ბიოლოგიური იარაღის შესაძლო პერსპექტივები: ბაქტერია ამარცხებს ტანკს - კვირის პალიტრა

ბიოლოგიური იარაღის შესაძლო პერსპექტივები: ბაქტერია ამარცხებს ტანკს

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში საერთაშორისო ორგანიზაციები, უპირველესად კი გაერო, ცდილობდნენ აეკრძლათ მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება, შენახვა და გამოყენება. ამიტომაც, თითქმის ყველა დიდი ქვეყნა ბიოლოგიური იარაღის შექმნის გეგმებს და სამეცნიერო-კვლევით სამუშაობს მაქსიმალურად ასაიდუმლოებდა. თუმცა მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარება ისე შორს წავიდა, რომ ცალკეულ ადამიანებს ან რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს უკვე მიუწვდებათ ხელი ბიოლოგიური იარაღის წარმოებასა ან შეძენაზე. ერთ-ერთმა პირველმა საგანგაშო ზარმა 1972 წელს აშშ-ში ჩამოჰკრა, როდესაც მემარცხენე რადიკალურმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა “საზიზღარი ამერიკელი კაპიტალისტების” ერთიანად გაწყვეტა. ამ “დიადი” მიზნის მისაღწევად მათ შეიმუშავეს სასმელი წყლის რეზერვუარების და სახნავ-სათესი ფართობების ტიფის, ციმბირის წყლულის, დიზინტერიის და სხვ. მიკრობებით მოწამვლის დეტალური გეგმები. ფართომასშტაბიანი ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით. ტერორისტების ნაწილი დააკავეს, ნაწილმა კი კუბელ დიქტატორ ფიდელ კასტროსთან მოასწრო გაქცევა.

1984 წელს აშშ-ის ინდიელთა ერთ-ერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ “რეინიშ კალტმა” ორეგონის შტატის რამდენიმე ქალაქში სალმონელას მიკრობები გაავრცელა. საინტერესოა, რომ ტერორისტები დაუბრკოლებლივ შედიოდნენ რესტორნებისა და კაფეების სამზარეულოებში და მიკრობებს პირდაპირ საჭმელში ყრიდნენ. შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაავადდა. 1999 წელს ამერიკელმა ლარი ჰარისმა, რომელსაც ფსიქიკასთან ჰქონდა პრობლემები, შეადგინა გეგმა თუ როგორ გაევრცელებინა თვითმფრინავის გამოყენებით ციმბირული წყლულის და შავი ჭირის ვირუსები. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დაწესებულებებში გახშირდა ციმბირული წყლულის ბაქტერიებით მოწამლული წერილების და საფოსტო გზავნილების აღმოჩენა. ამ პერიოდში დაფიქსირდა ციმბირულ წყლულიანი წერილების გაგზავნის 12 შემთხვევა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაავადდა. აშშ-ის სპეცსამსახურების ვარაუდით ბაქტერიების და ვირუსების შტამები ერაყის ან კუბის სპეცსამსახურების საიდუმლო ლაბორატორიებში იყო მიღებული. მათგან კი “ალ-ქაიდას” და სხვა ტერორისტული ორგანზაციების ხელში აღმოჩნდა.

1987 წლისთვის საბჭოთა კავშირში ბიოლოგიური იარაღის წარმოების საიდუმლო პროგრამებზე მუშაობდა ათზე მეტი ინსტიტუტი და ლაბორატორია, სადაც 15 000-ზე მეტი კაცი იღწვოდა ბიოიარაღის სამრეწველო ტექნოლოგიების და მოწყობილობების შექმნაზე. ბიოიარაღის მწარმოებელ მხოლოდ ერთ-ერთ ცენტრში (კერძოდ ზაგორსკ-6), 1980-იანი წლების ბოლოს “ყვავილის” მიკრობების 20 ტონიანი მარაგი ჰქონდათ. ხოლო სვერდლოვსკის საიდუმლო ლაბორატორიებში ყოველწლიურად 200 კგ-მდე “სუპერ შავი ჭირის” ბაქტერიები შეეძლოთ ეწარმოებინათ, რაც საკმარისი იყო 5 მლნ ადამიანის გასანადგურებლად. ეს ციფრები განსაკუთრებით საბჭოთა გენერლების გულებს ახარებდა. მათ ისიც გაიანგარიშეს, რომ მოწინააღმდეგის ქალაქის თავზე ჩამოგდებულ ციმბირის წყლულის ბაქტერიებით დატენილ 50 კგ-იან ჭურვს 20 კვ. კმ ტერიტორიაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმის დაავადება შეეძლო.

