"ცალი ფეხითაც მზად ვარ, ჩემი ქვეყანა დავიცვა“ - კვირის პალიტრა

"ცალი ფეხითაც მზად ვარ, ჩემი ქვეყანა დავიცვა“

"უამრავმა ბავშვმა ნახა დაღუპული მშობელი. ვერც ტიროდნენ. ასეთი იყო ხუთი წლის გოგონა, რომელსაც ხელში დედის თბილი შარფი შერჩა... ზოგ მოხუცს გული ღალატობს და სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვა, მეხანძრეები, ზოგჯერ კი, უბრალო ადამიანები ცდილობენ, პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ...“

ოკუპანტები, რომელთაც უკვე რუსეთშიც­ კი ხელმოცარულ "ძლევამოსილ" არმიას უწოდებენ, ქვეყნის დემორალიზებისთვის განურჩევლად ბომბავენ სამოქალაქო თუ სამხედრო ობიექტებს. უკრაინის დიდ ქალაქებში იწვის დაბომბილი კორპუსები, ეკლესიები, თეატრები და უკრაინელი­ მეხანძრე მაშველები 24 საათის განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ ცეცხლმოდებული შენობებიდან ადამიანთა გამოყვანას. "კვირის პალიტრასთან" საუბარში ხარკოველი მეხანძრე იგორ მარტინიუკი თავისი საქმიანობის უმძიმეს ეპიზოდებზე ყვება. ის გასულ კვირას ხანძრის ჩაქრობისას დაშავდა, რის გამოც, როგორც თავად ამბობს, "საყვარელ საქმიანობას დროებით ჩამოშორდა".

- თითქმის 15 წელია, ხარკოვში მეხანძრედ ვმუშაობ. აქამდეც ვამბობდით, რომ ჩვენი პროფესია ბეწვის ხიდზე სიარულია, ცეცხლის პირისპირ მუშაობა უამრავ რამეს­ გასწავლის, გაათმაგებული სიფრთხილით ეკიდები ყველაფერს, ყველგან შესვლა არ შეიძლება, რომ ჭერი არ ჩამოიქცეს, ან იატაკი არ ჩაინგრეს, რამე არ გასკდეს... უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი, ისიც, რომ ხანძრის ჩაქრობა მინიმალური ზარალით უნდა შეძლო, მაგრამ ახლა ომის საშინელ პირობებში გვიწევს მუშაობა­ და სარაკეტო დაბომბვის დროს, მშვიდობიანი­ მოსახლეობის გადარჩენის გარდა, ყველაფერი მეორეხარისხოვანია... აქ ინტენსიური ცეცხლია, მაგრამ ჩვენი ტექნიკა ტყვიების ზუზუნშიც შეუჩერებლად მუშაობს. გზის გაწმენდა, ადამიანების პოვნა, გამოსაყვანი გზების დაგეგმვა - ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ზოგჯერ არ გამოგვდის, ყველა ცოცხალი გამოვიყვანოთ, მაგრამ ცოცხლების გამოყვანისასაც კი არ წყდება სროლა. დაბომბვის შემდეგ ოკუპანტები თავშესაფრისკენ გაქცეულ ადამიანებსაც ცეცხლს უხსნიან.

xandzari2-1647782676.jpg

- ცვლის რეჟიმით აღარ მუშაობთ?

