"როცა ხელისუფლება ისე იქცევა, როგორც დასავლეთი, მაგრამ ლაპარაკობს, როგორც ლუკაშენკო, ეს არაკვალიფიციურობაზე მიუთითებს“ - კვირის პალიტრა

"როცა ხელისუფლება ისე იქცევა, როგორც დასავლეთი, მაგრამ ლაპარაკობს, როგორც ლუკაშენკო, ეს არაკვალიფიციურობაზე მიუთითებს“

დავით­ ბერძენიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის"­ ლი­დერი: - უკრინელი­ ხალ­ხისა და დასავლეთის სიმტკიცით უკრაინა­ აუცილებლად გაიმარჯვებს. სანქციები არის დამატებითი საშუალება და ხანგრძ­ლივი ეფექტი აქვს. მთავარი, რაც დღეს ეფექტი­ანია, არის შეიარაღება. ზელენსკის მეტი უნდა და ეს გასაგებია - უკრაინის ცა არ არის დახურული,­ თუმცა ბოლო დღეებში დასავლეთისგან სულ უფრო მეტ ჰაერსაწინააღმდეგო ტექნიკურ საშუალებას იღებს, ისეთსაც კი, როგორიც აქამდე არ ჰქონია.

- რას ფიქრობთ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებაზე?

- საქართველოს ხელისუფლება ინტელექტუალურ შეცდომას უშვებს. დედამიწის ზურგზე მხოლოდ მათ ჰგონიათ, რომ ამ ომში რუსეთი გაიმარჯვებს. ამით არის განპირობებული ღარიბაშვილის ასეთი უმსგავსო გამოსვლები. კიდევ კარგი, ქართველი ხალხი, ჩვენი მებრძოლები მკაფიოდ გამოხატავენ უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერას. ამის წყალობით საქართველო დგას დასავლეთისა და სიმართლის მხარეს. ღარიბაშვილისგან უკრაინაში ჩასვლას არ ველოდები, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს რა უშლის ხელს?! ის მხდალი ადამიანი არ არის და ქვეყანას პირი რომ მოჰბანოს, სწორი იქნება, ჩაბრძანდეს კიევში.

- გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ რუსეთს სწორედ ის აღიზიანებს, როცა ჩვენი ხელისუფლება საერთაშორისო ფორუმებზე იღებს მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს...

- საერთაშორისო არენაზე საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ნორმალურია. როცა საქართველო ისე იქცევა, როგორც დასავლეთი, მაგრამ ლაპარაკობს, როგორც ლუკაშენკო, ეს ხელისუფლების არაკვალიფიციურობაზე მიუთითებს. ევროკავშირის კანდიდატობა მინდა, მაგრამ ევროკავშირის სანქციებს არ ვუერთდები და ევროსაბჭოს პრეზიდენტის ხელმოწერილ დოკუმენტზე უარს ვამბობ - აი, ეს არის სწორედ უვიცობა. შეუძლებელია, განიხილონ ჩვენი საკითხი და არ გვკითხონ, გავაცოცხლებთ თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტს, ან რას ვფიქრობთ სანქციებზე...

ჩვენ გვიშველის უკრაინის წარმატება. ამ ომიდან დასავლეთი გამოვა გამარჯვებული და საქართველოს ხელისუფლება ჩვენ დამარცხებულებს შორის ვერ დაგვტოვებს.