"ახლა უნდა გამოჩნდეს, ვართ თუ არა ერი და გვაქვს თუ არა სურვილი, ვიბრძოლოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის“ - კვირის პალიტრა

"ახლა უნდა გამოჩნდეს, ვართ თუ არა ერი და გვაქვს თუ არა სურვილი, ვიბრძოლოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის“

უკრაინაში მცხოვრებ ქართველ რეზერვის პოლკოვნიკსა და დიპლომატთან, არჩილ ცინცაძესთან,­ ინტერვიუს დიდხანს ვგეგმავდით, თუმცა საუბარი მას შემდეგ შევძელით, რაც სამი ქართველი მებრძოლის, დავით რატიანის, გიორგი ბერიაშვილისა და ბახვა ჩიქობავას დაღუპვა შევიტყვეთ. ჩვენი ინტერვიუც ამ სამწუხარო ამბით დაიწყო.

- მიიღეთ ჩვენი სამძიმარი სამი ქართველი­ მებრძოლის დაღუპვის გამო. მათი ცხედრების გადმოსვენება მოხერხდა?

- დაწვრილებით ვერაფერს მოგა­ხსენებთ,­ რადგან ამ საქმეს საქართველოს საელჩო აგვარებს...

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველ მებრძოლებს შორის არიან დაჭრილებიც.

- ძნელია ამის თვალყურის დევნება,­ რადგან საქართველოდან ჩამოსული მოხა­ლისე­ები ძალიან ბევრ ქვედანაყოფში არიან. ეს არის ქართული ლეგიონი, საერთაშორისო ლეგიონი; ზოგი ქართველი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არიან; ზოგი არც ერთ ქვედანაყოფში არ არის და ჯგუფებად იბრძვიან. მე უფრო დიდ დაჯგუფებებთან მაქვს კავშირი, ვცდილობ, ყურადღება მივაქციო და ვიცოდე, მათთან რა ხდება.

samx-1647778798.jpg

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის­ მიმართულებით დაიწყო ქაოსური სროლა, რაკეტებით იერიში, არის მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების მსხვერპლი. მოვის­მინეთ ალექსეი არესტოვიჩის განცხადება, რომ ორ-სამ კვირაში ომის აქტიური ფაზა უნდა დასრულდეს. თქვენ როგორ აფასებთ ახლანდელ ვითარებას?

- არესტოვიჩი არ არის სამხედრო, ის არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერი, რომელსაც უფრო იდეოლოგიური­ მუშაობა ევალება, ამიტომ მე არესტოვიჩის განცხადებების ანალიზს არ გავაკეთებ. რაც შეეხება მდგომარეობას, კიევთან ვითარება რთულია. მოწინააღმდეგისა და ადგილობრივების გადაჯგუფება ხდება. უკრაინელებმა იციან, თუ ახლა მტერი მოახერხებს და კიევისა და სხვა ქალაქების მისადგომებთან პოზიციებს გაიმაგრებს, უფრო ძნელი იქნება მასთან ბრძოლა. ახლა რუსეთს არ აქვს დანაკარგის შევსების საშუალება, არადა, იმისათვის, რომ წინსვლა გაგრძელდეს,­ დანაკარგი უნდა შეივსოს, ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები ისევ ბრძოლისუნარიანი­ უნდა გახდნენ და შემდეგ მიიღონ ახალი დავალებები. შემდგომი დავალება იქნება თავდაცვა თუ აქტიური შეტევა, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ მეთაურობაზეა დამოკიდებული.

- რუსებს სჭირდებათ დანაკარგის შევსება,­ უკრაინას - ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები,­ სარაკეტო-საზენიტო დანადგარები, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ, მაგალითად, "მიგ-29" გამანადგურებლების მიწოდება ვერ მოხერხდა, თუმცა თითქოს პარტნიორები ამისთვის მზად არიან. ლავროვმა­ განაცხადა: "ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე და ჩავთვლით, რომ ეს არის იარაღი, ჩვენი კანონიერი სამიზნე გახდება".­

- ყველამ, ვინც საქმის კურსშია და თვალს ადევნებს მოლაპარაკებებს, ნაკლები­ უნდა ილაპარაკოს შეიარაღების გადაცემაზე, ვინაიდან ლაპარაკი­ მეტია, ვიდრე მხარდაჭერა, ან შეიძლება პირიქითაც იყოს, რუსეთის ფედერაცია კი ამას სათავისოდ იყენებს. ისინი წინსწრებით აკეთებენ განცხადებებს, რაც ხელს უშლის ასეთ ტრანსფერებს. ამ თემაზე ნაკლები საუბარი მოგვცემს საშუალებას, უფრო მტკიცე და მედგარი წინააღმდეგობა გავუწიოთ მტერს.

