"მწვანე სინათლე“ ჩვენს ფანჯრებში - კვირის პალიტრა

"მწვანე სინათლე“ ჩვენს ფანჯრებში

"ამას წინათ მკითხეს, კაქტუსს რა უყვარსო? მაგრამ ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი - გააჩნია, სად არის მისი სამშობლო. ასევეა ყველაზე გავრცელებული მცენარე ფიკუსიც. უნდა ვიცოდეთ მისი სამშობლო, როგორი მიწაა იქ. მცენარეს თავისი მშობლიური გარემო და იქაური პირობები მოსწონს"

სკოლაში მათემატიკას 25 წელიწადი ასწავლიდა, მაგრამ ახლა კვალიფიციურ მემცენარედ იცნობენ. მისი ყვავილები საქართველოში ბევრს აქვს შინ, ბევრიც აზრს ეკითხება, როგორ მოაშენოს და მოამრავლოს. ფიქრია ცისკარიშვილს ცხოვრების დიდი ნაწილი თელავში აქვს გატარებული, თუმცა ზუგდიდშია დაბადებული, გაზრდილი კი - ულამაზეს სოხუმში.

- ამ დღეებში თოვლი რომ მოდიოდა, სოხუმი გამახსენდა - ბავშვები სკოლიდან სანაპიროზე გავრბოდით მაღალი და დათოვლილი პალმების ძირში, ვარხევდით და გვიხაროდა, თავზე რომ გვეყრებოდა. თოვლი იშვიათად მოდიოდა, მაგრამ როცა მოვიდოდა, დღესასწაული იყო. მე-10 კლასში ვიყავი, სოხუმში პირველი ტროლეიბუსი რომ გამოჩნდა და ქალაქს 10 წრეს მაინც შემოვუვლიდი. ქუჩებში ფეხით სიარულიც მიყვარდა. ჩვენი ოჯახი იქ საცხოვრებლად ზუგდიდიდან გადავიდა. სახლი ზღვას გადაჰყურებდა და ღამე საოცარი სანახავი იყო, პორტში განათებული დიდი და ცნობილი გემები რომ შემოდიოდნენ...

kaqt4-1647769117.jpg

თელავში კი აფხაზეთის დაკარგვამდე კარგა ხნით ადრე გადმოვედი, რადგან აქეთ გავთხოვდი.

- ალბათ, სოხუმის ლამაზმა გარემომ და იმანაც, რომ მამა აგრონომი გყავდათ, გააღვივა მცენარეების მიმართ სიყვარული...

- მამამ პატარა სახლი იყიდა დიდი ეზოთი. იქაურობა კარგად მოაწყო. სახლიც და ეზოც შეუდარებლად ლამაზი იყო. მცენარეები თავიდანვე მიყვარდა და თელავში რომ გადმოვედი, აქაც მოვამრავლე... სკოლაში მუშაობას თავი როცა დავანებე, ერთი პერიოდი მოსწავლეებს ვამზადებდი, მაგრამ ახლა რასაც ვაკეთებ, ეს სულ სხვა რამ არის.

- თელავი, როგორც ჩანს, მოგეწონათ.

- თელავის ინსტიტუტში ვსწავლობდი, ბოლოს კი ბინაც აქ დავიდე. ამ ქალაქში ყოველთვის გამორჩეული საზოგადოება ცხოვრობდა, კარგი განათლების მიღებაც შეიძლებოდა და კულტურული ცხოვრებაც დუღდა...

kaqt2-1647769116.jpg

სკოლაში მუშაობას თავი რომ დავანებე, ეზო უკვე სავსე მქონდა მცენარეებით, ნამდვილი ბაღნარი იყო. დაახლოებით მაგ დროს ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და შვილმა და მეუღლემ ორანჟერეა გამიკეთეს. ამან დეპრესიიდან გამომიყვანა. არადა, ცუდი დრო იდგა (1999 წელი იყო), სტუდენტი შვილები მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მეუღლეს დამოუკიდებელი ინსტიტუტიც ჰქონდა, თელავის უნივერსიტეტშიც მუშაობდა, მაგრამ დაბალი ანაზღაურების გამო ორი სტუდენტის შენახვა მაინც გაჭირდა და სწორედ მაშინ ორანჟერეა ძალიან დამეხმარა - ყვავილებით თბილისში ჩავდიოდი და ვყიდდი. ჩემი კლუბიც გავაკეთე.

