნახველმა დაათვალიერა. მათგან ბევრი ე.წ. „ბნელი ტურიზმის“ მარშრუტების თაყვანისმცემელი გახლდათ.
ბევრი გორელისათვის სტალინის გადაჭარბებული ქება-დიდება სულ უფრო უხერხული ხდება. აშკარად იგრძნობა, თუ როგორი ნაპრალია გაჩენილი პროევროპული ორიენტაციის მქონე ქართველ ახალგაზრდებსა და უფროს თაობას შორის, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს პრორუსული ორიენტაცია აქვს. თაობებს შორის კულტურული მემკვიდრეობის აღქმაში განსხვავება განსაკუთრებით 2010 წლიდან შეინიშნება, როცა მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით, გორის ცენტრში მდგარი სტალინის უზარმაზარი ქანდაკება აიღეს. ბელადის თაყვანისმცემლები დღემდე მოითხოვენ ძეგლის დაბრუნებას თავის ძველ ადგილზე.
რუსეთის არმიის თავდასხმამ უკრაინაზე კიდევ უფრო გაამძაფრა დიქტატორისადმი დამოკიდებულება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველო უშუალოდ ესაზღვრება რუსეთს, მაშინ გასაგები გახდება ბევრი ქართველის შეშფოთება: ვლადიმერ პუტინის ტერიტორიული ამბიციები შესაძლოა მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლოს და მზერა კვლავ საქართველოს მოაპყროს, 2008 წლის მსგავსად, როცა კრემლმა ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაცია განახორციელა“, - წერს „დეილი ტელეგრაფი“.
ავტორი ესაუბრება გორელ სტალინისტებს და ანტისტალინისტებს - 54 წლის ალექსი მიქელაშვილს, რომელიც ხაზს უსვამს იოსებ სტალინის დამსახურებას მეორე მსოფლიო ომში გერმანელ ფაშისტებზე გამარჯვების საქმეში და 79 წლის ნაზი სტეფანიშვილს, რომელიც ლაპარაკობს სტალინის მიერ შექმნილი საბჭოური ცხოვრების სიკეთეზე, როცა ყველაფერი მშრომელებისათვის იყო განკუთვნილი, უფასო სამედიცინო მომსახურებაზე. მას თავისი მცირე მუზეუმი აქვს მოწყობილი ბელადის სურათებით. ანტისტალინისტი, 28 წლის გიდი ჟანა ოდიაშვილი კი ტურისტებს სტალინის სახლ-მუზეუმის ნაცვლად იმ შენობების კედლებს აჩვენებს, რომლებიც ტყვიებით არის დაცხრილული 2008 წლის ომის დროს. რუსი ჯარისკაცების ქალაქში შესვლის მომენტში ჟანა ბავშვი იყო, როცა ხედავდა, თუ როგორ პატრულირებდნენ ისინი ქალაქში.
„მე ომის მსხვერპლი ვარ. მე სტალინს თაყვანს არ ვცემ“, - ამბობს იგი. სხვათა შორის, ჟანა ოდიაშვილი ხელმძღვანელობდა კამპანიას გორში სტალინის გამზირის სახელის გადარქმევის თაობაზე თავისუფლების გამზირად. ამასთან, იგი არ თვლის სწორად მუზეუმის დახურვას და ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, რომ მუზეუმში მეტი სიმართლე და ობიექტურობა ჩანდეს.
იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის მოწინააღმდეგეების აზრით, საბჭოური სისტემის გაქრობის მიუხედავად, მუზეუმის იდეოლოგია არ შეცვლილა, მისი ადმინისტრაცია ისტორიულ სინამდვილეს უარყოფს, ცოტაა კრიტიკული ექსპონატები. სურათებზე სტალინი ბავშვებს გულში იხუტებს და უყვარს, მისი პატიმრობაში ყოფნა იდეურ და კეთილშობილურ პოლიტიკურ გზად არის წარმოჩენილი, მისი საქმიანობა მხოლოდ მშრომელებზე ზრუნვას ასახავს და ა.შ.
როცა მუზეუმის კურატორს - ქეთევან ახობაძეს ეკითხებიან, თუ რატომ არ არის ასახული სტალინის სისასტიკე, იგი გვაჩვენებს ოთახს, სადაც რეპრესირებული ცნობილი ადამიანების ფოტოსურათებია, სადაც იძულებითი შრომის ბანაკებია („გულაგ“) ასახული, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა ბელადის განდიდების ფონზე, დაგვიანებულიც კი. „იცით, პოზიციათა სხვადასხვაობა არსებობს, - ამბობს ქეთევან ახობაძე, - როცა აქ პოლონელი ებრაელები იყვნენ ჩამოსულნი, მათ თქვეს, რომ იოსებ სტალინს მხსნელად, ფაშიზმისაგან გადამრჩენელად თვლიან“.
ლაშა ბაქრაძის, თბილისის ლიტერატურული მუზეუმის დირექტორის აზრით, კარგი იქნება, თუ სტალინის სახლ-მუზეუმი ტოტალიტარული სისტემების შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრად გადაიქცევა.
პუბლიკაციის ავტორი იმყოფებოდა გორის ჩრდილოეთით, 20 კილომეტრზე არსებულ სოფელ ერგნეთშიც, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის დროს ამ სოფელში 100-მდე სახლი დაიწვა, დაიღუპა ბევრი მშვიდობიანი მცხოვრებიც. იგი ესაუბრება ერგნეთელ მოსახლეს, 69 წლის ლია ჩლაჩიძეს, რომლისთვისაც იოსებ სტალინი არააქტუალურ პიროვნებას წარმოადგენს. მას თავისი სახლის სარდაფში მცირე მუზეუმი აქვს მოწყობილი, რომელიც რუსეთთან ომის ექსპონატები - ფოტოსურათები, ტყვიები, დამწვარი სათამაშოები აქვს გამოფენილი.
„აქ ხალხი მუდმივად შიშში ცხოვრობს, ხშირად ვავლებ ხოლმე პარალელს ჩვენსა და უკრაინელების მდგომარეობას შორის“, - ამბობს ლია ჩლაჩიძე, რომლის აზრით, რუსეთის მიერ უკრაინის შესაძლო ოკუპაციამ შეიძლება ვლადიმერ პუტინისათვის საქართველოში ისევ შემოჭრის დაჩქარება გამოიწვიოს. „ახლა სტალინზე და მისი პიროვნების კულტზე ნოსტალგიის დრო არ არის, უკვე სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ. მტერი ჩვენ წინაშე დგას“, - ერგნეთელი ქალის მიერ ნათქვამი ამ სიტყვებით მთავრდება „დეილი ტელეგრაფის“ სტატია.