"ბავშვებს, რომლებიც სახლებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ტოვებენ, ადამიანებით მოვაჭრეების მხრიდან დამატებითი საფრთხე ემუქრებათ" - კვირის პალიტრა

"ბავშვებს, რომლებიც სახლებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ტოვებენ, ადამიანებით მოვაჭრეების მხრიდან დამატებითი საფრთხე ემუქრებათ"

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განცხადებით, იმ ბავშვებს, რომლებიც თავიანთ სახლებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ტოვებენ, ადამიანებით მოვაჭრეების მხრიდან დამატებითი საფრთხე ემუქრებათ, რადგან ისინი ხშირად ცდილობენ გამოიყენონ ქაოსი, რაც მოსახლეობის გადაადგილებას თან ახლავს.

UNICEF-ისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის (ICAT) მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გამოვლენილი ტრეფიკინგის მსხვერპლთა 28% ბავშვები არიან.

ექსპერტები თვლიან, რომ სავარაუდოდ, ბავშვები უკრაინიდან ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლთა კიდევ უფრო დიდ ნაწილს შეადგენენ. 24 თებერვლიდან 17 მარტამდე უკრაინიდან რუმინეთში მიმავალი 500-მდე უპატრონო არასრულწლოვანის იდენტიფიცირება მოხდა. UNICEF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის აფშან ხანის თქმით, ომი უკრაინაში მასიურ გადაადგილებას და ლტოლვილების ნაკადს იწვევს - პირობებს, რამაც შეიძლება ადამიანებით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა და ბავშვთა დაცვის მწვავე კრიზისი გამოიწვიოს.

”ლტოლვილი ბავშვები უკიდურესად დაუცველები არიან ოჯახებისგან განცალკევების, ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის კუთხით. საჭიროა რეგიონში, მთავრობებმა მიიღონ და გააძლიერონ ზომები ბავშვების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად”, - აღნიშნა ხანმა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 1,5 მილიონი ბავშვი გახდა ლტოლვილი, ათასობით კი ქვეყნის შიგნით დევნილად იქცა.