"ყველაფერი ნათელია: არჩევანი ორ ბოროტებას შორის“ - კვირის პალიტრა

"ყველაფერი ნათელია: არჩევანი ორ ბოროტებას შორის“

ჩეხეთის გაზეთ "პარლამენტნი ლისტ“-ში (Parlamentní listy) სათაურით: "ყველაფერი ნათელია: არჩევანი ორ ბოროტებას შორის“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ პრაღის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პრორექტორთან, პოლიტოლოგიის პროფესორ ოსკარ კრეიჩთან, რომელსაც ჟურნალისტი დანიელა ჩერნა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასა და მის სავარაუდო შედეგებზე, ომისადმი ჩინეთის დამოკიდებულებაზე ესაუბრება. ჩეხი პოლიტოლოგი საინტერესო პროგნოზებსა და დასკვნებს აკეთებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თქვენი აზრით, როგორია სინამდვილეში ჩინეთისა და რუსეთის დამოკიდებულება ერთმანეთთან? როგორც ვხედავთ, ჩინეთი თავს არიდებს რუსული ე.წ. "სპეცოპერაციისადმი“ უშუალო მხარდაჭერას, მაგრამ როგორც მოსალოდნელია, აპირებს რუსეთს ეკონომიკურად დაეხმაროს...

- რამდენიმე დღის წინ, რომში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანისა და ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრის, იან ძეჩის შეხვედრა გაიმართა. იან ძეჩი ერთ-ერთი ის პიროვნებაა, რომელიც ჩინეთის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს (იგი იყო ჩინეთის ელჩი აშშ-ში, საგარეო საქმეთა მინისტრი, დაჯილდოებულია უკრაინის ორდენით - ს.კ.). ჯეიკ სალივანმა ჩინეთს უკრაინის ომში ჩაურევლობისაკენ მოუწოდა, იან ძეჩიმ კი ამერიკის ყურადღება სანქციების მავლებლობაზე გაამახვილა. როგორც ცნობილია, ომის დაწყების დროიდან პეკინის პოზიცია უკრაინის მიმართ უცვლელია და ძირითადად ორ თეზისს ემყარება: პირველი - პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს დიპლომატიური გზით იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ ქვეყანას აქვს საკუთარი უსაფრთხოების დაცვის უფლება; მეორე - აუცილებელია გათვალისწინებული იყოს რუსეთის ინტერესები ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესში.

ჩინეთი ამ კონფლიქტში უფრო მომგებიან პოზიციაში იმყოფება, ვიდრე მსოფლიოს სხვა რომელიმე სახელმწიფო. პეკინი კიევს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და ამ დროს პენტაგონისაგან ითხოვს, რატომ აშენებს და აკონტროლებს ბიოლოგიურ ლაბორატორიებს უკრაინაში. იმავდროულად ჩინეთი მსოფლიოში შექმნილ ქაოსურ სიტუაციაში საკუთარ ინტერესებს იცავს და სარგებელს იღებს: ამჟამად ჩინეთის ეკონომიკა 7,5%-იან ზრდას აჩვენებს.

- როგორ აფასებთ ჩეხეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების ვიზიტს კიევში? თქვენი აზრით, უკვე რაიმე პოზიტიური არის?

- მათი ვიზიტი კეთილი ნების გამოხატულება იყო, ჟესტი, რომელიც პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. ომის შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ პრემიერ-მინისტრები კიევის შემდეგ მოსკოვთან დაიწყებდნენ მოლაპარაკებას, მაგრამ რადგანაც ეს არ მომხდარა, ანუ ჟესტის მნიშვნელობა რეალიზებული არ იქნა, შედეგიც სასურველი არ მოჰყოლია. პრაღამ მოსკოვთან კონტატქებზე უარი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა. ამასთან, უკრაინამ არ უნდა დაივიწყოს, რომ აღმოსავლეთის საზღვრებთან ერთად, [დროთა განმავლობაში] ვიღაცამ შეიძლება მისი დასავლეთი საზღვრების საკითხი წამოსწიოს (1940 წლამდე დასავლეთ უკრაინა - კარპატები და ლვოვის ოლქი პოლონეთში შედიოდა - ს.კ.).

- თქვენი აზრით, რა სურს ვლადიმერ პუტინს საბოლოოდ? ამბობენ, რომ ჩინელები ვლადიმერ პუტინს თავიანთ ალექსანდრე ლუკაშენკოდ გადააქცევენ...

