"ეს არის პროპაგანდა, რომლითაც კომუნისტები ტვინს გვირეცხავდნენ" - კვირის პალიტრა

"ეს არის პროპაგანდა, რომლითაც კომუნისტები ტვინს გვირეცხავდნენ"

"ჩვენ ვხედავთ მიწასთან გასწორებულ ქალაქებს, გადამწვარ სახლებს და ვერ ვიგებთ, რატომ მოხდა ასეთი რამ 21-ე საუკუნეში, როგორ მივიდა მსოფლიო იქამდე, რომ ევროპის შუაგულში ასეთი უბედურება დატრიალებულიყო?!" - ამბობს მომღერალი მერაბ სეფაშვილი:

- დილიდან საღამომდე ტელევიზორს ვუყურებ, რომ ახალი ინფორმაცია გავიგო,­ ვცდილობ, არაფერი გამოვტოვო და ძალიან განვიცდი, როცა უდანაშაულო ხალხი­ იხოცება. როგორ გაბედა რუსეთმა, სუვერენულ ქვეყანას თავს დასხმოდა? - როგორც 2008 წელს საქართველოში გაბედა და როგორც ბედავს ყოველთვის. ყველამ ვიცით, რუსეთი როგორი ქვეყანაა - იქ არანაირი თანამედროვე სტანდარტი არ არსე­ბობს. ჩვენც, მათი წყალობით, მცოცავი ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ:­ როცა უნდათ, მავთულხლართებს გადმოიტანენ, ბოძებს სადმე დაარჭობენ და სადაც მოუნდებათ, ე.წ. საზღვარს იქ ავლებენ.­ ეს არის კორუმპირებული, ბანდიტური ქვეყანა და მისი ჯარისკაცებიც შესაბამისად იქცევიან. უკრაინაში დატრიალებულმა მოვლენებმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ რუსეთს მკვლელი მართავს.

- უკრაინის ომბუდსმენის თქმით, ყველა­ დამნაშავეს ჰააგის სასამართლო ემუქრება...

- გასაგებია, მაგრამ ეს როდის იქნება?­ საცოდავი ხალხი თუ ამოხოცეს, მერე რაღა აზრი აქვს?! ეს დანაშაული თუ შერჩათ, მერე დანარჩენ ევროპას მიადგებიან.

- ყველას გვაწუხებს ერთი რამ: გაუძლებს უკრაინა ამხელა წნეხს და რუსული არმიის მუდმივ თავდასხმებს?

- რატომღაც მგონია, რომ ამ დაპირისპირებაში ყველა ქვეყანა ჩაერევა და ოკუპანტებს მთელი მსოფლიო ერთად შეაჩერებს.­ ამ საშინელ ძალას მხოლოდ ძალა უნდა დაუპირისპირონ, სხვა გზა არ არის. ჩემთვის რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიც ცოტაა, უკრაინას სხვა ქვეყნები სამხედრო ძალითაც უნდა მიეშველონ.

- იქნებ თავად რუსები უნდა გამოფხიზლდნენ და ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს დაუპირისპირდნენ?

- ხომ ვხედავთ, რომ რუსეთში ყველას იჭერენ, ვინც პროტესტს გამოთქვამს?! ქუჩაში ხუთი კაცი რომ გამოვიდეს, მაშინვე­ აკავებენ და მიჰყავთ, თორემ იქაც ცხოვრობს­ ნორმალური ხალხი, რომელსაც ნორმალურ, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უნდა! მეც მგონია, რომ ისევ ამ ხალხმა უნდა მოინდომოს და უსამართლობის წინააღმდეგ აზვირთდეს. ახლახან ისრაელში ვიყავი. იქ ბევრს ჰყავს რუსი მეგობრები, ნაცნობები და ყველა ჩივის, მთელი მსოფლიო ერთი შეშლილი კაცის ხუშტურებზე­ რატომ დადისო... პროგრესულად მოაზროვნე რუსებმაც იციან, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხებულია და არ სურთ მის ნანგრევებში მოყვნენ - ეს არავის უნდა. სამწუხაროა, რომ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკრაინასთან ომის მომხრეა, რადგან რუსული ტელეარხებიდან საშინელი პროპაგანდა და დეზინფორმაცია მოედინება.­ უფრო სამწუხაროა, რომ რუსეთის მოსახლეობა ამ სიცრუეს იჯერებს.

