"ტელევიზიებმა ომიც კი სპექტაკლისა და კონცერტის ნაწილად აქციეს“ - კვირის პალიტრა

"ტელევიზიებმა ომიც კი სპექტაკლისა და კონცერტის ნაწილად აქციეს“

"მოვრჩეთ მაიმუნობას, დავსერიოზულდეთ და დავიწყოთ საუბარი" - ამბობს პარლამენტარი იაგო ხვიჩია და დასძენს, რომ ჩვენ არ გვაქვს გააზრებული, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ, საით მივდივართ...

- ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეგვიძლია­. პოლიტიკისთვის მთავარი ინსტრუმენტი ლაპარაკია, ჩვენ კი პოლიტიკოსობას­ ამ ინსტრუმენტის გარეშე ვცდილობთ. ნაცები­ თავიანთი ხალხისთვის ლაპარაკობენ, ქოცები­ - თავიანთისთვის, არ ცდილობენ, იდეები­ წარადგინონ და ამით მიაღწიონ განმარჯვებას. როცა არ იცი, რა გინდა და ღობე-ყორეს ედები, მაშინ არის ყველაფერი­ რთული, შეუძლებელიც კი. ბევრი რამ გვიშლის ხელს, მათ შორის, წარსული და ჩვენი კონფიგურაცია: პარლამენტში ცოტა პოლიტიკოსია, რადგან უმეტესობა ვიღაცის კაცია, დამოუკიდებელი ადამიანი ძალიან ცოტაა, ეს კი ხელს უშლის საუბარს... არადა, ლაპარაკის დაწყება და საფრთხის გაცნობიერება აუცილებელია. მოვრჩეთ მაიმუნობას, დავსერიოზულდეთ და დავიწყოთ საუბარი. თუკი პოლიტიკოსები ამას ვერ ხვდებიან, მაშინ ხალხი უნდა მიხვდეს, რომ არ შეიძლება ასეთი პოლიტიკოსები ჰყავდეს. ვიდრე ეს არ მოგვარდება, ვიდრე არ დავინახავთ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, ეს პრობლემები მუდმივად იქნება.

- მეტი რაღა უნდა მოხდეს? აუცილებელია, მაინცდამაინც ბომბი ჩამოვარდეს?

- ალბათ, არა, თუმცა ბევრიც არაფერი­ უკლია... ვიცი, რომ ჩვენთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად ვიყოთ, მაგრამ ამაზე ჯერჯერობით არავინ ფიქრობს. მზადყოფნა ნიშნავს, რომ მოქმედებ, რაღაცას აკეთებ. ხალხი კია მზად, მაგრამ ჩვენი მმართველობითი სისტემა, პოლიტიკოსები და მედია არ არიან მზად, პრობლემა სერიოზულად დაინახონ. ტელევიზიებმა ომიც კი სპექტაკლისა და კონცერტის ნაწილად აქციეს. ვითარება ისედაც დრამატულია, ჟურნალისტები კი ცდილობენ, საკუთარი დრამა შექმნან.

- ალბათ, მედიის ნაწილს გულისხმობთ...

- რა თქმა უნდა, ამქვეყნად ყველა ერთნაირი არ არის და, ცხადია, ვერც მედია­ იქნება ერთნაირი, მაგრამ პრობლემა ყველგან არის. არ გვაქვს გააზრებული, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ, საით მივდი­ვართ. ვფიქრობთ თუნდაც იმაზე, რუსეთი რომ ჩამოიშლება, რა გეგმა გვაქვს? აი, ეს არის პრობლემა. კონკრეტულ სიტუაციებს გონივრულად ვერასდროს ვიყენებთ და ამიტომაც ვართ ერთ ადგილზე.

რუსა მაჩაიძე