შალვა ნათელაშვილი: "სექტემბერში სააკაშვილის ხელისუფლება უნდა დავამხოთ"
"პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ გაგახზენდით და თქვენს მკითხველებს მოკითხვას გადავცემ, რომელთანაც გასაუბრების საშუალება, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე ხანია არ მქონია..." - ასე მიმართავს ჩვენს მკითხველს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ამბობს, რომ ამ გამოცემის მკითხველისთვის აზრის გაზიარება გულწრფელად მოენატრა. მთავარ "ლეიბორისტი" ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს "ერის გენოციდს" უწოდებს და მისი პარტიის წევრების მიერ გახმიანებულ მემორანდუმს "პრეზიდენტის იმპიჩმენტთან" დაკავშირებით, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად მიიჩნევს.
- საქართველოში ბოლო დროს შექმნილი პოლიტიკური ვითარება არის ავთვისებიანი სიმსივნის მესამე სტადია, რომელსაც ჯერ კიდევ შეიძლება ეშველოს, ოღონდ ერთადერთი საშუალება ქირურგიული ჩარევაა. ფაქტია, რომ თერაპიული მკურნალობა აქ უკვე ზედმეტია.
- რას გულისხმობთ თერაპიაში?
- მშვიდობიან, "ნარნარ" არჩევნებს... ამ გზით ეს კიბო, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ჰქვია, არ წავა. ქვეყნის გადასარჩენად, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
- ქირურგიული ჩარევა რას ითვალისწინებს?
- ცოტა ხელი უნდა წავაშველოთ, რომ წავიდნენ და საბრალდებო სკამზე დაჯდნენ. სექტემბერში უნდა გავერთიანდეთ და მასობრივმა აქციებმა მთელიქ ვეყანა უნდა მოიცვას. თუ ამ მეთოდმაც არ გაჭრა, მაშინ სააკაშვილის ხელისუფლება, ამ სრული მნიშვნელობით, უნდა დავამხოთ, ისე როგორც ეს მოხდა 90-იან წლებში., მაშინ ქვეყანას პატრიოტი მართავდა, სააკაშვილი კი დამნაშავეა. ვიცი, რომ ეს გზა ქვეყნისთვის მომგებიანი არ არის, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ასეც და ისეც, დაღუპულები ვართ... ამას ემსახურება "ლეიბორისტულ პარტიასთან" ერთად, 9 პოლიტიკური პარტიის ლიდერებისა და წარმომადგენლების ხელმოწერა, სააკაშვილის გადადგომის შესახებ შემუშავებულ მემორანდუმზე, რაც მის პოლიტიკურ იმპიჩმენტს გულისხმობს. ყველა იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა, მაგრამ მაწუხესბ ის ფაქტი, რომ დანარჩენი 9 პარტია, ჯერ-ჯერობით ფიქრობს. თუ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნაში ერთსულოვნებას მივაღწევთ და ოპოზიციის წარმომადგენლები არ იტყვიან, არჩევნების მჯერა და ამ კაციჭამიებს საარჩევნო ბიულეტინებით უნდა მოვუგოო, - ყველაფერი მოგვარდება. არ შეიძლება, ერთი ნაწილი მიტინგს მართავდეს და მეორე კი - ტელევიზიით მარხავდე მათ და საზოგადოებას მოუწოდებდეს, აქციებზე არ მიხვიდეთო. თუ ასეთ მდგომარეობა გაგრძელდება, "სააკაშვილიზმი" არასდროს დასრულდება. ის დოკუმენტი, რომელიც შევიმუშავეთ და ხელი მოვაწერეთ, მდგომაროებიდან გამოსავალს გვიჩვენებს და ქირურგიით მკურნალობის მეთოდებსაც აზუსტებს.
- თქვენი აზრით, დანარჩენი 9 პარტია რატომ იკავებს თავს?
- არ მინდა გამომჭერი და ჩასაფრებული კაცის პოზიციაში ვიყო. ჩემი სურვილი, ვიღაცის მხილება არ არის და არც ის მაინტერესებს, ვინ ვისთან არის შეკრული. ახლა მხოლოდ ერთიანობა მინდა, ვინაიდან ეს ქვეყნის გადარჩენის მთავარი წინაპირობაა. როგორც ლენინი ამბობდა, - ელექტროფიკაცია არის კომუნიზმიო, ისე მე ვამბობ დღეს: - სააკაშვილის წასვლა არის საქართველოს გადარჩენის გზა. ასე რომ, შეგნებულად არ ვასახელებ იმ ადამიანებს, ვინც გვერდით არ დაგვიდგა, რადგან არ მინდა გავაღიზიანო ისინი და კრიტიკული შენიშვნებისგანაც თავს ვიკავებ. ამის დრო ყოველთვის იქნება.
