"ამხელა ჰუმანიტარულ დახმარებას ვუგზავნით და სამარცხვინოა, როცა ამის არაფრად ჩაგდებას­ ცდილობენ!" - კვირის პალიტრა

"ამხელა ჰუმანიტარულ დახმარებას ვუგზავნით და სამარცხვინოა, როცა ამის არაფრად ჩაგდებას­ ცდილობენ!"

უკრაინაში დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით განიცდიან. ჩვენი სტუმარია მხატვარი ნიკუშა შენგელაია:

- ძნელია იმის დაჯერება, რასაც ყოველდღე ვხედავთ და გვესმის. დღეს მარტო­ ერთი ქვეყანა კი არა, მთელი მსოფლიო დიდ განსაცდელშია. უკრაინა უპირისპირდება ერთ-ერთი უდიდესი არმიისა და შეიარაღების მქონე ქვეყანას, ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის განსაცდელი, ამიტომ მთელი მსოფლიო ცდილობს, ჩაერიოს. რუსეთს სანქციები თითქმის ყველა დიდმა ქვეყანამ დაუწესა, მე არ ვიცი, ეს სანქციები რა შედეგს გამოიღებს, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინაში ისევ განუკითხაობაა. ძალიან მეცოდება ეს ქვეყანა და უკრაინელი ხალხი, რადგან ჩვენ ერთ ბედქვეშა ვართ.

- ბევრი ფიქრობს, რომ მსოფლიომ 2008 წლის აგვისტოს ომს სათანადოდ არ უპასუხა­ და ამის ბრალია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

- ნაწილობრივ, ალბათ ასეა. ალბათ­, უფრო შორსმჭვრეტელური პოლიტიკა იყო საჭირო. უკვე 14 წელი გავიდა ბუქარესტის­ სამიტის შემდეგ, სადაც თქვეს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა, მაგრამ... მესმის, რომ სიტუაციის გამწვავება­ არ სურდათ, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, რომ მსოფლიო ამ ზღვრამდე არ მის­ულიყო? იქნებ პროცესები უნდა დაჩქარებულიყო, იქნებ რუსეთისთვის მოძლიერების საშუალება არ უნდა მიეცათ? ბევრი უპასუხო კითხვა ჩნდება. მაინც, რით გამოიხატება "განსაკუთრებული პარტნიორობა", რომელსაც საქართველოს სთავაზობენ? და თუ აგრესია ჩვენკენაც წამოვა, ნატო დაგვეხმარება? თუ ამ ქვეყნების წევ­რებად მიღებას მართლაც აპირებენ, მაშინ რაღაც დაცვის მექანიზმი ხომ უნდა არსებობდეს? ფაქტია, ჩვენი ქვეყნები განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლია, რაც დასავლეთს წინასწარ უნდა გაეთვალა.

- ამგვარი ფრთხილი პოლიტიკა მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმს ხომ არ აღვივებს?

- სამწუხაროდ, ასეა. ყველამ მოვისმინეთ პუტინის განცხადება, როცა მსოფლიოს ატომური იარაღით დაემუქრა.­ ეს სიგიჟეა! როგორც აინშტაინმა თქვა, მესამე­ მსოფლიო ომის დაწყება ნიშნავს, რომ მეოთხე უკვე ჯოხებით იქნებაო... დღეს კაცობრიობა დიდი განსაცდელის წინაშე დგას!

- ხომ შეიძლება, ეს მხოლოდ შანტაჟი და დაშინების ცდა იყოს?