საბჭოთა “პერესტროიკა” ძალას იკრებდა და სამეცნიერო კონტაქტები უფრო და უფრო ხშირი ხდებოდა. “რკინის ფარდის” მოხსნამ საბჭოთა იმპერიას ბევრი პრობლემა შეუქმნა.

1989 წელს ლონდონში გაიქცა საფრანგეთში სამეცნიერო მივლინებაში მყოფი ლენინგრადის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვლადიმერ პასეჩნიკი, რომელმაც საბჭოთა ბიოიარაღის მთელი საიდუმლო ბრიტანელებს და ამერიკელებს გადასცა.

2-1647593529.png
ვლადიმერ პასეჩნიკი

ვლადიმერ პასეჩნიკი, დაიბადა 1937 წელს სტალინგრადში. ლენინგრადის ტექნიკური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მუშაობდა ლენინგრადის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. თემატიკა საკმაოდ ფართო იყო: რადიოქიმია, მოლეკულური ბიოლოგია, ონკოლოგიური დაავადებები და სხვ. 1974 წელს თავდაცვის სამინისტროს წინადადებით და მათი დაფინანსებით პასეჩნიკმა ლენინგრადში შექმნა განსაკუთრებით სუფთა ბიოპრეპარატების ინსტიტუტი. 1981 წლისთვის ამ ინსტიტუტის მხოლოდ სპეცლაბორატორიებში 400-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა. მათი ძირითადი ამოცანა იყო საარტილერიო ჭურვებში ბაქტერიების და მიკრობების “ჩატვირთვის” პრობლემების გადაჭრა. პროფესორ პასეჩნიკს 1988 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. 1989 წლის ოქტომბერში საფრანგეთში სამეცნიერო მივლინებაში ყოფნის დროს დაუკავშირდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ის სასწრაფოდ ლონდონში გდაიყვანეს. ინგლისში აგრძელებდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა 2001 წელს.

ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და პარალელურად “რკინის ლედიმ” მარგარეტ ტეტჩერმა და გერმანიის კანცლერმა ჰელმუტ კოლმა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი მწვავე კითხვებით კუთხეში მოიმწყვდიეს.

“პრესტროიკის არქიტექტორი” ამის შემდეგ იძულებული გახდა მცირე ხნით მართლაც შეეჩერებინა ბიოიარაღის სამეცნიერო და საწარმოო პროგრამები, რომელთა საიდუმლო კოდური სახელწოდება იყო “ფერმენტი”.

საბჭოთა პრეზიდენტმა ამ საიდუმლო განკარგულებას 1990 წლის 5 დეკემბერს მოაწერა ხელი. საბჭოთა კავშირის ოფიციალური განცხადება ბიოლოგიური იარაღის წარმოების სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო პროგრამების შეჩერების შესახებ მორიგი საბჭოთა ტყუილი აღმოჩნდა. რადგანაც სამხედროები, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს მე-15 მთავარ სამმართველოს უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ევსტიგნეევის ხელმძღვანელობით მუშაობას მაინც აგრძელებდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არალის ზღვაში მდებარე კუნძული ვოზროჟდენიე ორი სუვერენული სახელმწიფოს – ყაზახეთის და უზბეკეთის ტერიტორიულ საზღვრებში მოექცა. რუსეთმა კუნძულიდან ყველა დოკუმენტაცია, აპარატურა და მასალები თავის ლაბორატორიებში გადაიტანა. ხოლო საიდუმლო ბიოლოგიური ლაბორატორიის და პოლიგონის მუშაობის ამსახველი საარქივო მასალები ყაზახეთის და უზბეკეთის ხელისუფლებას არც კი გააცნო.

