პეტრო პოროშენკო ჯო ბაიდენს უკრაინაში ჩასვლისკენ მოუწოდებს, ვლადიმერ პუტინს კი "გიჟ მანიაკს“ უწოდებს
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის ფარგლებში ევროპაში ვიზიტისას, უკრაინას უნდა ეწვიოს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„რატომაც არა - ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, უკრაინის ძალიან კარგი მეგობარი, ჯო ბაიდენი, გლობალური მსოფლიოს ლიდერი, რომელიც ახლა აჩვენებენ ლიდერობას - რატომ არ მოვა აქ მომავალ კვირას, როგორც ჩვენდამი სოლიდარობის სიმბოლო?" - განუცხადა სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილმა პეტრო პოროშენკომ CNN-ის ჟურნალისტს.
თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი ბრიუსელში 24 მარტს დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება და ასევე დაესწრება ევროპული საბჭოს სხდომას.
"ეს იქნება უკიდურესად სწორი ნაბიჯი იმის სადემონსტრაციოდ, რომ მთელი მსოფლიო ჩვენთან ერთად არის რუსეთის წინააღმდეგ", - დასძინა პოროშენკომ.
უკრაინის ყოფილმა პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "გიჟი მანიაკია" და თქვა, რომ უკრაინელებს აქვთ "ტყვიაგაუმტარი ერთიანობა".
პოროშენკო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების მოწოდებითაც გამოვიდა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაძლიერებაც მოითხოვა.
"ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ უკრაინის მიწისთვის. ჩვენ ვიბრძვით ევროპის უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის. ასევე თქვენთვის, შეერთებული შტატებისთვის. ჩემი თხოვნაა, დაგვეხმარეთ მსოფლიოს გადარჩენაში. დაგვეხმარეთ გადავარჩინოთ ევროპა. დაგვეხმარეთ, რომ გადაგარჩინოთ თქვენ“ - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.