"საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს რუსული სამხედრო ძალით გვაშინებს და ამას ეძახიან ფრთხილ პოლიტიკას" - კვირის პალიტრა

"საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს რუსული სამხედრო ძალით გვაშინებს და ამას ეძახიან ფრთხილ პოლიტიკას"

დღეს ვცხოვრობთ ისეთ სივრცეში, სადაც საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს რუსული სამხედრო ძალით გვაშინებს და ამას ფრთხილ პოლიტიკას ეძახიან - ამას ფრთხილი პოლიტიკა არ ჰქვია - მხდალი ჰქვია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

მისივე თქმით, ის პოლიტიკა, რასაც "ქართული ოცნება" რუსეთ-უკრაინის ომის დროს მისდევს, არგაღიზიანების პოლიტიკა კი არა, არამედ პარტნიორებისთვის ზურგის შექცევის პოლიტიკაა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" ფაქტობრივად, სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს რეცხავს.

"დღეს ჩვენ ვართ გარემოში, ვცხოვრობთ ისეთ სივრცეში, სადაც საქართველოს მთავრობა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს რუსული სამხედრო ძალით გვაშინებს. მთავრობა იმას კი არ გვეუბნება, რომ ასეთი რისკებია და ჩვენ ამას ვამზადებთ, გავუმკლავდებით ასე, ამას არ გვეუბნება. დღეს ქართული მთავრობა ჩვენ რუსული სამხედრო ძალით გვაშინებს და ამას ეძახიან ფრთხილ პოლიტიკას. ამას ფრთხილი პოლიტიკა არ ჰქვია, მხდალი ჰქვია.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ "ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული დიდი მიღწევები აქვს ქართული სახელმწიფოს წინაშე. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად, რაც ხდება თვითონ სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს რეცხავენ.

არგაღიზიანების პოლიტიკა არის პოლიტიკა და სწორი პოლიტიკაა, მანამ, სანამ შენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს დამოუკიდებლობას რისკს არ უქმნის და დღეს უქმნის. ეს არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა ეს არის ფაქტობრივად, შენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომლებიც დღეს უზრუნველყოფენ და არიან გარანტები შენი უსაფრთხოების, მათთვის ზურგის შექცევის პოლიტიკა, მეტი არაფერი არ არის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის, ხშირ შემთხვევაში, წარმოუდგენლად ცინიკურია ის პოზიციები, რომელსაც დღეს ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენელი იკავებს.

"თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მარტო მთავრობას აქვს ურთიერთობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან? - ჩვენც გვაქვს. მათთვის წარმოუდგენლად ცინიკურია, ხშირ შემთხვევაში, ის პოზიცია, რომელსაც დღეს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი იკავებს. მაგალითად, პოზიცია, როდესაც ამბობ, რომ ომი იქ არის და მე აქ ეკონომიკას უნდა მივხედო. როგორ უნდა მიხედო ეკონომიკას, როცა შენი ორი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ერთმანეთში ომობს? რა ლოგიკაა?! ან როდესაც ამბობ რომ ცუდია, რომ უკრაინამ ვერ მოახერხა ომის არიდება, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ამას არაპროვოცირებულ თავდასხმას ეძახის", - აღნიშნა მან.

გიორგი გახარიას განცხადებით, ხშირ შემთხვევაში მმართველი გუნდის წევრებს არ ესმით რას ლაპარაკობენ, რაც კომპეტენციის პრობლემას უკავშირდება.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, აქვს თუ არა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კომპეტენციის ნაკლებობა, გახარია პასუხობს:

"რას ნიშნავს ღარიბაშვილს აქვს კომპეტენციის პრობლემა? რა მნიშვნელობა აქვს ახლა, ბევრს აქვს კომპეტენციის ნაკლებობა", - განაცხადა გახარიამ.

დღეს ქართული მთავრობა ჩვენ რუსული სამხედრო ძალით გვაშინებს და ამას ეძახიან ფრთხილ პოლიტიკას. ამას ფრთხილი პოლიტიკა არ ჰქვია, მხდალი ჰქვია.

"ინტერპრესნიუსი"