"მას სწამდა, რომ უკრაინაში გამარჯვება, სოხუმთან გვაახლოებდა" - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებზე ახლობლები? - კვირის პალიტრა

"მას სწამდა, რომ უკრაინაში გამარჯვება, სოხუმთან გვაახლოებდა" - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებზე ახლობლები?

გამთენიას, დაახლოებით 4 საათზე, კიევის ოლქში, ქალაქ ირპენთან, მომხდარ შეტაკებებს სამწუხაროდ ორი ქართველი მებრძოლის, გიორგი ბერიაშვილისა და დავით რატიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე დაღუპულია კიდევ ერთი მოხალისე, ფრანგი ეროვნების ჯარისკაცი, არიან დაჭრილებიც. ბიჭები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იქ მოხალისედ წავიდნენ და მათ სამხედრო გამოცდილებაც ჰქონდათ. არსებული ინფორმაციით, რუსი აგრესორები, რომლებიც უკრაინულ სამხედრო ფორმაში იყვნენ გადაცმული, ტერიტორიაზე სამი ტანკით შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. შეტაკების შემდეგ, ოკუპანტებმა ტერიტორია დაბომბეს.

"ომის სიმწარეს, რა თქმა უნდა, ყველა ვგრძნობთ, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ ვიაზრებთ ორმაგად ყველაფერს, როცა ნათესავს და ახლობელს ვკარგავთ ამ ომში. ბოლომდე მჯეროდა, რომ ცოცხალი დაბრუნდებოდა, მაგრამ...", - წერს სოციალურ ქსელში გია ბერიაშვილის ახლობელი.

სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით: "მაგარი ბიჭი იყავი ყოველთვის. დღეიდან გმირი ხარ. ამ ბიჭებმა კიდევ ერთხელ ყველას გაგვახსენეს, რომ ეს ომი ჩვენიცაა! დიდება გმირებს!", - წერს სოციალურ ქსელში ლონდა თოლორაია.

ჩვენ დავუკავშირდით ლონდა თოლორაიას და მან ასეთი რამ გვიამბო:

- ,,ბერო”- ასე ვეძახდით ყველა. საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. არ გამკვირვებია, რომ უკრაინაში, მისი სურვილით, მოხალისედ წავიდა. ძალიან ვაჟკაცი ბიჭი იყო. ყოველთვის იქ იდგა, სადაც მის ქვეყანას სჭირდებოდა. 2008 წლის ომშიც იბრძოდა. ძალიან განიცდიდა, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. უკრაინიდან ჩვენს ერთ მეგობარს ელაპარაკა და უთხრა, რომ სოხუმში მალე დავბრუნდებოდით. ანუ, მას სწამდა, რომ უკრაინაში გამარჯვება, სოხუმთან გვაახლოებდა. ადამიანს ვერ ნახავთ, ვისაც არ უყვარდა. ღირსეული ადამიანი იყო, სიკეთით სავსე, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. ადამიანები უყვარდა, რაც ასე გვაკლია დღეს. ერთგული კაცი იყო, რომელთან ერთად საქმის კეთებაც უხაროდა და უყვარდა ყველას. წარმოუდგენელი ტრაგედიაა ყველასთვის.

აი, რას ამბობს კიდევ ერთი ახლობელი, ბაჩო ლებანიძე გია ბერიაშვილზე:

- ძალიან მიჭირს გიაზე წარსულში საუბარი. მას წლებია ვიცნობ, ის და მამაჩემი საქართველოს ძალოვან სტრუქტურაში ერთად მუშაობდნენ. ყველა "ბეროს" ეძახდა. გია ყოველთვის გამოირჩეოდა სამშობლოს სიყვარულით. ბოლოს, ჩვენი შეხვედრა ლონდონში შედგა, ის აქ ცხოვრებას გეგმავდა, მაგრამ საუბრის დროს აღნიშნა, ერთი კვირაა საზღვარგარეთ ვარ, მაგრამ ძალიან მენატრება საქართველო და მალე უნდა დავბრუნდეო. ასევე ახსენა უკრაინა, რაღაც ვერ არის იქ კარგად საქმე, თუ რამე მოხდა, წავალ აუცილებლადო. გია აგვისტოს ომის დროსაც თავგანწირვით იბრძოდა ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ებრძოდა რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და ახლა, ის სწორედ კვლავ რუსეთის ფედერაციის უთანასწორო ბრძოლას უკრაინაში გმირულად შეეწირა თავი. თავი გასწირა უკრაინისთვის, მათი თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის. დიდება გმირებს, დიდება უკრაინას. მე გულით ვუთანაგრძნობ ბეროს ოჯახს და ახლობლებს, სრულიად საქართველოს მისი და მისი თანამებრძოლის გარდაცვალებას.