- უკრაინაზეც ამბობდნენ, რუსეთი მის საზღვრებთან ჯარს იმიტომ აგროვებს, რომ ამ ქვეყნის დაშინება უნდაო, მაგრამ ხომ ვნახეთ, რომ ეს მხოლოდ დაშინება არ ყოფილა! ახლა მთავარია, უკრაინაში სამხედრო მოქმედებები შეჩერდეს, რადგან იქ უდანაშაულო მოქალაქეები იღუპებიან, ქალაქები გადაწვეს და მიწასთან გაასწორეს! არც კი მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ დატრიალდა. უკრაინელებს უკან დასახევი გზა არა აქვთ და ბოლომდე იომებენ. მათ დახმარება სჭირდებათ და კიდეც ეხმარებიან, მაგრამ ყველა ქვეყანა ცდილობს, ომში არ ჩაერთოს. ყველა ცდილობს, თავისი ხალხი დაიცვას და ეს ბუნებრივიცაა, ამასობაში კი ნადგურდება ჩვენი მეგობარი სუვერენული ქვეყანა, იბომბება სკოლები, საავადმყოფოები, იღუპებიან ქალები, ბავშვები, მოხუცები... ამ ტრაგედიას ყველა განვიცდით! ღმერთმა ქნას, რომ ეს საშინელება მალე დასრულდეს!

- უკრაინაში რუსულმა არმიამ ბევრი დანაშაული ჩაიდინა. ამბობენ, რომ სამხედრო დამნაშავეებს მეორე ნიურნბერგი ელოდებათ.

- ჯერ დასკვნების გამოტანა რთულია,­ მაგრამ რაც ხდება, ასე იოლად ვერ ჩაივლის!­ ეს ყველა საერთაშორისო წესისა და კანონის უგულებელყოფაა! ასე როგორ უნდა მოექცე შენს მოძმე ერს, რომლის გვერდით ამდენი საუკუნის განმავლობაში გიცხოვრია? როგორ შეიძლება, საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ სახლებს ბომბები დაუშინო?! ამგვარი დანაშაულის უპასუხოდ დატოვება დაუშვებელია!

- უკრაინის ტრაგედია ქართველებმა ძალიან განიცადეს. მოსახლეობა ქუჩაშიც გამოვიდა იმის გამო, რომ მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა...

- მოსახლეობა ქუჩაში უკრაინის მხარდასაჭერად გამოვიდა და არა - პროტესტის მიზნით. ეს ოპოზიციის ნარატივია, რომელიც სამარცხვინოდ იქცევა, ისინი საქართველოს იმიჯს აზიანებენ. ხომ არ შეიძლება, ყველაფრით პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭა სცადო?! საქართველომ უკრაინას ყველა საგარეო ფორუმზე დაუჭირა მხარი,­ ყველა რეზოლუციას შევუერთდით, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ამხელა ჰუმანიტარულ დახმარებას ვუგზავნით და სამარცხვინოა, როცა ამის არაფრად ჩაგდებას­ ცდილობენ! ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამით საკუთარ სამშობლოს მტრობენ? მით უმეტეს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენ გვემუქრება! ძალიან მძიმე საყურებელია, როცა ასეთ ვითარებაში პოულობ დროს, რომ შენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე შეარცხვინო. ქართველი საზოგადოება ერთიანია, მაგრამ საქართველოში არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს და ქვეყნის მომავალს თავის ინტერესებს ამჯობინებს. ქართველი ხალხი ამას ყველაზე კარგად ხედავს.

- თქვენ არ ფიქრობთ, რომ ამ სიტუაციაში ჩვენი ხელისუფლების პოზიცია პასიურია?

- ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლება მშვიდად და გონივრულად იქცევა.­ მთავარია, რომ მშვიდობა დღემდე შევინარჩუნეთ და ახლა მეტი ჭკუა და ერთიანობა გვმართებს. ჩვენ ეს ტრაგედია უკვე გამოვიარეთ და განვიცადეთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; რუსული ჯარები აქვე, ოციოდე კილომეტრში დგანან და ხელისუფლების სიფრთხილე ჩემთვის გასაგებია. ნებისმიერი ხელისუფლების უპირველესი მოვალეობა თავისი ხალხის უსაფრთხოების დაცვაა. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი, თორემ მტერი რას გადაწყვეტს, წინასწარ არავინ იცის. დღეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ საქართველო გონივრულად მოქმედებს, რაც მისასალმებელია და ბევრ რამეს სცემს პასუხს.

ხათუნა ჩიგოგიძე