"ჩვენი მომავალი ახალ ისტორიულ კონტექსტში უნდა ვეძიოთ“ - კვირის პალიტრა

"ჩვენი მომავალი ახალ ისტორიულ კონტექსტში უნდა ვეძიოთ“

"ზედმეტი სიფრთხილით თავი ისე არ უნდა დავიბეჩაოთ, რომ ჩვენთვის ანგარიშის გაწევა აღარავის მოუნდეს. არ ვლაპარაკობ მოვლენებში ცეცხლოვანი­ ჩართვის აუცილებლობაზე, ეს ისეთივე დამღუპველი იქნება, როგორიც - გასუსვა", - გვეუბნება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

- რუსეთ-უკრაინის ომს პუტინი სპეცოპერაციას უწოდებს. სინამდვილეში რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს ოკუპანტების ინტერვენციას, რომელიც უკრაინის საზღვრებს გასცდა? არის თუ არა ეს რუსეთის მიერ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის გამოცხადებული ომი?

- მეტსაც ვიტყოდი - ეს არის არა მხოლოდ ნატოსთვის, არამედ ნებისმიერი იმ საერთაშორისო ძალისთვის გამოცხადე­ბუ­ლი ომი, ვინც წინ აღუდგება დიდი რუსეთის იდეას. ღია თუ ფარული აგრესია­ მხოლოდ იმათ არ ეხება, ვინც უსიტყვოდ ემორჩილება პუტინის გეოპოლიტიკურ ფანტაზიებს, ასეთი კი სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ პუტინი და მისი გარემოცვა ახლანდე­ლი საერთაშორისო წესრიგის დაშლასა და მის ხელახლა შექმნას ისახავენ მიზნად. ამ ვითარებაში მათთვის მტერია ყველა, ვინც რუსული სამყაროს გემოვნებას არ შეესაბა­მება. ცხადია, ასეთებს შორის ნატოს გამორჩეული ადგილი უჭირავს. დასავლეთის­ მიმართ ბევრი კითხვა და პრეტენზია არსებობდა და არსებობს, მაგრამ ყველაფერი გაფერმკრთალდა იმ ბოროტებასთან­ შედარებით, რომელსაც პუტინიზმის სახით ვხედავთ. პუტინის ქცევაში ბევრმა რამემ მოიყარა თავი: დასავლეთის მიმართ მტრულმა დამოკიდებულებამ, რომელიც რუსულ პოლიტიკას საუკუნეების განმავლობაში ახასიათებდა, იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც მონღოლთა ნებით ებრძოდნენ დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროს; საკუთარი სახელმწიფოებრივი სხეულის აგების უუნარობამ, რის გამოც სახელმწიფოებრივი­ ცხოვრების მთავარ ფორმად ექსპანსია ექცათ; რუსეთს მხოლოდ ახალი ტერიტორიების დაპყრობა ანიჭებს სახელმწიფოებრივ კმაყოფილებას და არა განვითარებული ეკონომიკა, დახვეწილი სახელმწიფოებრივი­ ინსტიტუციები და ა.შ. რუსეთი, უკვე საუკუნეებია, საერთაშორისო პოლიტიკაში იქცევა ხულიგანივით, რომელიც კარგ საზოგადოებაში მოხვდა, შურით შესცქერის მას და ცდილობს, აგრესიით გადაფაროს თავ­ისი არასრულყოფილების შეგრძნება.

90-იანი წლების დასაწყისში ერთხელ ვთქვი, რომ რუსეთისაგან კიდევ ბევრ სიუ­რპრიზს უნდა ველოდეთ თუნდაც იმიტომ­, რომ ამ საზოგადოებას არ მოუნა­ნიე­ბია თავისი დანაშაული მილიონობით გაუბედურებული და მოკლული ადამიანის, მსოფლიოს მეექვსედზე მცხოვრები ხალხის ცხოვრების დამახინჯებისა და მათი დიდ სიცრუეში იძულებით მოქცევის გამო, ხოლო როდესაც საკუთარ დანაშაულებებსა­ და შეცდომებს ვერ ხედავ, შენგან კვლავაც მოსალოდნელია მათი გამეორება. დღეს უკრაინაში სწორედ ამას ვხედავთ.