გიორგი ბერიაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დაბა კაზრეთიდან იყო. იქ ცხოვრობენ მისი ძმები. თავად გიორგი ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. როგორც დაბა კაზრეთში მერის წარმომადგენელმა დავით ჯაყელმა გვითხრა: "გია საოცრად კარგი ადამიანი იყო, თავისი საქმის პროფესიონალი. უზომოდ შეყვარებული საქართველოზე, თავის კუთხეზე. ყველანაირად დადებითი პიროვნება იყო. კარგის მეტი რა მეთქმის, ცოლ-შვილი ჰყავს, ოჯახთან ერთად თბილისში იყო. სულ პოლიციაში მუშაობდა, საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე იყო, მერე თავდაცვაშიც მუშაობდა, ბოლო დროს სად იყო, არ ვიცი. მშობლები გარდაცვლილი ჰყავს. არ ვიცოდი, ომში რომ იყო წასული და დღეს გავიგეთ ეს ამბავი. ძალიან განვიცდით ამ ტრაგედიას. ძალიან კარგი ბიჭი დავკარგეთ".

რაც შეხება დავით რატიანს, მასაც ყველა დადებითად ახასიათებს. როგორც გვითხრეს, დათო წლების მანძილზე თავდაცვაში მუშაობდა. "დათო უაღრესად კარგი პიროვნება იყო, სამხედროა, ავღანეთშიც ნაომარია და ბრძოლების გამოცდილება ჰქონდა. საუკეთესო ოჯახი ჰყავს, კარგი მამა იყო. ყველაფერი დადებითი შემიძლია მასზე ვთქვა. ვიცოდი წასული რომ იყო. სულ ვკითხულობდი მის ამბავს. დღეს კი ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. ძალიან შეძრულები ვართ. როგორც ვიცი, ოჯახის წევრები წუხელაც ესაუბრნენ. მოხალისედ იყო წასული. იბრძოდა რუსი აგრესორების წინააღმდეგ. ეს დღეები სულ ტელევიზორს მიჯაჭვულები ვართ და გვტკივა ამდენი უდანაშაულო ადამიანის ხოცვა. ძალიან გვტკივა გული, რომ დათოს სიცოცხლე შეეწირა ამ ომს", - მითხრა დავით რატიანის ახლობელმა.

პოსტს აქვეყნებს დავით ქაცარავას მეუღლეც - სოფია ხაჭაპურიძე, მისივე თხოვნით:

"გუშინ ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ ორკების 3 ერთეული ჯავშან-ტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა. ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმმტყორცნებიდან. ჩვენი ორი ძმა, ჩვენი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი (ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრი) და გია ბერიაშვილი დაიღუპნენ.... უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მათ სულებს. მშვიდობა და გამარჯვება მალე!"

დავით რატიანზე პოსტს აქვეყნებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდი:

"ეს ახალგაზრდა კაცი ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი დავით რატიანი გახლავთ - ქართული შეიარაღებული ძალების სპეც. რაზმის ყოფილი წევრი, რომელიც ომის დაწყებისთანავე უკრაინაში გაემგზავრა და დღეს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა.

დათო რატიანის სიცოცხლე ოკუპანტების საარტილერიო თავდასხმას მაშინ ემსხვერპლა, როცა რუსულმა ტანკებმა მიზანში ქართული ლეგიონი ამოიღეს. როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, უკვე მიმდინარეობს გამოყვანის სპეც.ოპერაცია. დაღუპულია კიდევ ერთი ქართველი, არიან დაჭრილებიც..

დათო რატიანის მაღალადამიანურ თვისებებზე, პატრიოტიზმსა და ვაჟკაცობაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი. დასანანია, ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება. ის რუსული აგრესიის ქართველი გმირია და მისი სახელი მუდამ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი გმირი მებრძოლების სულებს".

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს, ქართველი ბიჭების გარდაცვალების გამო.

(სპეციალურად საიტისთვის)