ახლა ჩემი ბიჭი აშშ-ში წარმატებული ექიმია, გოგონაც იქ არის, თავისი სპეციალობით საქმიანობს. ორივე ამერიკის მოქალაქეა. დღეს ამ საქმეს იმიტომ არ ვაკეთებ, რომ მიჭირს. ამ ყველაფერს დიდი მიზიდულობა აქვს. დრო ორანჟერეაში მუშაობისას ისე გადის, ვერც ვიგებ. ჩემს თავს ვეკითხები, როგორ არ გეზარება ამდენი საქმის კეთება-მეთქი, მაგრამ თავი როგორ დავანებო, როცა ვიცი, რომ მცენარეებს ჩემი დახმარება სჭირდებათ?! შეიძლება სხვა საქმე გადავდო, ამას კი არ ვუღალატებ.

- 1000-ზე მეტი დასახელების მცენარე გაქვთ: ფოთლოვანი, მარადმწვანე, ეკლოვანი, მოყვავილე... ზოგს სითბო უყვარს, ზოგს - ჩრდილი... როგორ ახერხებთ ორანჟერეაში მათთვის შესაფერისი გარემოს შექმნას?

- სინათლის მოყვარულებს ერთად ვათავსებ, ჩრდილის მოყვარულებს შეიძლება ზემოდან სხვა თარო დავადგა. ტემპერატურას ვერაფერს ვშველი, დანარჩენს მორწყვით ვაბალანსებ.

- ცოტა ხნის წინ თელავიდან საცხოვრებლად წავკისში გადმოხვედით და ორანჟერეა აქაც გაქვთ. შეიცვალა რამე?

- თითქმის არაფერი... მცენარეები აქაც კარგად გრძნობენ თავს. წყალი თელავზე უკეთესია, რბილი. იქ კირიანი იყო. ჰაერიც კარგია წავკისში, რაც მცენარეებზე კარგად მოქმედებს.

- მცენარეების სიყვარული გასაგებია, მაგრამ ამ საქმის კეთებას ცოდნაც უნდა.

- თავიდანვე ვიწერდი სპეციალურ ჟურნალებს, სამეცნიერო ლიტერატურას. ჩემი ძმა სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში სწავლობდა და მის არაერთ წიგნსაც ვეცნობოდი, ძალიან ბევრ რამეს ვკითხულობდი. თუ მნიშვნელოვანი რჩევა შემხვდებოდა, ვიწერდი. ახლა ყველა წესი უკვე ვიცი, ბევრი რამ პრაქტიკამ მაჩვენა. არ მომერიდება იმის თქმა, რომ მცენარის `შიგნითაც~ კი ვიყურები. აგროქიმიისა და მიწათმოქმედების წიგნები დავამუშავე. ბოლო პერიოდში ინტერნეტიც შემომეშველა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ამიტომ საფუძვლიანად მოვკიდე ხელი. ამას წინათ მკითხეს, კაქტუსს რა უყვარსო? მაგრამ ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი - გააჩნია, სად არის მისი სამშობლო. ასევეა ყველაზე გავრცელებული მცენარე ფიკუსიც. უნდა ვიცოდეთ მისი სამშობლო, როგორი მიწაა იქ. მცენარეს თავისი მშობლიური გარემო და იქაური პირობები მოსწონს. ყურადღებით ვარ, რომ რომელიმეს რაიმე ავადმყოფობა არ შეეყაროს ფესვებში, არ დალპეს.

kaqt3-1647769116.jpg

- კაქტუსს ამყნობთ?

