"მაშინ, როცა ელჩი გაწვეულია, მართებული არ იქნებო­და, ზელენსკისთვის მოწვევა გაგვეგზავნა“ - კვირის პალიტრა

"მაშინ, როცა ელჩი გაწვეულია, მართებული არ იქნებო­და, ზელენსკისთვის მოწვევა გაგვეგზავნა“

"ოპოზიცია აუცილებლად ისარგებლებდა მომენტით და ისეთ თემას შემოაგდებდა, მერე მანიპულირების საგნად აქცევდნენ და ილუზორულ სურათებს შექმნიდნენ“

დასავლელი ლიდერები უკვე საჯაროდ აცხადებენ, რომ უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში პუტინი არ გაჩერდება. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ირწმუნება, რომ რუსეთის შემდგომი სამიზნე საქართველო და მოლდოვაა. საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ასეთი რთული გეოპოლიტიკური მოცემულობის მიუხედავადაც ვერ ახერხებს საერთო საფრთხეებსა და გამოწვევებზე დაფიქრებას და ისევ ურთიერთდაპირისპირებით იქცევს თავს. აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გააზრებული საფრთხე, რატომ ვერ ახერხებს ეროვნული თანხმობის მიღწევას ასეთ ურთულეს მომენტშიც კი და რას მიიჩნევს გამოსავლად? - გვესაუბრება მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე.

- როგორც ჩანს, საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანება ოპოზიციის ინტერესებს არ შეესაბამება. ამაზე მეტყველებს­ ის ფაქტი, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ­ საქართ­ველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის განხეთქილების შეტანას.­ სარგებლობენ,­ რომ უკრაინის ხელისუფლე­ბასთან ახლო ურთიერთობა აქვთ და ამას დეზინფორმაციული კამპანიისთვის იყენებენ.­ სინამდვილეში არც ქართველ ხალხს,­ არც საქართველოს ხელისუფლებას და არც ოპოზიციის ნაწილს არ უჩნდება კითხვა,­ სად არის საქართველოს ადგილი და სად დგას ჩვენი ქვეყანა. იმის არგუმენტად, რომ თითქოს ჩვენ არჩეულ კურსს გადავუხვიეთ, ვერ გამოდგება არაგონივრული სანქციები, რომლებსაც უკრაინის მეგობარი საქართველოს დაზიანება უფრო შეუძლია, ვიდრე ოკუპანტი რუსეთის. საქართველოს ახლანდელ სპეციფიკურ მდგომარეობას სწორედ ის ფაქტორი განაპირობებს, რომ ჩვენ სხვებზე ადრე გვაქვს მიღებული ანტისაოკუპაციო კანონი. იმ ადამიანებს, რომელთაც დასავლეთმა დღეს დაუწესა სანქციები, ჩვენ, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, შეზღუდვები გაცილებით ადრე დავუწესეთ.

- დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს საპარლამენტო უმრავლესობამ ომში მყოფი პრეზიდენტის მოსმენაზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ ზელენსკის ონლაინმიმართვის ინიციატივა ოპოზიციას ეკუთვნოდა, სახელდობრ - "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ლელოს".

- სინამდვილეში მიზეზი სხვა რამ იყო. ოპოზიცია ცდილობს, ზედმეტი დაძაბულობის მუხტი გააჩინოს. ამასთან, არსებობს რისკ-ფაქტორები, რომლებზეც მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თანაც მაშინ, როცა ელჩი გაწვეულია, მართებული არ იქნებო­და, ზელენსკისთვის მოწვევა გაგვეგზავნა­. ოპოზიცია აუცილებლად ისარგებლებდა მომენტით და ისეთ თემას შემოაგდებდა, რომელსაც მერე მანიპულირების საგნად აქცევდნენ და ილუზორულ სურათებს შექმნიდნენ. ახლახან ოპოზიციის ერთმა ნაწილმა დაიწყო­ ტყუილის გავრცელება, თითქოს პარლამენტმა სასწავლებლებში რუსული სექტ­ორის აღდგენის შესახებ კანონი მიიღო. შეამოწმეთ, თუ არსებობს ასეთი კანონპროექტი. ცხადია, არ არსებობს, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ოპოზიციის მეორე ნაწილი ფაქტის შემოწმების გარეშე შეუერთდა პირველი ნაწილის პროტესტს. ახლა ორივე ნაწილმა გადასარევად იცის, რომ პარლამენტში მსგავსი კანონპროექტი არ არსებობს, მაგრამ მაინც ლაპარაკობენ. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინაში ან სადმე სხვაგან­ ჩასულებიც ამაზე­ ილაპარაკებენ, მაგრამ იქ ხომ ვერავინ შეამოწმებს ჩვენი პარლამენტის დღის წესრიგს, ამიტომ ოპოზიციის სიტყვას ენდობიან, რადგან ვერც კი წარმოიდგენენ, რომ მათ ასეთი დიდი ტყუილის კადრება შეუძლიათ. საშინელი ხალხია, მხოლოდ იმიტომ გვცხებენ ჩირქს, რომ თავიანთ პარტიულ მიზნებს მიაღწიონ.