- თქვენი თანაპარტიელებისგან მუდმივად გვესმოდა, ქართული ოპოზიციური სპექტრი შალვა ნათელაშვილის გარშემო უნდა გაერთიანდესო. "მემორანდუმში" თქვენი პოზიცია გათვალისწინებულია?
- ჯერ-ჯერობით ამის დრო არ არის, მთავარია, სექტემბრისთვის გავერთიანდეთ და გადამწყვეტი ბრძოლისთვის მოვემზადოთ. ეს რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის "ხუშტური" კი არა, ერის მოთხოვნაა.
- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- ის რეალობა, რაშიც დღეს ცხოვრება გვიწევს, - დაშლილი საქართველო, განადგურებული ეკონომიკა, მოშიმშილე ადამიანები, ამორალური, კორუმპირებული ხელისუფლება, დემოკრატიის არარსებობა, რეპრესიები, ტერორი, დევნა, პოლიტპატიმრები, ადამიანების ხოცვა-ჟლეტა, ქუჩაში თუ საავადმყოფოებში. იცით, ალბათ, რომ თუ ავადმყოფს ფული არ აქვს, ექიმები ზედაც არ უყურებენ. ამას ემატება, განათლების, მეცნიერების, სკოლების, ბაღების დანგრევა და მოსპობა. თუ შეიძლება დედამიწის მასშტაბით ვინმეს კაცობრიობის მოსასპობად რაიმე მოქმედება განეხორციელებინა, ამ ყველაფერს საქართველოში სააკაშვილი აკეთებს. ბაღების გაძვირება, არის ერის გენოციდი. შეგახსენებთ, რომ 90-იანი წლების ბოლოს, სააკაშვილი, ბარამიძე და მათი გარდაცვლილი მეგობარი, გვარს არ დავასახელებ, იგივეს აპირებდნენ. მაშინ, ლეიბორისტებმა ამის გამო სასამართლოში ვუჩივლეთ, პროცესი მოვიგეთ და ბაღები გადავარჩინეთ. ისევე გადავარჩინეთ, საშუალო სკოლები ფასიანი გამხდარიყო და ამით ჩვენ თაობა ტოტალური უწიგნურობისგან ვიხსენით, მაგრამ რით გადაგვიხადეს?! ღალატით, არჩევნების გაყალბებით, მოქკავშირისა და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტობით და ქუჩა-ქუჩა სირბილით.
- არჩევნებთან მათ რა ხელი ჰქონდათ?
- ის, რომ გაყალბების მთავარი კორპუსი, სააკაშვილმა სწორედ საშუალო განათლების სფეროში მომსახურე კონტიგენტისგან შექმნა. მათ სინდისზეა ის, რაც დღეს საქართველოში ხდება და რცხვენოდეთ მათ!..
- თქვენი პარტიის წარმომადგენელმა, ქართველ პედაგოგებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს მოუწოდა, უარი თქვან ინგლისური ენის სწავლაზე. რატომ?
- იმიტომ, რომ ინგლისური ენის შესწავლა ქართული იგნორირების ხარჯზე ხდება. დაუკვირდით, ქართული ენა არავის სჭირდება, მთავარია, ინგლისურის ცოდნა და ამიტომაც, პირველი კლასიდან ასწავლიან. ხელისუფლებამ მშობლიური ენა, ყველა სახელმწიფო დაწესდებულებიდან, სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან შეგნებულად გამოდევნა. ერის ტრაგედიაა, ის, რომ თუ სტუდენტი ინგლისურს არ ისწავლის, დიპლომს ვერ მიიღებს. ინგლისური სახელმწიფო ენის რანგშია აყვანილი. იგივე გააკეთეს სელჩუკებმა თავის დროზე, როცა ქართული ენის მოსპობა განიზრახეს. მაშინ კი კი გადავრჩით, ანგლოამიერიკულმა იმპერიალიზმმა შემოგვიტია და ქართული ენა მოსპობა განიზრახა. ამიტომაც მოვუწდებ ქართველ პედაგგოებს, ახლა მაინც გამოიჩინონ გამბედაობა და უარი თქვან ინგლისური ენის სწავლაზე, ვიდრე ქართული ენის იგნორირება არ შეწყდება.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)