"ახლა ყველა აღიარებს, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ძალიან დიდი შეცდომა იყო...“ - კვირის პალიტრა

"ახლა ყველა აღიარებს, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ძალიან დიდი შეცდომა იყო...“

"აშკარაა, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ნაკლები ყურადღება ექცევა პოლიტიკურ რეჟიმებს, რადგან აშშ-მა ვენესუელისთვის ნავთობის მიწოდებაზეც კი დაიწყო ლაპარაკი - რუსეთიდან მომავალ ვერაგულ საფრთხესთან შედარებით, ასეთი თემები უკვე უკანა პლანზე იწევს. ახლა მსოფლიოს ლიდერი ცივილიზებული ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ძალიან ცუდს ცუდი სჯობია..."

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რატომ არის ევროპის რამდენიმე ქვეყანა, განსაკუთრებით, გერმანია რუსეთის მიმართ ლოიალური - ენერგოდამოკიდებულების გამო ევროპის ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უგულებელმყოფელი რუსეთის წინააღმდეგ ვერ ილაშქრებს. რა ალტერნატიული გზები­ არსებობს ამ მიმართულებით, გვესაუბრება პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი­ სანიკიძე.

- ევროპამ ვერ გათვალა, რომ რუსულ გაზზე­ დამოკიდებულება მას ძალზე არასახარბიელო ვითარებაში ჩააგდებდა. აღმოჩნდა, რომ გააზრებული არ ჰქონდათ, რა მოჰყვებოდა ამას და ალტერნატიული გზები არ უძებნიათ. არადა, 90-იანი წლებიდან დაიწყო ომები ენერგომატარებლების­ გამო და გერმანიასაც და დანარჩენ ევროპასაც ალტერნატიული გზები მაშინვე უნდა მოეძებნათ, მით უფრო, რომ არსებობს ნორვეგიის მაგალითი, რომელიც­ თავად არის ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ეს პროდუქტი ძალიან ძვირია მოპოვების სირთულის გამო. ახლა ყველა აღიარებს, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ძალიან დიდი შეცდომა იყო. ეს განსაკუთრებით ეხება ყველაზე დიდ მომხმარებელს, გერმანიას, რომლის წარმომადგენლებიც აღიარებენ ამ შეცდომას... უკრაინის მოვლენების კვალდაკვალ დაიწყო საუბარი,­ რომ 2024 წლამდე შეიძლება­ სურათი შეიცვალოს და მიმდინარეობს მსჯელობა გაზსაცავების მშენებლობაზე. რუსული გაზის ჩანა­ცვლება რთული არ არის, სპარსეთის ყურის ქვეყნები, განსაკუთრებით - ყატარი თხევადი გაზის მიმწოდებლად ძალზე ხელსაყრელია, მაგრამ აქ გაზსადენებთან დაკავშირებით ირანის პრობლემა იჩენს თავს. გამოიკვეთა ნიშნები, რომ მოხერხდება შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამაზე, რომელთან დაკავშირებით რუსეთი თავის პირობებს­ აყენებს,­ თუმცა, თუ ირანს, გაზის მოწოდე­ბით მსოფლიოში მეორე სახელმწიფოს,­ გაზმომარაგებასთან დაკავშირებული სანქ­ც­იები მოეხსნება, ვითარება შეიცვლება. სპარსეთის ყურის რეგიონებში ნავთობის საბადოების თვითღირებულება ნაკლებია, რადგან ისინი ზედაპირთან ძალიან ახლოსაა და ნედლეულის მოსაპოვებლად ისეთი რთული ტექნოლოგიები არ არის საჭირო, როგორიც კასპიის ზღვაში მუშაობისას.

- ამბობენ, რომ დასავლეთში თურქმენული გაზის ექსპორტის პერსპექტივაც გაჩნდა.

- დიახ. რამდენიმე თვის წინ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თურქმენული გაზი ირანის გავლით აზერბაიჯანსაც მიეწოდებოდა. ასე რომ, რუსული გაზის ჩანაცვლება კი არ არის პრობლემა, არამედ დრო, თუ რამდენ ხანში მოხდება ეს, სწრაფად მოხერხდება თუ არა ალტერნატიულ ენერგორესურსებზე გადართვა და ირანისთვის სანქციების მოხსნა ან შემსუბუქება. აშკარაა, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ნაკლები ყურადღება ექცევა პოლიტიკურ რეჟიმებს, რადგან აშშ-მა ვენესუელისთვის ნავთობის მიწოდებაზეც კი დაიწყო ლაპარაკი - რუსეთიდან მომავალ ვერაგულ საფრთხესთან შედარებით, ასეთი თემები უკვე უკანა პლანზე იწევს. ახლა მსოფლიოს ლიდერი ცივილიზებული ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ძალიან ცუდს ცუდი სჯობია... ახალ პროექტს დასჭირდება ინვესტიციებიც, თუმცა გერმანიამ ასეთი მწარე გამოცდილების შემდეგ გამოსავალზე უნდა იფიქროს და უკვე განაცხადა კიდეც, რომ დაიწყებს თხევადი გაზსაცავის მშენებლობას, ისევე, როგორც ეს გააკეთა იაპონიამ, რომელსაც საკუთარი ენერგომატარებლები საერთოდ არა აქვს, მაგრამ სწორი ენერგოპოლიტიკით წარმატებული ქვეყანაა.

