"ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან საუბრისას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა" - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN ?
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ის ძალიან შეშფოთებულია უკრაინის ქალაქ მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივი დაბომბვის შედეგად დაზარალდა. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს.
ელისეის სასახლის განცხადების თანახმად, მაკრონმა „გაუზიარა უკიდურესი შეშფოთება პრეზიდენტ პუტინს მარიუპოლში შექმნილი ვითარების შესახებ და კიდევ ერთხელ მოითხოვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“.
"პრეზიდენტმა [მაკრონმა] მარიუპოლში ალყის მოხსნის, ჰუმანიტარული წვდომის და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის მიზნით კონკრეტული და შემოწმებადი ზომების გატარება მოსთხოვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მაკრონის ოფისის ცნობით, საფრანგეთის " პრეზიდენტმა კვლავ ისაუბრა უკრაინაში სიტუაციის გაუარესებაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისა და ჰუმანიტარული სამართლის უპატივცემულობის შესახებ, მაშინ როცა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციას შორის მოლაპარაკებებს არანაირი პროგრესი არ მოჰყოლია".
სატელეფონო საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
"ინტერპრესნიუსი"