ლავროვი იმასაც აცხადებს, საცხოვ­რე­ბელ­ სახლებსა და საავადმყოფოებს იმიტომ ვბომბავთ, რომ იქ ექსტრემისტები და ნაციონალისტები არიანო. რუსებს არ სჭირდებათ რეალური მიზეზის მოძებნა, მათ შეუძლიათ ნებისმიერი განცხადების გაკეთება­ და ამის საფუძველზე ძალი­სმიერი ღონისძიებების გატარება. რუსეთმა­ კარგად იცის, რომ დღეს დასავლეთიდან უკრაინაში სამხედრო ტვირთი­ შემოდის. ერთხანს შემოდიოდა თვითმფრინავებით, ახლა უკვე სახმელეთო გზებით და, რა თქმა უნდა, ყველანაირად ეცდებიან, ჯერ დააშინონ უკრაინა, მერე კი ისევ ჩრდილოეთიდან ან სხვა მიმართულებიდან ასეთ ნაკადებს გზა გადაუკეტონ, რადგან სანამ უკრაინელები შეიარაღებასა და დაფინანსებას მიიღებენ, რუსეთისთვის შეუძლებელი იქნება ამ ხალხზე გამარჯვება.

- უკრაინის ვიცე-პრემიერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთი ემზადება საშიში პროვოკაციისთვის, რომელიც მითურ ბიოლაბორატორიებთან არის დაკავშირებული. მანამდე ერთ-ერთი რუსი ექსპერტი, ვინმე მიხეილ ალექსანდროვი, ამბობდა, რომ თუკი საქართველო უარს იტყვის ამერიკულ ლაბორატორიებში­ რუსი ინსპექტორების შეშვებაზე, რუსეთს ეძლევა უფლება, ასეთ ლაბორატორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანოს. ეს ორი განცხადება ერთმანეთს რომ დავუკავშიროთ, როგორი პროგნოზის გაკეთება შეგვიძლია და როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში საქართველო?

- თქვენ მიგაჩნიათ, რომ რუსეთს რეალური მიზეზი სჭირდება იერიშის ან სამხედრო მოქმედებების დასაწყებად? ცხადია, არა! მათ შეუძლიათ თვითონ მოიგონონ ნებისმიერი საბაბი საკუთარი განზრახვის განსახორციელებლად, ამიტომ მათი განცხადებების 90-95% ბლეფია. არაფერი დაიჯერება არც მათი დანაკარგის შესახებ, რომელსაც განზრახ ამცირებენ. მოკლედ, აბსოლუტური ქაოსია. მათ სურთ, საკუთარი საქციელი გაამართლონ - ეს არის და ეს. მათ შეუძლიათ, დღეს გამოაცხადონ, რომ საქართველოში ან უკრაინაში ქიმიური, ატომური ან ბირთვული იარაღი იწარმოება, ხვალ კი იერიში მიიტანონ, მაგალითად, თეატრზე, ცირკზე ან ბაგა-ბაღისა თუ სკოლის შენობაზე და თქვან, რომ იქ იქმნებოდა საშიში იარაღი. მათ სცადეს, უკრაინელები ბირთვული იარაღის შექმნაში დაედანაშაულებინათ, ვინაიდან ამერიკელებმა აქაც წინსწრებით გაამჟღავნეს თავიანთი სურვილები. ამ ინტერვენციამდეც ამერიკელები ამბობდნენ, რომ მათი სადაზვერვო ინფორმაციით რუსეთი­ ომს აპირებდა. ცხადია, რუსეთი ამას ბოლო დღემდე­ არ აღიარებდა. სანამ 24 თებერვალს დაბომბვა­ არ დაიწყეს, ამბობდნენ, რომ მხოლოდ წვრთნებს ატარებდნენ, მერე კი ეს მათთვის­ იდეოლოგიურად გამართლებულ მოქმედებად იქცა, რომლის მიზანი უკრაინაში ნაცისტების განადგურება­ იყო. ხვალ შეიძლება ასეთივე "ნაცისტების" განადგურება მოუნდეთ მოლდოვაში­, ზეგ - ისევ რუსეთის მოქალაქეების დაცვა საქართველოში და ა.შ. მათ მიზეზი არ დაელ­ევათ. მთავარია, ჩვენ როგორ ვიქნებით მომზადებული იდეოლოგიურად და წინსწრებით რას გავაკეთებთ, რომ არ შთანთქან თავის გარშემო არსებული ყველა ერი და სახელმწიფო.

- დანაკარგები ახსენეთ... უკრაინის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, რუსეთმა 14 200 მებრძოლი დაკარგა. მოვისმინეთ არაერთი­ მოწოდება რუსი დედებისადმი, რომ არ გაუშვან საკუთარი შვილები სასიკვდილოდ და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებსაც მიხედონ. მოჰყვა ამას გამოხმაურება? რუსეთმა მოიკითხა საკუთარი ჯარისკაცების ცხედრები?

