"მე არ ვაბრალებ "ოცნებას“, რომ რუსეთს უჭერს მხარს, მაგრამ თავისი უმოქმედობით წყალს ნამდვილად მოსკოვის წისქვილზე ასხამს“ - კვირის პალიტრა

"მე არ ვაბრალებ "ოცნებას“, რომ რუსეთს უჭერს მხარს, მაგრამ თავისი უმოქმედობით წყალს ნამდვილად მოსკოვის წისქვილზე ასხამს“

"ხელისუფლება დღე და ღამე სამოქალაქო თავდაცვის სისტემებს უნდა ქმნიდეს. რუსეთთან შეუძლებელია ტკბილი ენით საუბარი, მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის" - გვითხრა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც ახლა უკრაინაშია.

- წესით, საქართველო ახლა ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს. არ მინდა, ვინმემ ჩემი განცხადება სპეკულაციებისთვის გამოიყენოს. ჩვენ ომისთვის კი არა, თავდაცვისთვის უნდა ვემზადებოდეთ. მოსახლეობას უნდა ვასწავლიდეთ, როგორ მოიქცნენ მტრის შემოჭრის შემთხვევაში. პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მე არც იმას გამოვრიცხავ, ბირთვული­ იარაღი აამოქმედოს, ჩვენ კი სამოქალაქო თავდაცვის სისტემა არ გვაქვს. ჩვენ არაფერი გაგვაჩნია. გვაქვს ჩამოშლილი საჯარისო შენაერთები, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" მენტალურად გაანადგურა. შენი ინფრასტრუქტურის თუ მზადყოფნის შემოწმება ომის ესკალაციას არ ნიშნავს. თუ ვინმე "ქართულ ოცნებას" საომარი რიტორიკისკენ მოუწოდებს, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები, მაგრამ დავფიქრდეთ: არის თუ არა რისკი, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრას? დიახ, არის. არის თუ არ პროვოკაციული რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით? დიახ, არის. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება დღე და ღამე სამოქალაქო თავდაცვის სისტემებს უნდა ქმნიდეს. პოლონეთს, ნატოს წევრ ქვეყანას თუ ეშინია და ამბობს, რომ შეიძლება რუსეთის თავდასხმის ობიექტი გახდეს, ჩვენ რით ვართ დაზღვეული? კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ დავრწმუნდეთ, რუსეთთან მოლაპარაკებას, დიპლომატიურ შეთანხმებას აზრი არ აქვს?!ახლა ჩვენი ერთადერთი ხსნა თავდაცვისთვის მზადება და ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგომაა.

- რა ხდება ახლა უკრაინაში, როგორია თქვენი თვალით დანახული რეალობა?

- ცოტა ხნის წინ გამოვედი კიევიდან­, დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. უკრაინა ძალას იკრებს მასშტაბური კონტრშეტევისთვის, რუსული არმია კი დემორალიზებულია. რუსი ხალხი თავს იტყუებს, ჰგონიათ, რომ ჯარი ჰყავთ, სინამდვილეში კი საზარბაზნე ხორცად გამოყარეს პატარა ბიჭები, ძალით მიათრევენ ფრონტის ხაზზე. იქამდე მივიდნენ, რომ სირიელებს სთხოვეს დახმარება, მაგრამ მათაც უარი უთხრეს. საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთი ისევ ბირთვული იარაღით დაიწყებს მუქარას. იცით, ზელენსკი რას ამბობს?! რუსეთის ბირთვული იარაღი მარტო მე კი არა, მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს და მხოლოდ მე რატომ უნდა დავთმო ჩემი ქვეყნის ინტერესებიო.

- ანუ რუსეთთან ერთად ახლა უკრაინაც გვაშანტაჟებს?

