"ჩვენ ჩამოვყალიბდით დანაწევრებულ საზოგადოებად, რომლის წევრებს საერთო არაფერი აქვთ, გარდა გადარჩენის ინსტინქტისა“ - კვირის პალიტრა

"ჩვენ ჩამოვყალიბდით დანაწევრებულ საზოგადოებად, რომლის წევრებს საერთო არაფერი აქვთ, გარდა გადარჩენის ინსტინქტისა“

დიდი პოლიტიკური საფრთხე, ხელისუფლების ბუნდოვანი ქმედებები, ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე და მუდმივი უპერსპექტივობა­… - ეს მხოლოდ ძირითადი ჩამონათვალია იმ…პრობლემებისა, რომელთაც ჩვენი საზოგადოება მუდმივად აწყდება, მაგრამ ამის მიუხედავად სიტუაციას ემორჩილება და ცვლილების სურვილი არა აქვს, ყოველ შემთხვევაში, ამისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. რით აიხსნება ჩვენი ასეთი ნიჰილიზმი და სად არის გამოსავალი? გვესაუბრება ფილოსოფიის დოქტორანტი დავით­ გალაშვილი.

- საზოგადოება მუდამ უკმაყოფილოა ქვეყნის მძიმე მდგომარეობით, მაგრამ­ ცვლილებებისთვის არაფერს აკეთებს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ რევოლუციას, მით უფრო, რომ ჩვენ ეს გამოცდილება არ გამოგვადგა.

- ყველა რევოლუცია საბოლოოდ ერთნაირად მთავრდება - მისგან რჩება­ იდეოლოგიური ფიტული და მას ამოფარებული ბიუროკრატია, რომელიც საკუთარი მიზნებით მართავს ქვეყანას, ასეთ მართვას კი საერთო არაფერი აქვს იმასთან, რისთვისაც რევოლუცია მოხდა. 1917 წლის რევოლუციის სწორედ ასეთ იდეოლოგიურ საფრთხობელად წარმოჩენამ, ეკონომიკურ და კლასობრივ თანასწორობაზე უარის თქმამ და, მეტწილად, ახალი ფსევდოსიმართლის მიღებამ განაპირობა ჩვენი დღევანდელი­ ყოფაც. როდესაც ჩნდება­ კითხვა, რამ განაპირობა ჩვენი საზოგადოების უმოქმედობა,­ მას­ ასეთი პასუხი აქვს: 90-იანი წლებიდან, როდესაც ჩვენთან მიზანმიმართულად დაკნინდა სახელმწიფოს როლი, მივიღეთ პოლიტიკური მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანის ცხოვრებასა და მომავალში. ანუ ინდივიდი სახელმწიფოსგან სრულიად მივიწყებული აღმოჩნდა.­ ქვეყანამ უარი თქვა მის ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ეკონომიკური სახსრის შეთავა­ზებაზე და ა.შ. მაგალითად, ჩვენი სახელმწიფო ჩვენს ბავშვებს სკოლის დამთავრებისთანავე უქმნის წინააღმდეგობებს სრულფასოვანი განათლების მიღებაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ გვერდით ოჯახი არ უდგათ. ამასთან, სახელმწიფო შრომისუნარიანი მოსახლეობის­ უდიდეს ნაწილს ოჯახის გამოკვებისა და ჯანმრთელობის დეფიციტს უქმნის, ხანდაზმულებს კი არაადამიანურ პირობებში აცხოვრებს, მათ მედიკამენტების შეძენის საშუალებაც არ აქვთ. ყოველივე ამას ველური კაპიტალიზმი, ანუ იგივე ნეოლიბერალიზმი ეწოდება. პარადოქსულია, მაგრამ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენში დასავლურს უწოდებენ,­ სინამდვილეში სულაც არ არის დასავლური. ბედის ამარა მიტოვებულ ადამიანს სახელმწიფო გაუთავებლად დასძახის, რომ სწორედ ასეთი ცხოვრებაა ნორმალური, მეტიც­ - ევროპულიც კი. ამის საილუსტრაციოდ შემიძლია მოვიყვანო პარტია "ევროპული საქართველო", რომლის ყველა ღირებულება სინამდვილეში ანტიევროპულია. პარტია, რომელიც გააფთრებით ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ სუბსიდიების განხორციელებას სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, ჯანდაცვაში, განათლებაში ან ეკონომიკაში, ეწინააღმდეგება სტრატეგიული ობიექტების მართვას სახელმწიფოს მიერ, არადა, ევროკავშირში, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, კორპორაციები და პოლიტიკური ინსტიტუციები უმკაცრესი რეგულაციებით იმართება. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები უცხო კაპიტალის ხელშია, ხელისუფლება კი სწორედ ამ უცხო კაპიტალის მხარეზეა და არა - საკუთარი გაღატაკებული მოსახლეობის. ამის ბოლო მაგალითი საქართველოში ნავთობისა და გაზის მაძიებელი უცხოური კომპანია "ფრონტერას" საქმიანობა იყო, რომელმაც მასშტაბურად დაარღვია დაქირავებული მუშახელის ინტერესები, არ მისცა მათ ხელფასი და სახელმწიფომ მაინც "ფრონტერას" მხარე­ დაიჭირა. აი, ასეთი პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა ინდუსტრიაზე, ეკონომიკაზე, მეცნიერებაზე, განათლებაზე…

