ალპური ჯიშის თხების ფერმა ჯავახეთში - კვირის პალიტრა

ალპური ჯიშის თხების ფერმა ჯავახეთში

"სუფთა ჯიშის ალპურ თხას ძალიან კარგი წველადობა აქვს, როდესაც ბატკანს მოსწყვეტ, 5-6 ლიტრ რძეს იწველის, ბატკნისთვის რძე არ გვენანება, გვინდა, ჯანმრთელები გაიზარდონ, რათა შემდეგ უფრო მეტი და ხარისხიანი რძის პროდუქცია გვქონდეს"

მთელი ჩვენი ქვეყანა რომ შემოიაროთ, იშვიათად შეხვდებით თხის ფერმას, რომელსაც, ძირითადად, ამ ცხოველზე შეყვარებული ადამიანები უვლიან და არა - მსხვილი ფერმერები. ისინი თხის პროდუქტით დიდ მოგებას ვერ ნახავენ, საქმის გაფართოებას კი სახსრების კარგა ხანს გროვება სჭირდება, მაგრამ ეს არავის უნდა, გარდა მიზანდასახული ადამიანებისა, რომლებმაც იციან, რომ თხა შეიძლება არც ისე დიდი, თუმცა სტაბილური შემოსავლის წყაროა, რომლის გეგმიანად გამოყენების შემთხვევაში ფერმასაც მალე გააფართოებ. თხის ყველსა და რძეს მუდამ გაყიდი, რადგან იგი შეუდარებელი პროდუქტია ბავშვებისთვის. ცნობილია, რომ ათეული წლების წინ ჩვენს სოფლებში მეძუძური დედის რძის გაშრობის შემთხვევაში ჩვილს თხის რძით კვებავდნენ.

წალკელმა ძმებმა გურჩიანებმა, 18 წლის იაკობმა და 23 წლის გიორგიმ თხის სარგებლიანობის შესახებ წინაპრებისგან იცოდნენ და მისი გამრავლება ამიტომაც გადაწყვიტეს. შრომაში გამოწრთობილ, გონიერ ძმებს არც შემოსავლის განიავება სჩვეოდათ და ისიც იცოდნენ, რომ რამდენიმე თხას მალე ფერმად აქცევდნენ. დღეს წალკაში გურჩიანების თხის ფერმის შესახებ ყველამ იცის და მას რძისთვის არამხოლოდ იქაურები აკითხავენ. მალე გურჩიანთა ალპური ჯიშის თხის რძე ქალაქის მაღაზიებშიც გამოჩნდება, თანაც - მაღალი ფასით. რაც მთავარია, რძე ეკოლოგიური, სუფთა და გემრიელი იქნება, რომლის წარმოებისთვის ძმებმა ბევრი იშრომეს.

- რამ გადაგაწყვეტინათ თხების შეძენა ყმაწვილებს, რომლებმაც მათი მოვლის შესახებ არაფერი იცოდით?

გიორგი გურჩიანი:

- სამაგიეროდ, ყოველთვის ვიცოდით, რომ თუ თხას კარგად მოუვლი, აუცილებლად კარგად მოიწველება და ამ რძის პროდუქტი უამრავ ადამიანს ენდომება. შინაც ხშირად გვყავდა თითო-ოროლა ქართული ჯიშის თხა, რომლებსაც ჩემი ოჯახი უვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წველადობით არ გამოირჩეოდნენ, თხის ნამდვილი მოვლა კი მცხეთაში ვისწავლეთ იმ ფერმერთან, რომელმაც ავსტრიიდან ალპური ჯიშის თხები ჩამოიყვანა. ჩვენ მასთან ვმუშაობდით და საქმეშიც გულმოდგინედ ვეხმარებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი გამოუვიდა - იმ ჯიშმა მცხეთის კლიმატი ვერ აიტანა და დაკნინდა, ამიტომ ფერმერი იძულებული გახდა, თხები გაეყიდა. რამდენიმე თხა ჩვენც ვიყიდეთ, დღემდე მადლიერი ვართ ამ კაცის, რომ პირუტყვი შეღავათიან ფასად დაგვითმო. გახარებულებმა წავიყვანეთ გასამრავლებლად წალკაში, სადაც ოჯახის წევრებიც კი გავაბრაზეთ - არ უნდოდათ, თხები გაგვემრავლებინა.

tikani2-1647769767.jpg

- მაგრამ წინააღმდეგობა გადალახეთ.