- კი, სხვადასხვანაირი საძირეები არსებობს. არის კაქტუსი, რომელიც ლამაზია, მაგრამ ფესვთა სისტემა სუსტად აქვს განვითარებული, ან ჭრელია, ფერადი, ესე იგი ქლოროფილი ცოტაა. კაქტუსი რაც უფრო მწვანეა, მასში მეტი ქლოროფილი და მეტი ფოტოსინთეზია, უფრო ძლიერია და ფესვთა სისტემაც უკეთ არის განვითარებული. მოკლედ, კარგად რომ განვითარდეს, აუცილებელია მწვანე საძირეზე დაიმყნოს, რომელსაც ძლიერი ფესვები აქვს. ეს მას მინერალებითა და საკვებით ამაგრებს და დაავადების მიმართაც მედეგს ხდის.

- წავკისში ეზოსაც თქვენ უვლით?

- დიახ. აქ ექვსი თვეა, გადმოვედით. 1000 კვადრატული მეტრია ფართობი. დავგეგმე, სად რა გაკეთებულიყო და, ფაქტობრივად, ეზო უკვე შევსებულია. ორიგინალური მცენარეები მაქვს - თელავშიც ასე მქონდა. ნაწილი იქიდან წამოვიღე. ზოგი საიდან მაქვს ჩამოტანილი და ზოგი - საიდან. წყალსაცავიც გავაკეთე და ლოტოსები მაქვს. ახლა ქვით ბილიკები გაკეთდება და კოინდარი დაითესება.

- ვინ გეხმარებათ?

- მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ, მაგრამ ყვავილებთან დიდი სიფრთხილეა საჭირო და ჩემს მეუღლეს სულ ვეუბნები, წყალი შენ არ დაუსხა-მეთქი. ვინც უნდა იყოს, ვერავის ვანდობ...

- როგორც ვიცი, არაერთი მოსწავლე გყავთ, რომლებსაც ამ სფეროში ბევრ რამეს ასწავლით. რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- ვისაც უნდა, რომ ეს საქმე გამოუვიდეს, გამოუვა, თუ ყურადღებით მიუდგება და ყველაფერს გაითვალისწინებს. ვიცნობ ისეთ ადამიანებს, მცენარეები უყვართ, მაგრამ წყლის დასხმა ავიწყდებათ და ყვავილი შინ, როგორც ტყვე, ისე ჰყავთ გამომწყვდეული. ასე არ შეიძლება. ყვავილს სახლში რომ მოიტანთ, ის თქვენი ნაწილი უნდა გახდეს. დიდი მცენარე არასდროს მიყიდია, ის ჩემ თვალწინ უნდა გაიზარდოს. იტყვიან ხოლმე, ეს როდის გაიზრდებაო და პირდაპირ დიდ ქოთანში ჩარგავენ, იქნება და იქნებაო. ეს არ არის სწორი - ქოთანი და ყვავილი ერთად უნდა იზრდებოდეს. მცენარე რომ გაიზრდება, ქოთანიც შესაბამისი უნდა შეურჩიო და ცოტა დიდში გადარგო.

მთავარია, ადამიანი გაერკვეს, უყვარს თუ არა ყვავილები, აქვს თუ არა საიმისო ნებისყოფა, რომ მცენარის ხასიათი შეისწავლოს. რჩევაც ის იქნება, რომ ამისთვის თავიდან უნდა მოემზადოს.

- ამ მწვანე სამყარომ თქვენს ცხოვრებაში რა ფანჯარა გახსნა?

- კომუნიკაბელური ვარ, ამავე დროს - დისტანციურიც. ყველასთან ერთნაირი ურთიერთობა არ შემიძლია, მაგრამ ამ მცენარეებმა ძალიან დამაახლოვა ხალხთან. ბევრ ენერგიას გავცემ და მათგანაც სითბოს ვიღებ. მეტი ცოდნა, გამოცდილება და ნაცნობი შემძინა, რამაც ცხოვრება გამიხალისა.