- დღეს რუსეთი აბსოლუტურად იზოლირებულია სამყაროსაგან. ჩვენ ხშირად ვისმენთ ტყვეების სატელეფონო საუბარს მშობლებთან, ცოლებთან, შვილებთან; ისინი ცდილობენ, მათ აუხსნან, რა მდგომარეობაში არიან და სთხოვენ, უკრაინაში აღარავინ გამოგზავნონ, მაგრამ მეორე მხრიდან­ აბსოლუტურად უემოციო, წარმოუდგენლად მშვიდი, იდეოლოგიურად ტვინგამორეცხილი ადამიანების პასუხები ისმის, რომელთაც, ჯერ ერთი, არ სჯერათ, რომ ისინი უკრაინაში არიან, მეორე, არ სჯერათ, რომ უკრაინელები საკუთარ თავს იცავენ და მესამე, მათთვის წარმოუდგენელია, რომ რუსი ჯარისკაცი, რომელიც ასეთი გაღმერთებული და მათთვის უძლეველი იყო, უკრაინაში ასეთ დღეში აღმოჩნდა. გარდა­ცვლილთა შესახებ მონაცემებს, თუნდაც რეალურს, რუსეთი ჯერჯერობით სარწმუნოდ არ მიიჩნევს იმიტომ, რომ ამ ხალხის ზომბირება დიდხანს გრძელდებოდა. შეიძლება 100 ათასმა გარდაცვლილმაც კი არ იმოქმედოს მათზე. ხსნა მხოლოდ ის იქნება, უკრაინელებმა მოახერხონ და საბრძოლო მოქმედებები მაქსიმალურად გააჭიანურონ.

- პენტაგონის დაზვერვის მოსაზრებით, თუკი უკრაინელები ასე მედგრად გააგრძელებენ წინააღმდეგობას, პუტინი ისევ გაააქტიურებს ბირთვული იარაღით მუქარას და ამ შემთხვევაში მუქარის ადრესატი დასავლეთი იქნება.

- ესეც ბლეფია! პუტინს მეტი აღარაფერი დარჩება და იძულებული იქნება, ეს მუქარა გვასმენინოს. მე ჩემი თეორია მაქვს: ვთვლი, რომ თუ მხარეები 30-დღიანი ბრძოლის შემდეგ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას, პირობები ერთი იქნება, მაგრამ 60 დღის მერე პირობები შეიცვლება, იმიტომ, რომ აშკარად გამოიკვეთება ან ერთი, ან მეორე მხარის უპირატესობა. თუ უკრაინელებმა 90 დღე გაუძლეს, მოლაპარაკების პირობები აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. დღეს მოლაპარაკების პირობები უკრაინისთვის მიუღებელია. აშკარაა, პუტინს თავისი "უძლეველი" შეიარაღებული ძალები შეუჩერდა, რუსი ჯარისკაცები მოცელილი თავთავებივით ყრია მინდორში და მათ არავინ აგროვებს, ამიტომ მას ახლა სხვა ინსტრუმენტი სჭირდება, რომ მსოფლიო ისევ შეაშინოს, მაგრამ, დამიჯერეთ, ბირთვული იარაღით მუქარა ბლეფია! მას თუ ამ იარაღის გამოყენება­ უნდოდა, აქამდე გამოიყენებდა. და კიდევ ერთი: მე ვფიქრობ, დღეს ეს ყველას ომია, ყველა ცდილობს, მასში რაიმე ფორმით ჩაერიოს, რომ ეს ბოროტების იმპერია, ბოლოს და ბოლოს, დაიქცეს, რადგან თუ ახლა ისევ მოხერხდა შეთანხმება, რუსეთს სანქციები მოეხსნა და პუტინს გზა ისევ გაუთავისუფლდა, ხვალ ჩვენ ისევ მოგვადგება, როგორც მოგვადგა 90-იან წლებში, 2008-ში, როგორც მიადგა უკრაინას 2014 წელს... რა შეუშლის ხელს? საბაბიც აქვს - ჩვენი ნატოში გაწევრების სურვილი. მაგრამ ხომ გვახსოვს, რომ 2014 წელს უკრაინას ნატოსთან ურთიერთობის სურვილიც არ ჰქონდა, თუმცა ყირიმი წაართვეს, დონეცკი და ლუგანსკი წიაღეს... 90-იან წლებში, როცა აფხაზეთი ჩამოგვაჭრეს, ჩვენთან ვინ ლაპარაკობდა ნატოს წევრობაზე? ამიტომ ყველაფერი ერთიანობაზე იქნება დამოკიდებული. ახლა უნდა გამოჩნდეს, ვართ თუ არა ერი, სახელმწიფო, და გვაქვს თუ არა სურვილი, ვიბრძოლოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. ასეთ ქვეყანას ომს ვერავინ მოუგებს.