- დიახ. ახლა მთელი ოჯახი ვუვლით ამ თხებს და უხარიათ კიდეც, რომ ამ საქმეში გვერდით გვიდგანან. თავიდან ალპური ჯიშის თხები ჩვენებურ, ქართული ჯიშის თხებთან შევაჯვარეთ და შედეგი ძალიან კარგი გამოგვივიდა. ახლა მთელი ჩვენი ოჯახი თხის ფერმას საუკეთესოდ უვლის. ფერმაში 55 სული თხა გვყავს, რომელთა უმეტესობამ ახლა დაიწყო დოლი.

- ესე იგი რძეც გაქვთ?

- რასაკვირველია. თხის რძისთვის შარშან უკვე გვაკითხავდნენ ბავშვების მშობლები, რომელთაც იციან, რომ ჩვილებისთვის თხის რძე შეუცვლელია.

- 55 თხა რამდენ ბატკანსა და რამდენ საკვებს ნიშნავს?

- 55 თხა ნიშნავს, რომ მათში ბევრია დედალი, რომელსაც ბატკანი ეყოლება და მაისიდან დღეში 50 ლიტრი გასაყიდი რძე გვექნება. უკვე გამოჩნდნენ კომპანიონებიც, რომლებიც ჩვენს რძეს იყიდიან, ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მოვლა გვევალება, რაც არ გვეშლება. თხებისთვის 100 კვმ ფერმა შარშან ავაშენეთ, სადაც ცხოველის შენახვის კარგი პირობებია. ფერმა მხოლოდ საკუთარი სახსრებით გავაკეთეთ და ძვირიც დაგვიჯდა. მისი ხარჯი ჯერ არ აგვინაზღაურებია, თუმცა ვიცით, რომ თხის რძის ნაწარმით ამას მალე შევძლებთ. ახლა მხოლოდ სუფთა ჯიშის ალპურ თხას ვამრავლებთ. მას ძალიან კარგი წველადობა აქვს, 5-6 ლიტრ რძეს იწველის, როდესაც ბატკანს მოსწყვეტ. ბატკნისთვის რძე არ გვენანება, გვინდა, ჯანმრთელები გაიზარდონ, რათა შემდეგ უფრო მეტი და ხარისხიანი რძის პროდუქცია გვქონდეს. ამავე დროს, თხებს გავყიდით, ბოტებს, რაც ძვირი ღირს, დაახლოებთ 700 ლარამდე.

- თხებს ვინ მწყემსავს, მშობლები გეხმარებიან?

- ხან მე, ხან - ჩემი ძმა. ამჟამად ახალწვეული ვარ, სამხედრო მოვალეობას ვიხდი და თხებს, ძირითადად, ჩემი ძმა უვლის, მწყემსავს. თხის გაშვება მწყემსის გარეშე არ შეიძლება, რადგან მგელი და ტურა ძალიან ემტერება. ალპური ჯიშის თხა სულაც არ არის ძნელი სამწყემსი. ქართული ჯიშის თხისგან განსხვავებით, ის სიმაღლეებზე არ დარბის, მშვიდია. თანაც თხის კვება უფრო ადვილია, ვიდრე სხვა მსხვილფეხა პირუტყვისა. ისეთი ცხოველია, რომ თუ დიდი თოვლი არ არის, შეგიძლია საძოვარზე მაინც გაიყვანო და თავის სამყოფ საკვებს მაინც იპოვის.ზამთრის მკაცრ პერიოდში თხებს თივას ვაჭმევთ, თუმცა სხვა პირუტყვთან შედარებით მას ნაკლები საკვები სჭირდება. წლეულს, მაგალითად, 55 სული თხა გვყავს და ყველას ერთად თითო დღისთვის მხოლოდ სამი შეკვრა თივა ვუყიდე. სამწუხაროდ, თივა ძალზე ძვირია და არც საძოვრები გვაქვს. როგორც ჩანს, ადგილობრივმა ბიუროკრატიამ საძოვრების შეძენა მოასწრო და არ მგონია, ამ მხრივ რამე შეიცვალოს. გარდა ამისა, თხას კიდევ ერთი საინტერესო თვისება აქვს - მოვლის პერიოდში ძალიან გეჩვევა, გცნობს და გელოდება, როდის მიუახლოვდები. ამის გამო პატრონს ძალიან უჭირს საკუთარი თხების დაკვლა და მისი საკვებად გამოყენება, ამიტომაც მირჩევნია, თხის ხორცი სხვისგან ვიყიდო.