- ყველაფერზე, რითაც ქვეყანა ვითარდება, სანაცვლოდ კი გვკვებავენ იდეოლოგიით, რომ თურმე­ სწორედ ეს ყოფილა ევროპული. ეს მავნე იდეოლოგია ქმნის ადამიანის დაბნევისა და უმოქმედობის საფუძველს.

- მაგრამ ხომ არსებობენ ისეთი ქვეყნები, რომლებმაც ამ ყველაფერს თავი დააღწიეს?

- ჩვენ მივეკუთვნებით ე.წ. მესამე სამყაროს. მესამე სამყაროში მოიაზრება ბოლო ორი საუკუნის მანძილზე დეკოლონიზებული და სუსტად განვითარებული სახელმწიფოები, რომელთა გაძლიერება კონკურენციის პირობებში არავის სჭირდება, რაც ბუნებრივია. ვის სურს ბაზარზე ახალი კონკურენტი? ცხადია, არავის! თუმცა, როდესაც ქვეყანაში არსებობს მდგომარეობის გამოსწორების პოლიტიკური ნება, ასეთი მდგომარეობაც არ არის დაუძლეველი.­ მაგალითად მოვიყვანდი ბელარუსს და მის მმართველს, დიქტატორ ლუკაშენკოს, რომელსაც აღმოაჩნდა ნება, ქვეყანა ინდუსტრიულად გაეძლიერებინა. დიახ, ლუკაშენკო დიქტატორია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ბელარუსმა შეინარჩუნა ინდუსტრიული ეკონომიკა, ჩვენს ქვეყანაში კი მსგავსი პოლიტიკური ნება არც ერთ ხელისუფლ­ებას არ აღმოაჩნდა. ამავდროულად, არც ერთი მმართველი პარტიის პროგრამა არ განსხვავდება მეორისგან. წყლის ორი წვეთივით ჰგავს ერთმანეთს. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც ზუსტად ისე ითხოვდა სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი თითო-ოროლა ობიექტის გასხვისებას, როგორც, თავის დროზე, კახა ბენდუქიძე. ერთადერთი წინააღმდეგობა ამ პოლიტიკურ ძალებს შორის არის ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი. როდესაც ამ სიტუაციაში ისმის კითხვა, თუ პოლიტიკური ძალები ქვეყნის ინტერესებს არ იცავენ, მაშ, ვის ინტერესებს ემსახურებიან, პასუხი ასეთია: ისინი იცავენ იმ ბიზნესელიტის ინტერესებს, რომელიც მათ ფულს უხდის.

ამის ნიმუშია ჩვენს პარლამენტში­ ათეულობით მილიონერიც, რაც, ამავდროულად, ინტერესთა კონფლიქტის საგანია. როგორ შეიძლება პარლამენტში გყავდეს ადამიანები, რომლებიც ლამის დაუფარავად ამბობენ, რომ იქ საკუთარი ბიზნესინტერესების დასაცავად არიან და არა - რიგითი­ მოქალაქეების. ამისთვის ელემენტარული მაგალითი მაქვს: მშენებლობებზე ხშირად იხოცებიან მუშები, ამ ტრაგედიებს კი პოსტ ფაქტუმ განიხილავენ, მაგრამ აბა, წარმოვიდგინოთ, მსგავსი რამ მსხვილ ბიზნესს მოუვიდეს და ნახეთ, რა ამბავი ატყდება! როდესაც მთელი ქვეყანა ერთი მუჭა ბიზნესმენების დამცველად იქცევა და მოსახლეობის 95% მისი მოსამსახურეა, ეს სოციალური დაძაბულობის წინაპირობა ხდება.

რატომ ვერ შევძელით ხელისუფლებაში სასარგებლო ძალის მოყვანა? ჩვენი პოლიტიკური ძალები მოდიან არა სახელმწიფოს, არამედ კონკრეტული ეკონომიკური ძალების უდიდესი ძალისხმევით და ამიტომაც ივიწყებენ ხალხის პრობლემებს.

- დღეს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თითქოს მიზანმიმართულად გაბატონებულ გაუნათლებლობას ვხედავთ...

- ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხეთ. თითქოს მართლაც მიზანმიმართულად მივდივართ გაუნათლებლობისკენ. ამის საუკეთესო მაგალითია ქართული უნივერსიტეტები, სადაც ახალგაზრდებს უნერგავენ, რომ სისტემა, რომელშიც ვცხოვრობთ, ერთადერთი და უალტერნატივოა; რომ შეუძლებელია, არსებობდეს უკეთესი საზოგადოება­ თუ უკეთესი მომავალი, სადაც შეიძლება ადამიანებმა იცხოვრონ ღირსეულად და თანასწორად. საქმე იქამდე მივიდა, რომ სიტყვა "თანასწორობა" საბჭოთა ტოტალიტარიზმის გადმონაშთად იქცა. დღეს ჩვენს უნივერსიტეტებში წახალისებულია ისეთი ფაკულტეტები (ტურიზმი, ბიზნესადმინისტრირება და ა.შ.), რომლებსაც ქვეყნის განვითარებაში დიდი როლის თამაში არ შეუძლია. სამაგიეროდ, იგნორირებულია­ მეცნიერების, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო დარგები, რაც ფუნდამენტია ქვეყნის­ განვითარებისა. პირველი არის კრიტიკული აზროვნების განვითარების საყრდენი და აყალიბებს სახელმწიფოებრივ აზროვნებას, მეორე კი დოვლათისა და ინდუსტრიის ფუნდამენტია. ამ პირობებში ჩვენს საზოგადოებაში ადგილი აღარ რჩება მოაზროვნე ადამიანისათვის და ის იძულებულია, ქვეყნიდან წავიდეს, ხოლო ვინც რჩება, მათ კაბალურ პირობებში უწევთ მუშაობა. ამ ყველაფერს საფუძველი ეყრება სკოლიდან, სადაც თითქმის არ ასწავლიან კრიტიკულ აზროვნებას; სადაც სახელმძღვანელოები დაცლილია სოციალური მუხტისაგან და ყველაფერი ისეა წარმოდგენილი, თითქოს არ არსებობს საზოგადოებრივი, საქვეყნო თემები. ლიტერატურას, ისტორიას გამოცლილი აქვს სოციალური და პოლიტიკური საზრისი და სკოლიდან მოდის­ 17-18 წლის თაობა, რომელსაც მიაჩნია, რომ სადაც და როგორც ცხოვრობს, არის ნორმა, ეს კი საფუძველია კოლონიური სისტემისა, სადაც ადამიანებს აღარ აქვთ პროტესტის გრძნობა. ჩვენი სახელმწიფო არის კიდეც კოლონიურ მდგომარეობაში და გარდა მატერიალურისა, დაცლილია გონებრივი რესურსებისგანაც.

- მაგრამ სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ეკონომიკურად წარმატებულად ვვითარდებით...

- როდესაც იმ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, რომლის მოსახლეობას სამუშაო­ არა აქვს და სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი­ შიმშილობს, გეუბნება, ეკონომიკა ვითარდებაო, ეს ცინიზმია. ცინიზმია ისიც, როდესაც სახელმწიფო გეუბნება, რომ სამეცნიერო დარგებს ავითარებს, არადა, მეცნიერებას კლავს. სანაცვლოდ ვითარდება იდეოლოგია, რომ ადამიანის სხეული მისი საკუთრებაა და ამ სხეულს, რასაც უნდა, იმას უზამს; თურმე, არ უნდა არსებობდეს საჯარო სკოლები და თუ ადამიანს სწავლა არ სურს, არც უნდა ისწავლოს, რაც უფრო ანელებს საზოგადოების ადეკვატურ მოქმედებას, მეტიც - უკარგავს მას უნარს, სინამდვილე უკეთესობისაკენ შეცვალოს.

- და ენერგია აგრესიას ხმარდება...

- როდესაც ადამიანი იგნორირებულია სახელმწიფოსგან, ცდილობს, საკუთარი თავი და თუნდაც მონური შემოსავალი ყველანაირი ხერხით დაიცვას. ჩვენ ჩამოვყალიბდით დანაწევრებულ საზოგადოებად, რომლის წევრებს საერთო არაფერი აქვთ, გარდა გადარჩენის ინსტინქტისა. ვერ ვხედავ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია კონკრეტული იდეის გარშემო შემოიკრიბოს საზოგადოება და ამ იდეისთვის დარაზმოს. კვლავ ვხედავთ მთავარი პოლიტიკური ძალების ბრძოლას ძალაუფლებისთვის. ოპოზიცია ესწრაფვის ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ ცდილობენ განსხვავებული დისკუსიის ჩახშობას, რომელიც ხანდახან წამოყოფს ხოლმე თავს.

დღეს, როცა პუტინს ქვეყანაში შეჭრისა და ხალხის დახოცვისთვის საბაბი­ არ სჭირდება, საქართველოში მიზანმიმართულ ღონისძიებებს ვერ ვხედავ... დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენში გაიღვიძებს პოლიტიკური ცნობიერება და ღირსეულ არჩევანს გავაკეთებთ, შედეგად კი შევძლებთ თანასწორობისა და ჰუმანიზმის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნას.