"პრეზიდენტი იყო და კლოუნივით ფეხაწეულ ძეგლს ვერ შევქმნიდი" - კრიტიკა და მოქანდაკის პასუხი ლეხ კაჩინსკის ძეგლის შესახებ - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტი იყო და კლოუნივით ფეხაწეულ ძეგლს ვერ შევქმნიდი" - კრიტიკა და მოქანდაკის პასუხი ლეხ კაჩინსკის ძეგლის შესახებ

17 მარტს საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა ბათუმში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს... მათეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძეგლის გახსნისა და პრეზიდენტ კაჩინსკის ხსოვნის პატივისცემისათვის მადლობა გადაუხადა...

როგორც საქართველოში ხშირად ხდება, ძეგლს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა და სოციალურ ქსელში დღის მთავარ განსახილველ თემად იქცა, გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს, იმ მრავალრიცხვოვანი კომენტარებიდან:

"სიკვდილი არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება სიკვდილის შემდეგ ქართველმა მოქანდაკეებმა დაგმართონ"

"ირაკლი ღარიბაშვილმა დაარწმუნა მათეუშ მორავიეცკი, რომ ეს მართლაც ლეხ კაჩინსკია!"

" ბერიას ძეგლი ამოიღეს საწყობიდან..."

ძეგლის შესახებ "კვირის პალიტრა" ხელოვნებათმცოდნეს - გოგი ხოშტარიასა და თავად მოქანდაკეს - თემურ მახარაძეს გაესაუბრა.

1647532070-lekh-kachinskis-dzegli-1-1647620333.png

გოგი ხოშტარია, ხელოვნებათმცოდნე:

- ჩემი აზრით, ეს ძეგლი არის ძალიან ცუდ ტრადიციებში შესრულებული, მონუმენტური ქანდაკების ტრადიცია არ გვაქვს. ბოლო წლებში, ასეთი ბევრი ძეგლი დავდგით, მაგრამ ნორმალური, დაყენებული ფიგურა არცერთი არ არის... ერთადერთი, ვინც ამ მხრივ სწორად აზროვნებდა, ეს იყო - ნიკოლოზ კანდელაკი. შეიძლება ითქვას, რომ მან სკოლა ვერ შექმნა, რადგან მისი მოწაფეები მისი გზით არ წავიდნენ...

ქანდაკება აზროვნებაა სამ განზომილებაში. სივრცეში უნდა იგრძნობოდეს სამი განზომილება... არსებობს ელემენტარული გაგება იმისა, რასაც ჰქვია პროპორციები. არ შეიძლება, რაც არ უნდა ამსგავსებდე, თავკომბალა ძეგლი შექმნა. ძეგლი კი არა, დგას გაშეშებული, სარგადაყლაპული თავკომბალა. ამის გამო, ძალიან დაბლა სცემს მის ხარისხს. მაინცდამაინც ზამბარასავით დატრიალებული არა, მაგრამ ისევ ვიმეორებ, სივრცეში უნდა იკითხებოდეს!

- ითქვა ისიც, რომ კრიტიკა უფრო პოლიტიკური სახის იყო, ვიდრე პროფესიული... რადგან მთავრობამ გახსნა ძეგლი, თითქოს კრიტიკა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან წამოვიდა...

- მაპატიეთ და ეგ ვინც ეგ თქვა, ძალიან დიდი იდიოტობაა! შენ როდესაც ვინმეს პატივისცემის ნიშნად ძეგლს უდგამ, ძეგლი აუცილებლად სათანადო დონის უნდა იყოს!

67376745-1647619539.jpg

- წინა ხელისუფლების დროს დაიდგა რეიგანის ძეგლი, რომელზეც ასევე არაერთგვაროვანი შეფასება არსებობს...

- დიახ, არც ის ძეგლია გამართლებული! ძეგლი არ ვარგა და მე ერთნაირად ვაკრიტიკებ ორივეს! ჩვენთან ეს ტრადიცია არ დამკვიდრდა...

ძეგლს უბრალო ვინმეს არ უდგამენ და ავტორმა ძეგლის კულტურის საუკეთესო ნიშნები უნდა ჩააქსოვოს! არ გვაქვს ეს კულტურა და რას ვიზამთ?! როდესაც დადგმა გადაწყვიტეს, რატომ არ შეგვკრიბეს ისინი, ვისაც ეს სფერო გვესმის?!

ირაკლი ღარიბაშვილი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი პერსონაა, როგორც ქვეყნის მმართველი, მაგრამ ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მან რომ ძეგლი გახსნა. ეგ არც ვიცოდი... სპეციალისტის აზრი უნდა წყვეტდეს საკითხს და არა პარტიული სულისკვეთება. თუ ამბობ, რომ ვარგა, უნდა დაამტკიცო კიდევაც პროფესიონალურად!

ვიმეორებ, რომ ეს ძეგლი არ მომწონს, ისევე როგორც რეიგანის ძეგლი.

