"ეს სიშიშვლე არ არის - ჩემი სურვილი იყო, ფოტოსესიაში ადამიანის დღევანდელი უსუსურობა გამომეხატა...“
"შიშველი, დამცირებული, დამონებული კაცობრიობა, ერთმანეთის მიმართ ზიზღით აღსავსე გულებით! გარეწარი პოლიტიკოსები... დიდი ძალის მქონე ქვეყნების მიერ დადგმული სისხლიანი კომიქსები. დაუნდობელი თამაში სიცოცხლის ბოლო ეტაპზე, მაშინ, როდესაც კაცობრიობა მიმწყვდეულია კუთხეში, კუთხეში, საიდანაც იწყება აღმასვლა ახალი განვითარებისაკენ. ძმების ომში არეული ბოღმა. სინდისგარეცხილი აღმსრულებლები... ეგოს დღესასწაული! ეს არის დღევანდელი დღე და ამ დღეს ეძღვნება ჩემი ახალი ფოტოსესია! მეც, დაკნინებული სიბინძურისგან და სინათლის მავთულებზე მცოცავი, ღვთის ძიებაში გაოგნებული "შაკალი", ვცდილობ გამოვიყენო ეს წუთები, რათა თქვენ წარმოგიდგინოთ ახალი პერფორმანსი! ურთულესი ტკივილი ნამსხვრევებზე დასერილი გრძნობებით მოსიარულე კაცობრიობის!" - ეს სიტყვები ცნობილმა ხელოვანმა ნუცა შანშიაშვილმა ფოტოებთან ერთად სოციალურ ქსელში იმ დღეს გამოაქვეყნა, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო... მან თავისი ტკივილი ნიუ-იორკიდან გაგვიზიარა...
- თქვენი პროტესტი ხელოვანთაგან ერთ-ერთი პირველი იყო და ყველასგან განსხვავებული... რა გსურდათ სამყაროსთვის გეთქვათ?
- ალბათ, დიდი ხანია, ჩემში ეს პრობლემა მწიფდებოდა... ადამიანების ასე დათრგუნვა - პანდემია, ომი, გაუთავებელი უბედურება... თავად ჩვენშია პრობლემა... როდესაც ადამიანის ეგო კულმინაციას უახლოვდება, თავისი ხელითვე ამსხვრევს თავის მატერიალურ ქმნილებებს...
ეს ფოტოსესია არ იყო ჩემგან ემოციური ნაბიჯი - ემოციებს წლების განმავლობაში კარგად, ყოჩაღად ვაკონტროლებ, რასაც მწარე შოუბიზნესმა მიმაჩვია. ეს ფოტოსესია იყო სურვილი, ადამიანის დღევანდელი უსუსურობა გამომეხატა... ძველ ინდურ ფილოსოფიაში ხომ წერია, რომ ადამიანი იბადება, ცხოვრობს და კვდება მარტო, ადამიანი არის შიშველი... შიშველი მოვდივართ და მივდივართ და ამ ქვეყნიდან რომ ვერაფერს წავიღებთ, ეს არის ჩემი ფოტოსესიის უმთავრესი იდეა...
ასე შიშვლად ფოტოსესია პირველად მქონდა და ურთულესია... ადამიანი ხარ ზღვარზე პორნოგრაფიასა და სილამაზეს შორის. ხელოვნების სული თუ შენარჩუნებულია, მაშინ ეს აუცილებლად გამოჩნდება... მამაჩემის შექმნილი მზის ქანდაკება - "ქალი ტორსი" ვისაც უნახავს, დამეთანხმება, რომ უნიკალური სილამაზისაა. გარდა აღფრთოვანებისა, არაფერს იწვევს.
როდესაც ნიჭი და ხელოვნებაა, სიშიშვლე უძველესი დროიდან საინტერესო, მშვენიერი და ზოგჯერ საჭიროც კია... ეს ფოტოსესია არ იყო პიარისთვის, იმისთვის, რომ ვინმემ ტაში დამიკრას. მხოლოდ ჩემი განცდები გადმოვეცი. დღეს ვერავის ვერაფერს მოატყუებ. ყველაფერი ნათლად იგრძნობა და ამიტომაც დგები არჩევანის წინაშე. თუ მართლაც გულწრფელად გსურს შენი ტკივილის გამოხატვა, აუცილებლად გულიდან უნდა მოდიოდეს, თორემ სიყალბეს მაშინვე მიგიხვდებიან!
- თქვენმა ფოტოსესიამ ვინმეს გაღიზიანება გამოიწვია?
- დიახ, ვიღაცამ მომწერა, უი, შენც გაშიშვლდიო?! ადამიანი რომ იმ ტექსტს წაიკითხავს, რაც ფოტოებს ახლავს და ფოტოებშიც დაინახავს, რომ სიშიშვლე არ არის, მით უმეტეს - გამომწვევი სიშიშვლე, რატომ უნდა გაღიზიანდეს? აზრი არ აქვს, მას რამე აუხსნა, მაინც ვერ გაიგებს...