- ცხადია, რუსეთი ცდილობს ამერიკის, უფრო კი ნატოს ჩათრევას ომში. რა გამოცდის წინაშეა ნატო და არსებობს თუ არა ალიანსსა და ევროკავშირში უკრაინის (და საქართველოს) გაწევრების პერსპექტივა?

- რუსეთი ცდილობს არა მაინცდამაინც ნატოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევას, არამედ უფრო იმას, თავისი რადიკალური და ირაციონალური სვლებით თუ მუქარით მას უკან დახევა აიძულოს. პუტინი ლენინგრადის ქუჩებშია გაზრდილი,­ დაბალი კულტურის წრეებში და ბავშვობიდან კარგად აითვისა ერთი ხულიგნური ხერხი: საიმისოდ, რომ მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურად დათრგუნო, ისე უნდა მოიქცე, იფიქრონ, რომ შენგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომაც მას სამხედრო მოქმედებებში ნატოს ჩართვა კი არ უნდა, არამედ მისი პარალიზება. როგორც ვხედავთ, ეს არ გამოუვიდა, ხოლო რაც გამოუვიდა, სცილდება პოლიტიკური ხულიგნობის ფარგლებს: თავშესაფრებში ხოცავს­ ადამიანებს, ჭურვებს ესვრის საავადმყოფოებსა­ და სკოლებს, ცხრილავს პურის რიგში მდგარ ადამიანებს... ეს უკვე ექსტრემალური ტერორია. რაც შეეხება ევროკავშირსა­ და ნატოში გაწევრებას,­ უახლოეს წლებში­ ამის დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს. ჯერ ერთი, ჩვენი ხელისუფლების ბოლო წლების პოლიტიკის მიმართ ბევრი კითხვა დაგროვდა. გაჩნდა ეჭვი, რომ საქართველო რუსეთისთვის შეიძლება სასაქონლო და სატრანზიტო დერეფნად იქცეს. ერთია სანქციებთან მიერთებისგან თავის შეკავება - ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები კიდევ გაიგებდნენ, მაგრამ მათთვის გაუგებარი იქნება, თუ ჩვენი ქვეყანა რუსეთისთვის სანქციების შედეგებისთვის თავის არიდების ერთ-ერთ გზად იქცევა. მეორე მიზეზი ის არის, რომ ნატოს ლიდერები თავს აარი­დებენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც­ გაწევრების კანდიდატსა­ და თავად ორგანიზაციას უარეს შედეგებს მოუტანს, ანუ ცივი ან ცხელი ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის გაწევრებას არ იჩქარებენ. იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო ხანებში ინტენსიურად საუბრობენ ახალი რეგიონული კავშირების შესაძლებლობის შესახებ. უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოვჩნდებით. გამარჯვების შემთხვევაში, რისი დიდი იმედი და მოლოდინიც გვაქვს ყველას, უკრაინა ევროპის მორალურ ლიდერად იქცევა. დადგება ევროკავშირის, როგორც სტრუქტურის მოუქნელობისა და მისი რეფორმირების აუცილებლობის საკითხი. იგივე პრეტენზიები გაჩნდება ნატოს მიმართაც და ამ ორი ორგანიზაციის მომავალში გადამწყვეტ როლს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეასრულებენ. ჩვენი მომავალი ამ ახალ ისტორიულ კონტექსტში უნდა ვეძიოთ. მთავარია, ზედმეტი სიფრთხილით თავი ისე არ დავიბეჩაოთ, რომ ჩვენთვის ანგარიშის გაწევა აღარავის­ მოუნდეს. არ ვლაპარაკობ მოვლენებში ცეცხლოვანი ჩართვის აუცილებლობაზე. ეს ისეთივე დამღუპველი იქნება, როგორიც - გასუსვა.

- დღეს რუსეთი ფაქტობრივად, მოკავშირის გარეშე დარჩა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან დახმარება ჩინეთს სთხოვა. დასთანხმდება ჩინეთი რუსეთს დახმარებაზე მაშინ, როდესაც მისი ეკონომიკა დასავლეთის ბაზარზეა დამოკიდებული?

