ვინ იყო უკრაინაში მოკლული რუსი პოლკოვნიკი, რომელიც აგვისტოს ომში და სავარაუდოდ, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, რუსეთის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი, სერგეი სუხარევი, რომელიც არსებული ცნობებით, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა, უკრაინის ომში მოკლეს.
სავარაუდოდ, სუხარევი 2009 წელს გავრცელებულ იმ ვიდეოში ფიგურირებს, სადაც გიორგი ანწუხელიძის წამებაა ასახული. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა, ოკუპანტებმა აწამეს, ხოლო შემდეგ, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
ვიდეოში, რომელიც 2009 წელს ინტერნეტში გავრცელდა, ჩანს, რომ სეპარატისტები ეროვნულ გმირს რიგრიგობით ძლიერად ახტებიან ზურგზე და აიძულებენ მიწას აკოცოს. აგინებენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებიან. პირიდან სისხლი მოსდის, თუმცა, წინააღმდეგობას მაინც უწევს და ბოლომდე არ იხრება მიწისკენ.მაშინ ამ ვიდეომ მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა. კადრებზე ასახული მოძალადეებიდან უმეტესობა გიორგი ანწუხელიძეს ოსურად ელაპარაკებოდა. ერთ-ერთ მომენტში ისმის რუსი სამხედროს სიტყვები, რომელიც რუსულად უაქცენტოდ საუბრობს და სავარაუდოდ, ის რუსია.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ კადრებში, ერთ-ერთი პირი, სწორედ უკრაინაში ლიკვიდირებული სერგეი სუხარევია. (გაგრძელება)