"თავის დაზღვევა საჭიროა, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

"თავის დაზღვევა საჭიროა, მაგრამ...“

"თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, მას საქართველოსთვის არ ეცლება­. თუ გაიმარჯვებს, მისი მადა გაცილებით დიდი იქნება­ და ამ შემთხვევაში საქართველოში სამხედრო ოპერაცია არც კი დასჭირდება...“

"კვირის პალიტრას" თავდაცვის­ ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ესაუბრა.

- ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს­ საკითხზე რაღაცას იძულებით აკეთებ. ევროკავშირში­ გაწევრების განცხადება ღარიბაშვილისთვის იძულებითი ნაბიჯი იყო და ეს არის ტრაგიკული, ამის დასტური გახლავთ შარლ მიშელის დოკუმენტი და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.­ არასერიოზულია, დღეს მთავრობა ამბობდეს, რომ ევროკავშირის წევრობა უნდა, თან გვაყვედროს, რომ მათ გადადგეს ეს ნაბიჯი, რადგან კარგად ვიცით, რამდენი დავკარგეთ ევროკავშირთან ურთიერთობაში. რაღაც ისეთი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენი ევროკავშირში­ გაწევრება გარდაუვალი გახდეს. საზოგადოებამ, ქვეყანამ ეს უნდა მოვახერხოთ. მთავარი პოლიტიკური ნებაა და სწორედ ეს ნება უნდა გავაჩინოთ, თუმცა რომელ დაჩქარებულ წევრობაზე ვლაპარაკობთ, როცა ბუჩქებში ვსხედვართ...

- ამ ფონზე საქართველოში პოლონეთის პრემიერის ვიზიტი რას ნიშნავს?

- არ ვიცი, ეს ვიზიტი ჩემთვის არაფრის ნიშანი არ იყო, რადგან პოლონეთის საელჩოს სურდა, პრემიერი კაჩინსკის ძეგლის გახსნას დასწრებოდა, თუმცა, ალბათ, მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს პრემიერს, რომ არ დაიზარა და ამხელა ქვეყნის პრემიერის ჩამოსვლისას ბათუმში მაინც ჩავიდა... აი, პრეზიდენტ დუდას რომ არ შეხვდა, ეს იყო ნიშანი, რომ მას ამ თვალსაზრისით სერიოზული პრობლემა აქვს.

- ჩვენ რა სცენარებისთვის უნდა მოვე­მზადოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა პერსპექტივა აქვს საქართველოს?

- სცენარები მრავალნაირია. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. თუნდაც უკრაინის­ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რაზე ლაპარაკობენ, უკრაინის ნეიტრალიტეტის შემთხვევაში რა ელოდება ყირიმს, ან იმ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთს 24 თებერვლამდე ჰქონდა მიტაც­ებული.

ნეიტრალიტეტის საკითხს საქართველოში დიდი ხმაური მოჰყვა, ადამიანებმა­ უცბად გამოავლინეს საკუთარი სურვილები­, თუმცა მთავარი კითხვაა, რას ნიშნავს უკრაინის ნეიტრალიტეტი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ყირიმიდან ჯარი გაჰყავს? თუ ასეა, ეს უკვე სხვა მოცემულობაა. თუ ამას არ ნიშნავს, რა მოხდება, ყველაფერი 24 თებერვლამდე მდგომარეობას დაუბრუნდება? ეს სრულიად სხვა მდგომარეობაა. სანამ ამ კითხვების პასუხი არ გვეცოდინება, ვერაფერს ვიტყვით, რადგან ეს უშუალოდ არის დაკავშირებული ქვეყნის სუვერენულ საზღვრებთან. გასარკვევია, როგორი საზღვრებით ხდება უკრაინა ნეიტრალური ქვეყანა.

- უკრაინაში მოვლენების შესაბამისად, როგორ იცვლება ჩვენთვის საფრთხე?

- მე ვფიქრობ, ჩვენ ახლა რუსეთიდან მყისიერი საფრთხე არ გვემუქრება, არა მგონია, ახლა სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, მას საქართველოსთვის არ ეცლება­ და მოვლენები სხვანაირად განვითარდება. ღმერთმა ნუ ქნას და, თუ გაიმარჯვებს, მისი ამბიციები და მადა გაცილებით დიდი იქნება­ და ამ შემთხვევაში საქართველოში სამხედრო ოპერაცია არც კი დასჭირდება.

- ამის გათვალისწინებით, ხელისუფლ­ებისგან­ მუდმივად ომის საფრთხეზე ლაპარაკი ლოგიკურია?

- თავის დაზღვევა საჭიროა, მაგრამ რაც ახლა ხდება, ჰგავს ძახილს, მგელი მოდის, მგელი მოდისო. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს კეთდება არა საფრთხის პრევენციის, ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცების მიზნით. ხელისუფლება შეშინებულია საკუთარი უძლურების, უცოდინრობის­ გამო. მხოლოდ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ რუსეთის მითითებებს ასრულებენ, ასე ხდება, როდესაც არ გყოფნის ცოდნა, გამოცდილება, გონიერება, ქვეყნის სიყვარული. თუ რაღაც არ იცი, იმას მაინც ხომ უნდა ჰკითხო,­ ვინც იცის! ვერ ვიტყვით, რომ ეს ღალატია. ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა არის უცოდინრობა. სწორედ ამით არის გამოწვეული მათი უსაზღვრო შიში. ანალიზის უნარი არ აქვთ, ამიტომ ვერ ახერხებენ, რაციონალურად შეაფასონ ვითარება და დასკვნები გარემოებათა გათვალისწინებით გააკეთონ.

რუსა მაჩაიძე