- ასე გამოდის, მაგრამ ვერ გაამტყუნებ.­ ისინი ახლა მხოლოდ უკრაინის კი არა, მთელი ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვიან, მაგრამ ამბობენ, რომ საკუთარი ტერიტორიებით, საკუთარი სიცოცხლით არ გადაიხდიან ბირთვული უსაფრთხოების საფასურს. უკრაინა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბირთვული სახელმწიფო იყო, მაგრამ ამერიკამ და რუსეთმა განაიარაღეს იმ დათქმით, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოებას თავად დაიცავდნენ. ახლა რა გამოდის? არც ერთმა არ შეასრულა პირობა და დღეს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად იბრძვის. ბრძოლას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე აპირებენ. ზელენსკის სწორი სტრატეგია აქვს - დასავლეთისგან მაქსიმუმს ითხოვს, რომ ის მაინც მიიღოს, რაც აუცილებელია - იარაღი!­ ამერიკა ვერ კეტავს უკრაინის ცას, მაგრამ აძლევს ზეთანამედროვე იარაღს, რომელიც ამ ომში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

ახლა საქართველოში ვბრუნდები, 24 მარტს ბრიუსელში მაქვს ვიზიტი და ვემზადები. ჩვენი მთავარი მისია - ქართველების სამშვიდობოს გამოყვანა შესრულებულია, ყოველ შემთხვევაში, მექანიზმი აწყობილია, ქართველი დევნილების ნაკადი კი შემცირებულია. ძალიან ბევრი ქართული ოჯახი გამოვაცილეთ. ახლა მნიშვნელოვანია ბრიუსელში ვიზიტი, იმიტომ, რომ "ალდეს" შეკრებაა. ამავე დროს, ნატოს ლიდერებიც იკრიბებიან, ამერიკის პრეზიდენტიც ჩამოდის. ყველა ვიზიტის მთავარი მიზეზი უკრაინაა და, ცხადია, საქართველოც. 24 მარტი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მანამდე მინდა პარლამენტარ კოლეგებთან ზოგიერთი საკითხი შევათანხმო.

- უკრაინიდან როგორ ჩანს საქართველოში მიმდინარე მოვლენები?

- ბოლო დღეებში ძალიან ბევრი დასავლელი კოლეგა დამიკავშირდა და ჩვენი ხელისუფლების პოზიციით გაოცება გამოხატა. ჩვენ ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიაზროთ - ერთდროულად ორ ცხენზე ვერ დაჯდები. რუსეთსა და დასავლეთთან ერთდროულად ყოფნა არ გამოვა. მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. ჩვენს პარტნიორებს აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა, რუსეთისთვის საქართველო დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლის მექანიზმი გახდეს.

- ეს მხოლოდ ეჭვია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, გზავნის იქ ჰუმანიტარულ დახმარებას და ხელს აწერს რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ყველა რეზოლუციას. რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, "ქართული ოცნების" თქმით, ეს საქართველოს უფრო დააზარალებს, ვიდრე - რუსეთს.

- სინამდვილეში საქართველოსგან არც ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვენ და არც ახალი ფრონტის ხაზის გახსნას. ერთადერთი, რასაც დასავლეთი სრულიად ობიექტურად ითხოვს, არის ის, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა. არ შეიძლება, რუსეთის ბაზარზე ევროპული პროდუქცია საქართველოს გავლით მოხვდეს; არ შეიძლება, რუსმა ოლიგარქებმა სვიფტის გადარიცხვები და დოლარისა თუ ევროს ტრანზაქციები საქართველოში განახორციელონ. უკრანელები ყველაზე მეტად საქართველოსგან ელოდნენ გვერდში დგომას, თუმცა, საბედნიეროდ, ისინი ხედავენ ქართველი ხალხის განწყობას და შეიძლება ითქვას, რომ ეს, გარკვეულწილად, ანეიტრალებს ხელისუფლების მცდარ პოზიციას. ქართველი ბიჭები სისხლის ფასად იცავენ უკრაინაში საქართველოს ინტერესებს. მე არ ვაბრალებ "ქართულ ოცნებას", რომ რუსეთს უჭერს მხარს, მაგრამ თავისი უმოქმედობით წყალს ნამდვილად მოსკოვის წისქვილზე ასხამს.

ხათუნა ბახტურიძე