- ალბათ, მხოლოდ ფოტოსესიით არ დაკმაყოფილდებით და უკრაინის მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გამოხატავთ...
- დიახ... რაც კი შემიძლია, ყველაფრისთვის მზად ვარ. დღეს პანდემიის გამო შეცვლილ სამყაროში ვცხოვრობთ და გათითოკაცებული ვართ. ყველამ სოციალურ ქსელში გადავინაცვლეთ... ერთი მხრივ, ეს ცუდი არ არის, რადგან ძალიან ბევრი ადამიანისთვის ხმის მიწვდენა შეგიძლია. რასაკვირველია, ცოცხალი კონცერტები მირჩევნია, გადაჭედილი დარბაზები, სცენაზე ბედნიერად გამოსვლა, ხალხის ოვაციები... თუმცა როდესაც ასეთი რამ ხდება და მთელი მსოფლიო იცვლება, არ მიმაჩნია, რომ სოციალური ქსელები ცუდია. თითქოს ჩვენი ურთიერთობა უფრო გაიშალა. აქ მაქსიმალურად ვიხსნებით, ამიტომაც დღეს უკრაინის მიმართ ჩემი თანადგომა სოციალური ქსელით შემოიფარგლება... უკრაინასთან მრავალი ულამაზესი მოგონება მაკავშირებს... კიევში ვცხოვრობდი და, გარდა იმისა, რომ სპექტაკლებში ვითამაშე, ყველაზე მეტი საგასტროლო კონცერტი უკრაინაში მქონდა... უამრავი უნიჭიერესი ხელოვანი, ვინც რუსეთში მოღვაწეობდა, უკრაინელი იყო. თითქმის ყველა კარგი ფილმი, რომელიც რუსეთში დაიგეგმა, უკრაინაშია გადაღებული.
ჩემთვის ხომ განუზომელი ტკივილი იყო რუსეთ-საქართველოს ომი, მაგრამ ამ ომმაც არანაკლებად გამანადგურა... ხარკოვში, სადაც სპექტაკლში ვთამაშობდი და კონცერტიც მქონდა, ის თეატრი დაიბომბა და აღარ არსებობს. არადა რუსეთშიც უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც აუტანელ დღეში არიან.
- რატომ არსად ჩანს მათი პროტესტი?
- დამიჯერეთ, ტელეფონითაც კი ვერ მელაპარაკებიან... ერთმა ძალიან ახლობელმა მომწერა, ხომ იცი, რომ შენსავით ვფიქრობ, მაგრამ გთხოვ, აღარაფერი მომწერო, ბავშვების გამო ვფრთხილობ და ქუჩაში დარჩენისაც მეშინიაო...
უდიდესი მწერლების, ხელოვანების, სპორტსმენების ქვეყანა რა დღეში ჩააგდეს?! ასეთი პოტენციალი არც ერთ ქვეყანას არ აქვს და ყველაფერი გაყინულია... მთელი სიმდიდრე რამდენიმე ადამიანის ჯიბეშია განაწილებული.
უკრაინელები უფრო მებრძოლი და მამაცი ხალხია, რუსი წყნარია, მშვიდი... რუსის ტვინის გამორეცხვა ძალიან ადვილია, მით უმეტეს ახლა, როცა სრული ვაკუუმია შექმნილი. ტელევიზიები სიყალბეს გადმოსცემენ და ამდენჯერ ერთსა და იმავეს რომ უსმინო, ბოლოს შენც დაეთანხმები. დღეს რუსეთს ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ კი არ აქვს, არამედ რუსი ხალხის წინააღმდეგაც.
- უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა ძლიერია?
- ამერიკამ რუსეთს როგორი სანქციებიც დაუწესა, ასეთი არასოდეს ყოფილა, თუმცა ეს სანქციები ორ დღეში ვერ იმუშავებს და მთავრობას, ალბათ, არც არაფერი დააკლდება... არანაირი სანქცია, იარაღი არ იმუშავებს, ვიდრე რუსი ხალხი არ გამოფხიზლდება, ჯერჯერობით კი მათი გამოფხიზლება არ ჩანს, სრულიად განსხვავებულად აზროვნებენ.
მთავარია, როგორმე ამ უდანაშაულო ხალხის სისხლისღვრა შეჩერდეს... იმ დღეს ვუყურე, ახალგაზრდა რუსმა ჯარისკაცმა რომ არც იცოდა, ომში თუ იყო და დედამისს ტელეფონით ეუბნებოდა, რაღაც საქმეზე გამოგვიშვესო... ჩვენ სხვა რა დაგვრჩენია, გულმხურვალედ უნდა ვილოცოთ. მერწმუნეთ, ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს და ნამდვილად გადაგვარჩენს!