ალჟირიდანაც შეიძლება მიწოდების გაზრდა, ანუ ევროპამ ახლა მაინც უნდა იფიქროს შეცდომის გამოსწორების გზებზე...

ერთი სიტყვით, ცვლილებები დაიწყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ არაბული სამყარო ფრთხილობს და რაღაც მიზეზების გამო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისგან­ თავს იკავებს, თუმცა ახლა ვითარება სწრაფად იცვლება, რუსეთი­ კატასტროფული სიჩქარით ექცევა­ იზოლაციაში­ და უკვე იკვეთება ნიშნები, რომ ნავთობის მწარმოებელი არაბული სამყაროსთვის რუსეთთან ურთიერთობა წამგებიანი იქნება.

ახლა უკრაინა სრულიად უთანასწორო ბრძოლაში უდიდესი სისხლისა და დანაკარგის ფასად მსოფლიოს ახალ ისტორიას წერს როგორც პოლიტიკური გავლენის, ასევე ენერგეტიკული, ეკონომიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით. უკრაინელები, ფაქტობრივად, მთელი ევროპის გასაკეთებელ საქმეს აკეთებენ საკუთარი ქვეყნის თითქმის მიწასთან გასწორების ხარჯზე.

ისევ არაბული სამყაროს რესურსს რომ დავუბრუნდეთ, ყატარი არის ბუნებრივი­ აირის დიდი მწარმოებელი და აქცენტი ამ ქვეყანასა და ირანზე უნდა გაკეთდეს.

- ამ ცვლილებებში საქართველომ რა შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს?

- არის ერთი მომენტი, რომელიც გაზის მიწოდების თვალსაზრისით საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის ირანიდან სომხეთში მიმავალი გაზსადენი, რომლითაც ჩვენი სახელმწიფოც­ იყო დაინტერესებული, მაგრამ რადგან თავის დროზე სომხეთის გაზსადენი რუსულმა­ "გაზპრომმა" ჩაიგდო ხელში, ეს ქვეყანა აიძ­ულა, გეგმა შეეცვალა და გაზსადენის დიამეტრი უკიდურესად შეემცირებინა. შესაბამისად, ეს პროექტი, მისი საქართველომდე მოყვანა და თხევადი გაზის გატანა სარგებლიანი აღარ იყო. ამით სომხეთიც დაზა­რალდა, მაგრამ რუსეთმა მას სხვა გზა არ დაუტოვა... სხვა შესაძლებლობაა ნორმალური დიამეტრის გაზსადენი­ ირანიდან, რომელიც თურქეთზე­ გადის და, შესაძლოა, საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი გაზსადენის პარალელური იყოს... აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით მოქმედებს ე.წ. სვოპის სისტემაც, ენერგომატარებლების გაცვლა, ანუ თუ ერთი ქვეყანა, მაგალითად, აზერბაიჯანი, დამატებით მიაწოდებს გაზს ევროპასა და თურქეთს, პირობითად, ეს იქნება­ "ირანული გაზი", სამაგიეროდ კი ირანი ან ყატარი სხვა ქვეყნებს მიაწოდებენ­ "აზერბაიჯანულ გაზს", ანუ ეს ქვეყნები თავიანთ ენერგორესურსებს ამ ფორმით გაცვლიან. ეს სისტემა მსოფლიოში აპრობირებულია. მაგალითად, 2006 წელს, როდ­ესაც ჩრდილოეთ ოსეთში ვითომ გაზსადენი­ დაიბომბა­ და რუსეთმა გაზის გარეშე დაგვტოვა, ითქვა, რომ გაზი ირანმა მოგვაწოდა. სინამდვილეში აზერბაიჯანში ირანული­ გაზი შემოვიდა, ბაქოს ხელმძღვანელობამ კი, ირანული გაზის ხარჯზე, თავისი გაზი მოგვაწოდა.­

- ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა დროს ენიჭება...

- დიახ. საკითხი ასე დგას: უკრაინა უფრო დიდხანს გაუძლებს რუსულ ჭურვებს, თუ რუსეთი უპრეცედენტო მასშტაბის სანქციებს, მაგრამ რუსეთი მაინც დამარცხებულია. შეუძლებელია, ქვეყანა ასე იქცეოდეს და ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელოს. რუსეთის დეფოლტი გარდაუვალია. დღეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მტკიცე ნაბიჯები მიანიშნებს, რომ მალე შესაძლებელი იქნება რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობის მოპოვება. თუ რუსეთი დარჩა ჩაკეტილ ქვეყნად, რომლის მსგავსსაც უახლეს ისტორიაში ვერც კი ვიხსენებ, ის ამას ვერ გაუძლებს.­ ირანსაც დაუწესეს სანქციები, მაგრამ, ჯერ ერთი, ასეთი მასშტაბური არ იყო და მეორეც, მან ამას კარგად აუარა გვერდი - სხვა მიმართულებაზე გადაერთო,­ რუსეთი კი, ყველაზე ცუდი გაგებით, უნიკალურ მდგომარეობაშია - მისი მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ვენესუელის ან სირიის.