"ჩვენ რომ გვყავდეს ადეკვატური ხელისუფლება, უკრაინაში დიდი ხნის წინ ჩავიდოდნენ“ - კვირის პალიტრა

"ჩვენ რომ გვყავდეს ადეკვატური ხელისუფლება, უკრაინაში დიდი ხნის წინ ჩავიდოდნენ“

ევროკავშირის წევრობის მოლოდინსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, სალომე სამადაშვილს ვესაუბრეთ.

- ამ ომში რუსეთი უკრაინას ვერ დაამარცხებს - ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავდაცვისთვის გაცილებით უკეთ მომზადებული აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთს წარმოედგინა. როგორც ჩანს, პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდება ეს ქვეყანა. უკრაინაში იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს ცეცხლი. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის ეკონომიკა ნგრევის პირასაა, არა მგონია, ჰქონდეს ფუფუნება, შეიარაღებული კონფლიქტი დიდხანს გააგრძელოს. იმედი მაქვს, მალე ვიხილავთ მოლაპარაკებებს, რომლებიც ამ ომს დაასრულებს. სამწუხაროა, რომ ასეთი სანქციები დასავლეთმა მანამდე არ შემოიღო - 2008 წელს, როდესაც ჩვენს პარტნიორებს ვაფრთხილებდით, რომ თუ ისინი რეჟიმის შესაჩერებლად ეკონომიკურ სანქციებს არ შემოიღებდნენ, შემდეგი უკრაინა იქნებოდა. ასეც მოხდა 2014 წელს. დასავლეთის პასუხი პუტინის აგრესიაზე მაშინაც არ იყო ადეკვატური და მივიღეთ კიდეც 2022 წლის ომი. სანქციები, რომლებიც ახლა დაუწესდა რუსეთს, უნდა გაგრძელდეს. იმედია, დასავლეთი საკუთარი შეცდომებიდან მაინც გამოიტანს დასკვნას და, ბოლოს და ბოლოს, ვნახავთ დამარცხებულ რუსეთს.

- თუმცა ზელენსკი არ არის კმაყოფილი ამ სანქციებით და დასავლეთის აქტიურობით.

- შესაძლოა, ზელენსკი მეტს ელის, მაგრამ უკრაინისადმი­ დასავლეთის ახლანდელი დახმარება უპრეცედენტოა, მათ შორის - შეიარაღების თვალსაზრისით. ეს აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთის სამეზობლოში ძლიერი თავდაცვისუნარიანობა.

- ბევრს ლაპარაკობენ რუსეთის სტრატეგიულ მარცხზეც...

- დიახ, და ეს განპირობებულია რამდენიმე მიზეზით. უპირველესი მიზეზია ის, რომ რუსეთში, დიდი ხანია, კორუმპირებული ავტორიტარული სისტემაა, მძვინვარებს კორუფცია და, როგორც ჩანს, თავდაცვისთვის განკუთვნილი ხარჯებიც იფლან­გება. როგორც ცივი ომის შემდეგ განიცადა კრახი საბჭოთა კავშირმა და მისმა იდეოლოგიამ, ახლაც ასე დამარცხდება პუტინის რეჟიმი და მისი იდეოლოგია.

- ზელენსკი მხარდამჭერებს უკრაინაში ჩასვლისკენ მოუწოდებს. ელოდებით თუ არა ჩვენი ხელისუფლებიდან ვინმეს ჩასვლას?

- ომის ზონაში ჩასვლა პირადი ინიციატივით ვერ მოხერხდება, ეს შეთანხმებული უნდა იყოს უკრაინის ხელისუფლებასთან. საქართველოს რომ ადეკვატური ხელისუფლება ჰყავდეს, ისინი უკრაინაში დიდი ხნის წინ ჩავიდოდნენ. ომის დაწყებამდეც მოვუწოდებდით, ჩასულიყვნენ, მაგრამ მაშინ არ ჩავიდნენ და ახლა ამას, მით უმეტეს,­ არ ველოდები. ღარიბაშვილს ტელეფონითაც კი არ ულაპარაკია ზელენსკისთან, "ლელოს" ინიციატივამ კი, რომ ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცემოდა, "ქართული ოცნების" დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია. იქ ჩასვლას კი არა, მის დისტანციურად ჩართვასაც ვერ ბედავენ.

- თუმცა ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭირეს...

- ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვისთვის მხარი რომ არ დაეჭირათ, ეს "ოცნების" ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება იქნებოდა. უკრაინა ამ ომში გაიმარ­ჯვებს­ და საქართველოს ხელისუფლება თავმ­ოჭრილი­ დარჩება. უკრაინა გახდება თავისუფლებისა და ევროკავშირში ჩვენი მომავალი უსაფრთხოების ფლაგმანი,­ თუმცა ხელისუფლების შეცვლის გარეშე ჩვენ წარმატების შანსი არ გვექნება. უკრაინის ხელისუფლებამ უკვე შეაფასა საქართველოს ხელისუფლების განცხადებები თუნდაც იმით, რომ ჩვენი ქვეყნიდან ელჩი გაიწვია.

- და მაინც, მიგვიღებენ ევროკავშირში?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არანაირი რეფორმები არ განუხორციელებია, ამას არ ველოდები. იმასაც კი ვერ მივაღწიეთ, რეზოლუცია, რომელიც პარლამენტმა მიიღო ევროკავშირში გაწევრების შესახებ, ყოფი­ლიყო მკაფიო დავალება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნისას არ გვაქვს რეფორმების განხორციელებისთვის აუცილებელი ბერკეტები.