როგორ გაჰყავთ რუსი სამხედროები სომხეთის გიუმრიდან უკრაინაში საბრძოლველად... - კვირის პალიტრა

როგორ გაჰყავთ რუსი სამხედროები სომხეთის გიუმრიდან უკრაინაში საბრძოლველად...

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ძალზე აქტუალური გახდა თემა, თუ რა გზებით ხვდებიან სამხრეთ კავკასიაში მყოფი რუსი სამხედროები უკრაინის ომში...

რუსეთის არმიას უკრაინის ფრონტებზე რომ უკვე გაუჭირდა ისიც მეტყველებს, რომ მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიან დანაყოფებს უკვე თავის უცხოურ სამხედრო ბაზებში, მათ შორის საოკუპაციო ბაზებშიც, სათითაოდ აგროვებენ და უკრაინისკენ აგზავნიან.

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში განთავსებული მე-4 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზებიდან რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის დანაყოფების გაყვანის მარშრუტი მეტ-ნაკლებად გასაგებია - გუდაუთიდან სოჭისკენ და ცხინვალიდან ვლადიკავკაზისკენ, მათ შორის, თავისი სვლით, რაც ისედაც მრავალჯერ გარემონტებული რუსული მუხლუხოვანი სამხედრო ტექნიკის, პირველ რიგში კი ტანკების, სავალ ნაწილს სულ ბოლოს მოუღებს და რამდენად გამოდგებიან საბრძოლველად, ამაზე თავი რუსმა გენერლებმა იტეხონ...

ისე კი, რაც მეტი საბრძოლო ტექნიკა დაეკარგება თავისი ეკიპაჟებიანად, აფხაზეთისა და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებს უკრაინის მიწაზე, მით უკეთესი...

კითხვას იწვევს ის, თუ რა მარშრუტით გაჰყავთ სომხეთიდან, გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან რუსი სამხედროები ჯერ რუსეთის ტერიტორიაზე და შემდეგ - უკრაინაში.

გიუმრიში თითქმის 5 ათასიანი რუსული სამხედრო კონტინგენტია მიწერილი, რომელიც გადანაწილებულია ერევან-იუჟნის აეროდრომზე (სადაც 18 რუსული „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებელია), ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის საკამათო მონაკვეთებზე და თვით ყარაბაღშიც.

გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთს რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს და მათ შუა საქართველოს ტერიტორიაა, იბადება ეჭვი, რომ რუს სამხედროებს თვითმფრინავებით სომხეთიდან რუსეთში ქართული ცის გავლით გადააფრენენ...

ასეა თუ არა?

მას შემდეგ, რაც 2020 წლის ყარაბაღის ომში ფაქტობრივად აზერბაიჯანმა გაიმარჯვა და სანაცვლოდ დათანხმდა ყარაბაღში რუსი სამხედროების „სამშვიდობოების“ სახელით ჩაყენებას, ბაქომ ნაწილობრივ გახსნა თავისი საჰაერო სივრცე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო-კოსმოსური ძალების, სამხედრო-სატრანსპორტო და სამგზავრო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ერევნიდან და გიუმრიდან რუსეთში, სწორედ აზერბაიჯანის ცის გავლით მიფრინავენ.

მაგალითად, დღეს, თბილისის დროით საღამოს ექვსი საათისთვის, ერევნიდან აფრენილმა სამგზავრო „ტუ-154მ“-მა გეზი აზერბაიჯანის განჯისკენ აიღო და გაბალაზე გადაფრენით, რუსეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.

ამ „ტუ“-ს საიდენტიფიკაციო ნომერია RA-85123, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 2005 წელსაა დამზადებული და თავიდან სამოქალაქო ავიაკომპანიის ეგიდით დაფრინავდა, მაგრამ 2016 წელს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და ის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ბალანსზე გადავიდა და ხშირად დაფრინავს სირიაში.

ანუ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ამ „ტუ-154მ“-ს თავისუფლად შეეძლო სომხეთიდან რუსეთში გადაეფრინა 180 მგზავრამდე, მათ შორის, რუსი სამხედროებიც, საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით...

ყარაბაღის ბოლო ომამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სომხეთში, გიუმრის ბაზაზე სამხედროების როტაციას, ძირითადად „ილ-76“ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ახორციელებდა, რომლებსაც საკმაოდ შორი გზიდან მოვლა სჭირდებოდათ - კასპიის ზღვასა და ირანზე გადაფრენით ერევანსა და გიუმრიში ჩასაღწევად, რადგან ოფიციალურ ბაქოს აკრძალული ჰქონდა ნებისმიერი თვითმფრინავის აზერბაიჯანიდან პირდაპირ სომხეთში გადაფრენა.

რაც შეეხება საქართველოს - 2007 წელს, როდესაც ოფიციალურად გავიდნენ რუსული სამხედრო ბაზები საქართველოდან, რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში ჩადებული იყო პუნქტი, რომ საქართველოს თავის სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით უნდა გაეტარებინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტვირთები და პირადი შემადგენლობა სომხეთში, გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ლოჯისტიკური უზრუნველყოფისთვის.

აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა დაკარგა ამის შესაძლებლობა და ამიტომაც აირჩია კასპიის ზღვასა და ირანზე გამავალი შემოვლითი გზა.

საქართველოს საჰაერო სივრცეში ყველა გადაფრენა, მათ შორის, ტრანზიტული, წინასწარ თანხმდება „საქაერონავიგაციასთან“ და მის დაუკითხავად, საჰაერო რეისის შესრულება არავის შეუძლია.

თუკი „საქაერონავიგაციისა“ და საქართველოს ხელისუფლების უარის მიუხედავად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯიქურად შეეცდება, მაგალითად, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით გიუმრიდან მძიმე საბრძოლო ტექნიკის გატანას, ჩვენი ქვეყნის თავზე გადაფრენით, მაშინ, ეტყობა, სხვა მექანიზმები უნდა ამუშავდეს, მაგრამ თავად რუსეთსაც არ უნდა უღირდეს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა, რადგან აზერბაიჯანმა მას სომხეთიდან რუსეთამდე თავისი ცა ისედაც გაუხსნა...