- მას შემდეგ, რაც ნატომ 1999 წელს იუგოსლავია დაბომბა, მოსკოვი დასავლეთის მიმართ ნდობას ნელ-ნელა კარგავდა. დასავლელი დილომატები რუსეთს უღიმოდნენ, ალიანსი კი ფართოვდებოდა, ხდებოდა ე.წ. "ფერადი რევოლუციები“, რუსეთთან ახლოს მდებარე ქვეყნები დასავლური იარაღით მარაგდებოდნენ. მე არ ვიცი, რა განზრახვები აქვს ვლადიმერ პუტინს, მაგრამ მას ნამდვილად არ სურს ვინმეს დაემორჩილოს.

მე ასე ვიტყვი: პუტინის გეგმაში შედიოდა უკრაინის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შეყვანა, მაგრამ 2014 წელს მომხდარმა გადატრიალებამ მისი მიზნის განხორციელებს ხელი შეუშალა. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინასთან ერთად ამ ალიანსის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 200 მილიონზე მეტი იქნებოდა, რაც მსოფლიო პოლიტიკაში მას კონკურენტუნარიან გაერთიანებად გადააქცევდა...

- ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტს არავისთან არ ჰქონია კონსულტაცია ამ ოპერაციის დაწყებისათვის. თქვენ რა ვერსია გაქვთ - როგორ ვითარდებოდა მოვლენები ომის დაწყებამდე უკანასკნელ საათებში, 24 თებერვლის ღამით?

- მე იმ ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებსაც ბოლო წუთამდე არ სჯეროდათ, რომ რუსეთის ლიდერი ომს დაიწყებდა. ახლა, როცა სიტუაციას ვაანალიზებ, ვხვდები, რომ მისი ნიშნები ნამდვილად ჩანდა და წინაპირობები იქმნებოდა (დონბასიდან მოსახლეობის ევაკუაცია, ჯო ბაიდენის განცხადება, ამერიკის არმია უკრაინას არ დაიცავსო და ა.შ.), თუმცა უკვე გვიანია. მოკლედ, ომის დაწყება გიჟის გადაწყვეტილება არ ყოფილა, ეს იყო ვლადიმერ პუტინის მიერ გათვლილი ნაბიჯი.

- თუ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების წინ, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინის ხელში უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი იქნება, რას მიაღწევს იგი ამ ქვეყნის "ნეიტრალიზაციით“?

- სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ რომელიმე რეალურ ფაქტორს, რომელიც უკრაინის არმიას დამარცხებას ააცილებს. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლის ველზე მეტი უპირატესობა და დიდი რეზერვები აქვთ. დიახ, რუსები წინ ნელა მიდიან, რაც, სავარაუდოდ, სამი მიზეზით აიხსნება: პირველი - მოსკოვი მეტ-ნაკლებად თავს არიდებს თავისი არმიის დანაკარგებს და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას; მეორე - კრემლისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ უკრაინის არმია არ დაიშალა და რუსულენოვანი ოლქების მოსახლეობა კიევის წინააღმდეგ არ გამოვიდა და მესამე - რუსეთის არმიის ნელი წინსვლა, ალბათ, იმითაც არის გამოწვეული, რომ თავისი ზურგი პარტიზანული მოძრაობისაგან დაიცვას.

საერთოდ კი, ვფიქრობ, რომ „გორდიას კვანძი“, რომელიც უკრაინის ნატოს წევრობასთან იყო დაკავშირებული, უკვე გადაჭრილია: აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა.

- "დაწვა თუ არა ხიდები“ ვლადიმერ პუტინმა იმ დასავლელ ლიდერებთანაც, რომლებსაც მის მიმართ გარკვეული სიმპათიები ჰქონდათ? მხედველობაში მყავს, უპირველესად, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები...

- კოლექტიური დასავლეთი ჯერ-ჯერობით ფრთხილად მოქმედებს. აშკარად შესამჩნევია, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს სხვადასხვა პოზიციები აქვთ. პარიზი და ბერლინი ფიქრობს, რომ დადგება დრო, უკრაინაში ომი დასრულდება და ევროპას ცხოვრება მაინც რუსეთთან ერთად მოუწევს. არიან ქვეყნები, რომლებიც ცალმხრივად და მინიმალური პასუხისმგებლობით მოქმედებენ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