ბოლო დროს დადგმული ძეგლებიდან უმეტესობას კრიტიკა მოჰყვა და სამართლიანად... მაგალითად, სრულიად გაუმართლებელი იყო ნატო ვაჩნაძის ძეგლი. ამიტომაც აღშფოთდა გიორგი შენგელაია... გიორგი ძალიან ზე-ემოციური პიროვნება იყო, ზოგჯერ ამეტებდა, მაგრამ ამ საკითხში სრულიად მესმოდა მისი.

275903478-1101762997342415-8584274591926349715-n-1647620408.jpg

თემურ მახარაძე, მოქანდაკე, ძეგლის თანაავტორი:

- დიახ, მე ამ ძეგლის თანაავტორი ვარ. ესკიზის ავტორი გახლავთ პროფესიით არქიტექტორი - ომარ პატარიძე... ესკიზის შემდეგ, ნიუანსები ყოველთვის იცვლება...

არაოფიციალური შეთანხმება იყო, თუ პოლონურ მხარეს არ მოეწონებოდა, მე საერთოდ არაფერს გადამიხდიდნენ... პოლონეთში ეტაპობრივად ფოტოებს ვგზავნიდით, დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ, კარკასიდან დაწყებული ძეგლის დამთავრებამდე... ბოლოს, პოლონეთიდან მაღალი რანგის პირები ჩამოვიდნენ, ვინც პოლონეთში მთლიანად კულტურის მიმართულებას კურირებენ. ძეგლი ჯერ დასრულებული არ იყო, მაგრამ უკვე სახე და ყველაფერი გამოკვეთილი იყო. მათ ნამუშევარი ძალიან მოეწონათ და გვითხრეს, კაჩინსკის ასეთი ძეგლი პოლონეთშიც კი არ გვაქვსო...

როდესაც კონკრეტულად ვინმეს ძეგლს ქმნი, ეს არ არის ის თემა, სადაც შენი სურვილის მიხედვით ინტერპრეტაციას გააკეთებ... ერთმა დამირეკა და მითხრა, ეს ძეგლი ძველმოდურიაო... ვინც ქანდაკების სფეროში ერკვევა, მათ იციან, რას ვაკეთებ და შეგიძლიათ თქვენც ნახოთ ჩემი ნამუშევრები - "9 აპრილი", 8 აგვისტო" და ასე შემდეგ... ასევე, ჩემი თანაკურსელი - გენო ზაქარაია უკიდურესად გააკრიტიკეს მაზნიაშვილის ქანდაკების გამო, მაგრამ მე მისი ნამუშევარი ძალიან მომწონს...

- თქვენ მოგწონთ ეს ძეგლი?

- მე საერთოდ პოლიტიკოსების ძეგლების შექმნა არ მიხარია, მაგრამ ეს პიროვნება გაჭირვების დროს ჩვენს ქვეყანას გვერდში დაგვიდგა და ეს იყო გადამწყვეტი! მხოლოდ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ძეგლზე არ ვიმუშავებდი... რაც შეეხება პროფესიონალურ შეფასებას, პიროვნებიდან გამომდინარე, ძეგლის თემაზე შეზღუდული ვიყავით და კლოუნივით ფეხაწეულ ძეგლს ვერ შევქმნიდი. შესრულდა ასე, რაც იყო არქიტექტორის ჩაფიქრებული ესკიზი, მხოლოდ ნიუანსები შეიცვალა.

ჩამოსული იყო ლეხ კაჩინსკის ძმა, რომელიც პროფესიონალი ხელოვანი არ არის, მაგრამ ძეგლი ძალიან მოეწონა... იმდენად რომ შეიძლება პოლონეთშიც მიმიპატიჟოს... ჩემთვის მისი მოწონებაც არ არის მთავარი, უმთავრესია, პროფესიონალებს მოეწონოთ.

ერთი პროფესიონალის ნათქვამია, მთავარია შენზე ილაპარაკონ და თუნდაც უარყოფითიო... ძალიან კარგია, აჟიოტაჟი თუ არის ატეხილი და ეგეც ძალიან კარგად ვიცი, რის გამოა ეს ამბავი!

- რის გამო?

- როდესაც ძეგლი დე ფაქტო გაკეთებული აღმოჩნდა, მერე ატყდა ყვირილი, რატომ არ ვიცოდითო... ვერტიკალის ამბავია, რას ჰქვია ბათუმში თქვენით გადაწყვიტეთ და ქანდაკება დადგითო... მე ძალიან ბევრი ხელისშეშლა მქონდა, პროვინციალებად გვთვლიან და თითქოს, რამე არ ვიცით, ნაკლებად ვერკვევით. ორი მემორიალი დავდგი ბათუმში და თბილისში არავის გაუშუქებია, რაღა კაჩინსკის შესახებ შეიქნა ამხელა ამბავი?დავუშვათ და ძეგლი საერთოდ არ ვარგა, მაშინ მოვიდნენ და მითხრან, ან აქამდე სად იყვნენ?! პროფესიონალებისგან დადებითი შეფასება მივიღე და მათ სიტყვას დაეჯერება... საერთოდ კი, ძალიან გამიკვირდა, დღეს რომ ეგ ქანდაკება დაიდგა.

- რატომ?

- ჩემზე უკეთესად იცით ყველამ, რატომაც!

(სპეციალურად საიტისთვის)