ამიტომაც ამ კუნძულიდან მიწაში ჩამარხული ციმბირული წყლულის და შავი ჭირის შტამების გავრცელების საშიშროება ძალზე რეალური იყო. მეცნიერები შიშობდნენ, რომ ფრინველებს და მღრღნელებს შეეძლოთ ეს შტამები მატერიკზე გადაეტანათ. ამის მიუხედავად, ამ ორი შუა აზიური სახელმწიფოს ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზების გამო დიდი ხნის მანძილზე თავს არიდებდა უსაფრთხოების აუცილებელი ზომების მიღებას. ყველაფერი მორიგმა გაქცევამ შეცვალა.

1990-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში გაიქცა საბჭოთა სამხედრო-ბიოლოგიური კვლევების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ინსტიტუტ “ბიოპრეპარატის” დირექტორის მოადგილე, ყაზახი პროფესორი კენატჟან ალიბეკოვი მან კუნძულ ვოზროჟდენიეს და სტეპნოგორსკის საიდუმლო სამეცნიერო-საწარმოო პროგრამები ამერიკის ხელისუფლებას გაუმხილა.

3-1647593600.jpg
კენატჟან ალიბეკოვი

კენატჟან ალიბეკოვი, დაიბადა 1950 წელს ყაზახეთში. 1975 წელს დაამთავრა ტომსკის სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო ფაკულტეტი, “ეპიდემიოლოგია და ინფექციური დაავადებები”-ს სპეციალობით. სახელმწიფო განაწილებით მუშაობა დაიწყო სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მთავარ სამმართველო “ბიოპრეპარატში”, რომელიც საბჭოთა ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნისა და მისგან თავდაცვის საიდუმლო პროგრამებს ხელმძღვანელობდა. ალიბეკოვს თაბრუდამხვევი კარიერა ჰქონდა: 31 წლის ასაკში გახდა ამ სისტემაში შემავალი ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 36 წლისას კი მთავარი სამმართველოს მთელი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხელმძღვანელი იყო. 1988-1992 წლებში უკვე უფროსის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა (ამ დროს “ბიოპრეპარატის” წლიური ბიუჯეტი 200 მლნ მანეთი და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი იყო). სამხედრო წოდება – პოლკოვნიკი.

ალიბეკოვმა ისარგებლა მაშინდელი ქაოსით და 1992 წელს ლეგალურად, ვითომდა სამეცნიერო მივლინებით გაემგზავრა აშშ-ში, სადაც სამუდამოდ დარჩა. თუმცა ეს უფრო გაქცევა იყო, რადგანაც მას უცხოეთში თავისუფლად არავინ გაუშვებდა და არც პოსტსაბჭოთა სივრცეში დატოვებდა ცოცხალს.

იქ შეიცვალა გვარი და კენ ალიბეკი გახდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მისი გამგზავრება ამერიკის დაზვერვის ორგანიზებული იყო.

შემდეგ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტთან არსებული აშშ-ის ბიოლოგიური უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის დირექტორი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი იყო. 1994 წელს აშშ-ის კონგრესმა “მსოფლიოში მშვიდობისათვის ბრძოლაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის” სპეციალური მედლით დააჯილდოვა. “ბაქტერიოლოგიური ტერორისტული საფრთხის” თემაზე ლექციებს კითხულობდა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში, ჰარვარდის და პრენსტონის უნივერსიტეტებში. არის რამდენიმე წიგნის ავტორი.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, როცა მთელი ამერიკა “ბიოლოგიურ შეტევას” ელოდა, კენ ალიბეკი აშშ-ის კონგრესის წინაშე მოხსენებით გამოვიდა. მისი გამცხადებით დღეისთვის 70-ზე მეტი სასიკვდილო ვირუსი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ბიოლოგიური იარაღი.