- ის ანალიტიკოსები და ექსპერტებიც კი, რომლებიც "ქართული ოცნების" ნაბიჯებს მართებულად მიიჩნევენ, ამბობენ, რომ თქვენი გუნდის ზოგიერთი ლიდერი თავისი არადიპლომატიური განცხადებებით თქვენივე გაკეთებულ საქმეს აფუჭებს.

- ამ საკითხზე შემიძლია ვიდავო. ვიცი, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იუნკრების საფლავზე გაკეთებული განცხადება გაქვთ მხედველობაში. სინამდვილეში ამ განცხადებას დიპლომატიური კრიტერიუმებით არაფერი დაეწუნება, მაგრამ თუ მას დავჩეხავთ და კონტექტს გამოვაცლით, შეიძლება მანიპულაციისთვის გამოადგეს ვინმეს.

- გასაგებია, როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ საქართველოს ახლა ომის წამოწყება ან ომში ჩარევა ხელს არ აძლევს, მაგრამ გაუგებარია, რატომ არ ვემზადებით თავდაცვისთვის? გამორიცხავთ, რომ შეიძლება რუსეთი ერთ დღეს ყოველგვარი საბაბის გარეშე შემოიჭრას ჩვენს ქვეყანაში?

- ჩვენი უპირველესი იარაღი, როგორც თადაცვის, ისე დეოკუპაციისთვის, არის დიპლომატია და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ეს საქართველოს გაცხადებული კურსია. რაც შეეხება შეიარაღებას, ოპოზიცია ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ რადგან იარაღს არ ვყიდულობთ, ე.ი. ლაჩრები ვართ. ეს არის სპეკულაცია ისტერიკის ფონზე და, ამავე დროს, ინსინუაცია. საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით, განა რა­ იარაღი უნდა შევიძინოთ, რომ თავდაცვის მექანიზმის შემუშავება და საომარი მოქმედებების წარმართვა შევძლოთ?! ახლა პრიორიტეტების შეცვლა და მშვიდობიანი­ დეოკუპაციისა და განვითარების ნაცვლად ომზე თვალის დაჭერა სწორი არ იქნება. პრემიერის თქმით, დღეს სერიოზული საფრთხე, რომ აგრესიის მსხვერპლი გავხდეთ, არ არსებობს, ამიტომ ახლა, რეგიონში შექმნილ უმძიმეს ფონზე, სამოქალაქო საზოგადოების მოსამზადებლად სერიოზული აქტივობის წამოწყება გამართლებული არ იქნება, ვინაიდან ამან შეიძლება პანიკა გამოიწვიოს...

- ფიქრობთ თუ არა, რომ პროვოკაციებისა და ახალ-ახალი საფრთხისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის "ალტ-ინფო"? რატომ არ ინტერესდებით, ვისი ფინანსებით ფუნქციონირებს ეს ორგანიზაცია და ვის ინტერესებს ემსახურება?

- ფინანსებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რამის თქმა გამიჭირდება, თუმცა მათ თვალყურს ადევნებენ, ამ ორგანიზაციის ზოგიერთი წარმომადგენელი შემჩნეულიც არის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, ასე რომ, არც ერთი მათი უკანონო მოქმედება არ დარჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე. რაც შეეხება მათი საქმიანობის აკრძალვას, კარგი იქნება, თუ ამ საკითხზე საუბრისას ზოგიერი პარტიის წევრები სიფრთხილეს გამოიჩენენ, რადგან ამავე ლოგიკით შეიძლება საკუთარი პარტიაც დააყენონ აკრძალვის საფრთხის წინაშე.

ხათუნა ბახტურიძე