"იგორ დოლგოვი უკრაინის მთავრობასთან კონსულტაციებს ასრულებს... მადლობელი ვართ, რომ გვერდით დაგვიდექით და იცავთ ჩვენთან ერთად ჩვენს სახელმწიფოს" - კვირის პალიტრა

"იგორ დოლგოვი უკრაინის მთავრობასთან კონსულტაციებს ასრულებს... მადლობელი ვართ, რომ გვერდით დაგვიდექით და იცავთ ჩვენთან ერთად ჩვენს სახელმწიფოს"

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინის ელჩი ამჟამად საქართველოში იმყოფება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან და საქართველოს ხელისუფლებას ეცნობება, როდის გააგრძელებს ის უფლებამოსილების შესრულებას.

"მინდა ყველა შეკითხვა მოიხსნას ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვთქვით, იგორ დოლგოვი, უკრაინის ელჩი საქართველოში გაწვეული არის კონსულტაციებისთვის, ფიზიკურად ის საქართველოში იმყოფება და ახლა კონსულტაციებს ასრულებს უკრაინის მთავრობასთან. როგორც წინა ბრიფინგზე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, უკრაინის საელჩო საქართველოში შეატყობინებს საქართველოს მთავრობას, თუ როდის იქნება ელჩი მზად და შეუდგება თავის მოვალეობებს",-განაცხადა კასიანოვმა.

ანდრეი კასიანოვი კიევის ოლქში ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვას ეხმაურება. როგორც კასიანოვი განმარტავს, უკრაინა საქართველოს გვერდში დგომას ყოველთვის გრძნობს.

„ეს ძალიან სენსიტიური შეკითხვაა, ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ თქვენ გვერდით დაგვიდექით და იცავთ ჩვენთან ერთად ჩვენ სახელმწიფოს. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ქართველი მეომრები ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგნენ 2014 წლიდან, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამ გვერდში დგომას. მადლობა მამაც მეომრებს და ჩვენ მეგობრებს“, - განაცხადა კასიანოვმა.

ცნობისთვის, კიევის ოლქში ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპა. ისინი უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ.

IPN