კენ ალიბეკი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ამერიკულ კომპანია “მაქსველ ბიფარმას”.

დავუბრუნდეთ შორეულ და არასტაბილურ 1992 წელს. აშშ-ში ჩასვლისთანავე ალიბეკოვმა ამერიკელებს გაუმხილა ყველა ის საიდუმლო პროგრამა, რომელზეც თავად მუშაობდა ან ინფორმაცია ჰქონდა. სხვათა შორის ალიბეკოვი იმასაც ამტკიცებდა, რომ საბჭოთა სამხედროებმა ავღანეთის ომის დროს ბაქტერიოლოგიური იარაღი გამოიყენეს.

ამერიკელების ზეწოლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი იძულებული გახდა 1992 წლის აპრილში სპეციალური განკარგულებისთვის მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც რუსეთს უნდა შეეწყვიტა თავდასხმითი ბიოლოგიური იარაღის წარმოება. თუმცა ბიოიარაღის სამეცნიერო კვლევები და საწარმოო პროგრამები ფარულად კვლავ გრძელდებოდა.

ამჟამად რუსული ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნაზე ისევ მუშაობენ ზაგორსკში, ეკატერინბურგსა (ყოფილი სვერდლოვსკი) და კიროვში განლაგებული სამეცნიერო-საწარმოო ლაბორატორიები.

ამერიკელები ცდილობენ ის საფრთხე მაინც აიცილონ თავიდან, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მემკვიდრეობით დარჩენილი ბიოიარაღის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებიდან და პოლიგონებიდან მოდის. 2002 წლისთვის აშშ-მ კუნძულ ვოზროჟდენიეს უზბეკეთის ნაწილზე დაასრულა შესაბამისი სამუშაოები (რაც 6 მლნ დოლარზე მეტი დაჯდა) და მოახერხა ამ საფრთხის განეიტრალება.

პროფესორ ლევ ფიოდოროვის ინფორმაციით რუსეთში ვლადიმირის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში დღესაც მოქმედებს საიდუმლო სამეცნიერ-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მოწინააღმდეგის პირუტყვის (ძირითადად ძროხების და ღორების) დაავადების გამომწვევ ბიოიარაღის შექმნაზე მუშაობს. რუსი მეცნიერები ცდილობენ ისე “გამოზარდონ” ბაქტერიები, რომ აცრის მიუხედავად ნებისმიერ ორგანიზმში შეიჭრნენ და იმუნური სისტემა დაარღვიონ.

ამასთან ერთად ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების სპექტრი ძალზე გაფართოვდა. მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ნათესებისა და პირუტყვის განადგურების “პროზაული” მიზნების მიღწევის შემდეგ, რუსა სამხედროებმა მეცნიერებს უფრო რთული ამოცანები დაუსახეს. ამჟამად რუსეთში განსაკუთრებით გასაიდუმლოებულია კვლევები, რომლებიც მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის ან საწვავის “შემჭმელი” ბაქტერიების და ვირუსების გამოყვანას ისახავს მიზნად.

წარმოიდგინეთ - უხილავი “დამშეული” ბაქტერიები დიდი აპეტიტით ნთქავენ

ტანკის ელექტროიზოლაციას და მომენტალურად მოკლე ჩართვას მწყობრიდან

გამოჰყავს საბრძოლო მანქანის მთელი ელექტროობა და ჩნდება ხანძარი. ან კიდევ - ავზი, რომელშიც საწვავი იყო, უცბად წყლით აღმოჩნდება სავსე.

ნუ გაგიკვირდებათ, ესეც ბაქტერიების დამსახურება შეიძლება აღმოჩნდეს.

ეს სტანისლავ ლემის ან აიზეკ აზიმოვის ფანტასტიკური ნოველიდან ნასესხები სიუჟეტი არ გეგონოთ, ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებში

სერიოზული და ძვირადღირებული საიდუმლო სამეცნიერო კვლევები დღესაც მიმდინარეობს. წაიკითხეთ ბლოგის პირველი ნაწილი

(მეორე ნაწილის დასასრული)