- ბევრი ქართველი ეწინააღმდეგება ე.წ. რუსი ლტოლვილების შემოსვლას საქართველოში, თქვენ რას ფიქრობთ?

- მე მგონი, ამ სიტუაციაში ამ ხალხის ჩვენთან შემოშვება არ შეიძლება. აფხაზეთში­ წავიდნენ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში წავიდნენ, ხომ აქვთ მიტაცებული მიწები? ყველა, ვინც აქ რუსეთიდან შემოდის, უნდა გაიფილტროს. რადგან რუსეთი არ იბომბება, ამიტომ რუსი ლტოლვილებიც არ არსებობენ. საჰაერო სივრცეც უნდა ჩაიკეტოს, რადგან ამ სიტუაციაში სიფრთხილე აუცილებელია. ეს ომი რუსეთის კრახით დასრულდება, მაგრამ მანამდე ყველას დიდი გონიერება გვმართებს. რუსეთს ყველა ნორმალური ქვეყანა სანქციებს უწესებს, საჰაერო სივრცე ყველამ ჩაკეტა, ცნობილი კომპანიებიც თანდათან ტოვებენ რუსულ ბაზარს - ეს ყველაფერი რუსეთს ძალიან დაასუსტებს, მაგრამ ამას დრო სჭირდება. რა თქმა უნდა, ეკონომიკური სანქციები მუშაობს, მაგრამ ამ ქვეყანასთან დამოკიდებულება უნდა გამკაცრდეს. აშკარაა, რომ დაყვავების პოლიტიკამ, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებდა, შედეგი არ გამოიღო.

- რუსეთზე საუბრისას ხშირად მოჰყავდათ ანდაზა - "დათვი­ თუ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო". ამ მოსაზრებას ეთანხმებით?

- ეს არის პროპაგანდა, რომლითაც კომუნისტები ტვინს გვირეცხავდნენ. რუსებს უძლეველი არმია არ ჰყავთ და ეს ეტყობათ კიდეც: ხან სირიას სთხოვენ დახმარებას, ხან - ჩინეთს, ხან - ვის და ხან - ვის. ჩემი აზრით, რუსეთი ამ ომის შემდეგ დამთავრებულია. უკრაინას სხვა ქვეყნებიც უნდა მიეშველონ და მითი "უძლეველ რუსულ არმიაზე" საბოლოოდ გაქრება. "ბაბაია" დიდხანს ეძახეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გზით არაფერი გამოვიდა. ყველას ეგონა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ ახლა სწორედ მისი ნამსხვრევები გვეყრება. ის ბოლომდე არ დანგრეულა, რადგან ჯერ საბჭოთა მენტალიტეტი არ დანგრეულა.

- როგორ უნდა მოვიქცეთ ამ სიტუაციაში ჩვენ - პატარა ქვეყნის მოქალაქეები, სადაც რუსული ჯარი დგას?

- რაც მთავარია, ახლა დაპირისპირებისა და კინკლაობის დრო არ არის. შეიძლება რუსეთს "ბაბაია" არ ვეძახოთ, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილე და დაკვირვება უნდა გამოვიჩინოთ, რომ მის ნანგრევებში არ მოვყვეთ. სულ ვფიქრობ, როგორ შეძლეს ებრაელებმა ასეთი ძლიერი სახელმწიფოს აშენება, უკრაინის მოვლენებმა კი დამარწმუნა, რომ ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის თავდაცვა და ნორმალური შეიარაღება აუცილებელია. არანაკლებ ხშირად მახსენდება პრემიერ-მინისტრ გოლდა მეიერის სიტყვები: თუ თქვენი ქვეყნის გაძლიერება გსურთ, უპირველესად, კორუფცია გამოაცხადეთ ღალატადო... ისრაელის ბიუჯეტის 70% სწორედ შეიარაღებისთვის იხარჯება და, რაც მთავარია, იქ პატრიოტები ცხოვრობენ - სულ ეს არის ამ ქვეყნის წარმატების საიდუმლო. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

ხათუნა ჩიგოგიძე