- გასული საუკუნის 30-იან წლებში კაცობრიობას არ ჰქონდა გამოცდილება და ვერ ამოიცნო, რას წარმოადგენდა ჰიტლერი. დღეს ამ გამოცდილებამ ლამის მყისიერად იმუშავა და სულ ორ-სამ კვირაში საერთაშორისო ძალების არნახულ მობილიზებას ვხედავთ. სიტუაცია ისეთია, რომ რუსეთის მოკავშირეობას მხოლოდ ლუკაშენკოს მსგავსი ოდიოზური ფიგურა თუ დასთანხმდება, თუმცა ისიც კი ზრუნავს უკან დასახევ გზებზე: მისი ჯარისკაცები საზღვარზე არ გადადიან, ცდილობს, შუამავლის როლი იკისროს. რაც შეეხება ჩინეთს, მისთვის დასუსტებული რუსეთია ხელსაყრელი. სულ რამდენიმე წელი­წადში ჩინეთს შეუძლია, ის თავის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვასალად აქციოს, ამიტომაც თუ რუსეთს ჩინეთი დაეხმარება, მხოლოდ იმდენით, რომ კავშირები არ გაწყვი­ტოს და, ამავე დროს, არც დასავლეთის ბაზარი დაკარგოს. რუსეთის ბაზარი კიდევ დიდხანს ვერ იქნება მსყიდველობითუნარიანი. პუტინის ბირთვული მუქარა ჩინელებმაც ყურადღებით მოისმინეს, რადგან ეს მუქარა მხოლოდ დასავლეთს არ ეხება და ასეთი­ ირაციონალური მეზობელი არც ჩინელებისთვის არის სასურველი. ამ მუქარით პუტინმა უფრო გაირთულა მდგომარეობა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, პუტინს სურს "რუსული მიწების დიდი შემომკრების" სახელით შევიდეს ისტორიაში, გარდა ამისა, ის კარგავს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის როლს და ამის დაშვებაც­ არ უნდაო. როგორც ჩანს, ის, როგორც თავად­ უწოდებს, "კასტრირებული და დავრდომილი" ევროპის ასეთ პასუხებს არ ელოდა­ და უკრაინამაც ბევრი სიურპრიზი მოუმზადა...

- დასუსტებული და კასტრირებული დასავლეთის ილუზია ჰიტლერსაც ჰქონდა. დასავლეთს ერთი თვისება აქვს - მას უჭირს თავისი კომფორტის სივრცის­ დათმობა, დემოკრატიული მექანიზმებიც გადაწყვეტილებათა მიღებას აჭიანურებს, თუმცა რაღაც ეტაპზე აშკარა ხდება, რომ მას საკმარისი სასიცოცხლო ძალა ჰქონია. რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს, ვფიქრობ, რამდენიმე ხანში უკრაინაში ომი პოზიციურ ხასიათს მიიღებს და საქმე რესურსების ომამდე მივა. სწორედ აქ წამოეწევა რუსეთს ეკონომიკური სანქციების შედეგები, რაც რუსეთისთვის სავალალო იქნება, მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ პროცესი სწრაფი იქნება. კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს დაძაბული ცხოვრება.

- საქართველო, მოლდოვა, პოლონეთი,­ ბალტიისპირეთი - ამ ქვეყნებს განიხილავენ რუსეთის შემდგომ სამიზნედ. ბოლო დროს რუსეთი საქართველოში ლუგარის ლაბორატო­რიის აფეთქებაზეც ალაპარაკდა... როგორ უნდა მოვიქცეთ, უკვე შეცვლილ სამყაროში საჭირო დროს საჭირო ადგილზე რომ აღმოვჩნდეთ?

- უპირველესად, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი საშინაო კინკლაობას უნდა მოეშვას. ჩვენს საშინაო ბაკქანალიასა და ნაც-ქოცურ ჟივილ-ხივილში ისე ჩაიარა ჯერ ყარაბაღის მეორე ომმა, რომელმაც მთლიანად შეცვალა რეგიონის გეოპოლიტიკური სურათი, შემდეგ კი - თვეების განმავლობაში უკრაინასთან დაკავშირებულმა დაძაბულობამ, რომელიც ბოლოს ომში გადაიზარდა, რომ ვერც კი აღიქვეს, რა მოხდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, ქვეყანას უპატრონოს. ის გარემოება, რომ პარლამენტში გამოსულ პრეზიდენტს სიტყვის დასრულების შემდეგ "ოცნების" დეპუტატებმა და რამდენიმე განაწყენებულმა ოპოზიციონერმაც ტაში არ დაუკრეს, პოლიტიკური კულტურის სავალალო დეფიციტზე მეტყველებს. ამას საკონსტიტუციო სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაც დაუმატეთ და იოლად მიხვდებით, რომ კარგ დღეში არა ვართ.

დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მეგულება, ვისაც შეუძლია, მიმდინარე ინტრიგებზე ამაღლდეს და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების მიხედვით მოიქცეს, მაგრამ ისინი დიდ გავლენას ვერაფერზე ახდენენ. სამწუხაროდ, მედიაც ხელს უწყობს ამას, ვერ აცნობიერებენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და "ნიუსების" ძებნაში ისედაც აუტანელ შიდააშლილობას ხშირად უფრო აღვივებენ. მუდმივი საინფორმაციო ქაოსი და ზღვრული შიდა დაძაბულობა სახელმწიფოებრივი ცნობიერების დარღვევის გზაა და ახლა თქვენ უპასუხეთ კითხვას, ვის ინტერესებს ემსახურება ეს. რაც შეეხება­ ჩვენს ქცევას, ცხადია, ხიფათს მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი, თუმცა არა - ქვეყნის რეპუტაციის ფასად. ლუგარის ლაბორატორიის თემა უკრაინაში ანალოგიური ლაბორატორიის არსებობის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით წამოიჭრა. თუ რუსეთს ამ თემის გააქტიურება დასჭირდა, რადიკალურ ნაბიჯებსაც გადადგამს, თუნდაც ამ ლაბორატორიაში კომისიის შეშვებაზე დავთანხმდეთ. რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიის აფეთქების მუქარას, რუსეთს სურს, საქართველო საფინანსო და სასაქონლო ტრანზიტის გზად გამოიყენოს. ამიტომაც, ვფიქრობ, ეს მუქარა უფრო ჩვენი ხელისუფლების დაყოლიებას ემსახურება. სანქციებს რომ არ შევუერთდით, აღარ ჰყოფნით. მერე კიდევ რაღაც ახალი მოუნდებათ და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენგან რაიმე ხეირის მოლოდინი ექნებათ.

ამასობაში კი, ცხადია, დავკარგავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირს, თუმცა დღეს ამ ნაბიჯის გადადგმა რუსეთს გაუჭირდება, რადგან სამხედრო, ეკონომიკური და, ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოებრივი კრახის წინაშეა და აგრესიის ამგვარი განვრცობით უფრო გაირთულებს მდგომარეობას. დარწმუნებული ვარ, პუტინის გარემოცვაში არიან ადამიანები, ვისაც კარგად ესმის ეს და გამალებული ფიქრობენ იმის გადარჩენაზე, რისი გადარჩენაც კიდევ შეიძლება. რუსული პოლიტიკის ქცევის წესი პარანოიალურია, მაგრამ ყველა პარანოიკი, ამავე დროს, ძალიან ეშმაკია და კარგად იცის, მიუხედავად თავის მოგიჟიანებისა, სად რა საფრთხე ელოდება. საბედნიეროდ, როგორც ჩანს, დასავლეთმა ალღო აუღო პუტინის ქცევას და ამას მის წინააღმდეგვე იყენებს. დიდხანს შეიძლება იმაზე ლაპარაკი, როგორ წამოაგეს პუტინი თავის რიტორიკაზე და ეს პროცესი 2008 წელს დაიწყო. ნუ მოგვატყუებს ის, რომ მაშინ დასავლეთი გულგრილად მოეპყრო ჩვენს სატკივარს. სწორედ მაშინ აღიქვეს პუტინის რუსეთი მტრად და მის წინააღმდეგ მიზანდასახული სტრატეგია ამუშავდა, რომლის შედეგებს, გარკვეულწილად, დღეს ვხედავთ. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის დასავლური ორიენტაციის მოქალაქეები ქვეყნის მტრები არიან. ამას მის გარემოცვაში სხვებიც აჰყვნენ. არ არის გამორიცხული, საგარეო მარცხის ფონზე ყურადღება საშინაო მტრებზე გადაიტანოს და ბრბოს აგრესია მათკენ მიმართოს. შედეგი რაც იქნება, ყველამ ვიცით...