- არა, ახლა მთელი ქვეყანა საომარ რეჟიმზეა გადასული. ფაქტობრივად, სახანძრო მანქანებში ვცხოვრობთ. თვალის მოხუჭვას რამდენიმე წუთის განმავლობაში ვახერხებთ, რომ ძალა აღვიდგინოთ. გასულ კვირასაც საცხოვრებელი კორპუსიდან მოგვიხდა ხალხის გამოყვანა. როდესაც ჩვენი ხალხის სიმამაცესა და გმირობაზე გიყვებიან, არ იფიქროთ, რომ გადაჭარბებულია. ჩამოქცეულ შენობებთან დგანან ტყვიების წვიმაში და გვეუბნებიან, რით დაგეხმაროთო. თავად ეზიდებიან ნანგრევებს, რომ ადამიანები გამოიყვანონ. ზოგიერთი კორპუსის გარშემო წყლით სავსე ბიდონები აქვთ შემოწყობილი, რომ საჭიროების დროს გამოიყენონ. ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინონ და დაგვინახავენ თუ არა, იმედი ემატებათ. განგაშის სიგნალზე, ყინვასა და თოვლში, იმ ერთადერთ თბილ ქურთუკს ასველებენ, რომლითაც სახლიდან გამოვიდნენ და ისე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას თუ დამწვარი ადამიანების გამოყვანას. სულ ვეუბნები, ცეცხლმოკიდებულ შენობაში ნუ შედიხართ, შეიძლება უეცრად რომელიმე კედელი ჩამოინგრეს, ჩაგიყოლოთ და ვერ გამოხვიდეთ-მეთქი, მაგრამ მპასუხობენ, რა ვქნათ, ოჯახის წევრები გვყავს იქ, კარის მეზობელია დაკარგული, ახლობელს ვეძებთ, ძაღლს ან კატას ვერ ვპოულობთო. ბავშვებს გაიყვანენ და მაშინვე უკან ბრუნდებიან, ქალებიც მამაცურად იბრძვიან. აქ დიდი და პატარა, საკუთარი ძალით ებრძვიან სარაკეტო იერიშების შედეგად გაჩენილ ხანძარს. საარტილერიო დარტყმისას საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი დაბალ სართულზე ჩნდება და ხალხის გამოყვანაც შედარებით იოლია, თუმცა, სარაკეტო დარტყმების დროს, უმეტესად ზედა სართულები იბომბება. ასეთ დროს შენობას მაღალი კიბე უნდა მივადგათ ხალხის გამოსაყვანად. უმწეო მოხუცები და ბავშვები ხელით გამოგვყავს, მაგრამ ზოგჯერ ამის გაკეთება ოკუპანტების ცეცხლის პირისპირ გვიწევს. ეს არის ნამდვილი ჯოჯოხეთი, დაბომბვი­სგან ისტერიკაში ჩავარდნილი, შიშისგან გალურჯებული ბავშვები ტირიან. უამრავმა ბავშვმა ნახა დაღუპული მშობელი. ვერც ტიროდნენ. ასეთი იყო ხუთი წლის გოგონა, რომელსაც ხელში დედის თბილი შარფი შერჩა. ამბობდა, რომ ერთად ეძინათ, მერე უეცრად სახლი შეზანზარდა. ალბათ, დედა სხვა ოთახში გავიდა და ვეღარ გამოაღწია...

ზოგ მოხუცს გული ღალატობს და სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვა, მეხანძრეები, ზოგჯერ კი, უბრალო ადამიანები ცდილობენ,­ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ. მათ ერთდროულად აქვთ სარაკეტო დარტყმისგან მიღებული სხეულის დაზიანებები, შიში, შოკი და, იმავდროულად, ახლობლების პოვნას ცდილობენ, ემოციებს ვერ იკავებენ და ცეცხლმოკიდებულ შენობებში ბრუნდებიან... იყო შემთხვევა, სასწრაფო დახმარებისა და მოხალისეების მანქანებს დაშავებულები საავადმყოფოებში უნდა გადაეყვანათ, რომ ამ დროს რუსმა ოკუპანტებმა ხელახლა დაიწყეს სარაკეტო იერიში. პარალელურ ქუჩაზე შენობას ზემძლავრი ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც ფასადის ნანგრევები ავტობუსში ჩამსხდარ ადამიანებს დაეყარა. ხშირად ტყვიების წვიმასა და არტილერიის ბომბების ქვეშ ჩამქრალი სინათლეებითაც გვივლია ერთი ხანძრიდან მეორემდე... აფეთქების ადგილას მისვლა ნიშნავს უამრავი ადამიანის ტრაგედიის ნახვას, დაობლებულ ბავშვებს, დანაწევრებული ცხედრების ძებნას, მაგრამ ერთადერთი რამ გაძლიერებს - ერთიანობა. დაუნდობელი და წაგებისგან გამძვინვარებული რუსეთის სამიზნე ბოლო დღეებში მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო კორპუსები, სკოლები, ბაღები, საავადმყოფოები, თეატრები, ადმინისტრაციული შენობებია. იციან, რომ იქ მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს, ძირითადად, ქალები და ბავშვები, მაგრამ არავის ზოგავენ. ხარკოვში უამრავი რუსი ცხოვრობს, მაგრამ უმეტესობა უკრაინის ღირსეული მოქალაქეა და სისხლიანი პუტინი არაფერში სჭირდებათ. უთქვამთ, ჯობია, თავისუფალი უკრაინისთვის დავიხოცოთ­, ვიდრე სადისტური რეჟიმის ნაწილი გავხდეთო... ისინი ცხელ ჩაისა და ყავას ეზიდებიან ჩვენთვის, რათა გვაგრძნობინონ, რომ ერთნი ვართ, ერთი იდეისთვის ვიბრძვით.

- როგორ დაშავდით?

- ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან რაღაც გამოვარდა და მუხლში მომხვდა. კიდევ კარგი, დამცავი მეკეთა, თორემ სახსარს მომწყვეტდა, თუმცა ცალი ფეხითაც მზად ვარ, ჩემი ქვეყანა დავიცვა. ვიცი, რაც გააკეთეს საქართველოში 2008 წელს და უფრო ადრეც, 90-იანებში. 2014 წელს ჩვენც შემოგვიტიეს, სისხლი ღვარეს სირიასა და სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ამჯერად არ გამოუვათ, ჩვენ ვერ დაგვაჩოქებენ.