უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად...
შოუბიზნესის, მოდის, კინოსა და სპორტის გამოჩენილი ადამიანების უმრავლესობა უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს. 24 თებერვლიდან დღემდე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა მილიონობით დოლარის შეგროვება და უკრაინელთა დახმარება შეძლეს. ჰუმანიტარული და ფულადი დახმარებისთვის ისინი მართავენ კონცერტებს, ავრცელებენ ვიდეომიმართვებს და მოუწოდებენ თავიანთ კოლეგებს, დაეხმარონ უკრაინელ ხალხს.
ბენედიქტ კამბერბეჩმა სურვილი გამოთქვა, თავისი სახლი უკრაინელ დევნილებს დაუთმოს
"ჩვენ უკრაინის დროშის ბროშის გაკეთების გარდა, უნდა გადავრიცხოთ თანხები, ვაიძულოთ ჩვენი პოლიტიკოსები, რომ ლტოლვილების უსაფრთხოება დაიცვან და თავშესაფრები შექმნან იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს უკრაინაში იტანჯებიან",”- განაცხადა ინგლისელმა მსახიობმა და პროდიუსერმა ბენედიქტ კამბერბეჩმა ბრიტანული კინოაკადემიის BAFTA-ს დაჯილდოებაზე.
ბრიტანელმა მსახიობმა სურვილი გამოთქვა, თავისი სახლი უკრაინელ დევნილებს დაუთმოს: "რაც შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დღეს რეკორდული ციფრი დასახელდა იმ ადამიანებისა, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს საკუთარ სახლში სთავაზობენ და მინდა, მათ რიცხვს მეც შევუერთდე".
2 მარტს გამართულ სანტა ბარბარას კინოფესტივალზე, სადაც ბენედიქტ კამბერბეჩს ჩინემა Vanguard-ის ჯილდო გადაეცა, მსახიობმა უკრაინის დროშა გაშალა.
ემილი კლარკმა ინსტაგრამგვერდზე თავის გამომწერებს მოუწოდა, გაიღონ შემოწირულობა უკრაინელების დასახმარებლად
საჯაროდ გამოხატა უკრაინის მხარდაჭერა მსახიობმა ემილი კლარკმა, რომელსაც სერიალ Game of Thrones -ით ვიცნობთ.
"გული მტკივა სხვებთან ერთად და განვიცდი უკრაინელი ხალხის ტკივილსა და ტანჯვას, ყოველი ახალი ამბის მოსმენისას განვიცდი და ვნერვიულობ. არ ვიცი, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა შეცვალოს ომის რეალობა, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული", - განაცხადა ემილი კლარკმა და ინსტაგრამგვერდზე თავის გამომწერებს მოუწოდა, გაიღონ შემოწირულობა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
სტინგმა სოლიდური თანხა გაიღო და უკრაინელების გასამხნევებლად მუსიკალური ნომერიც შეასრულა
უკრაინას როგორც ფინანსური, ასევე ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს მომღერალმა სტინგმა და მისმა მეუღლემ. თავის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე სტინგმა მუსიკალური ნომერი შეასრულა, შესავალში კი განაცხადა: "ძალიან იშვიათად ვმღერი ამ სიმღერას მას შემდეგ, რაც დაიწერა, რადგან ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს თემა კვლავ აქტუალური გახდებოდა. ერთი ადამიანის სისხლიანმა გადაწყვეტილებამ, შეჭრილიყო მშვიდობიანი მეზობლის ტერიტორიაზე, Eეს სიმღერა კიდევ ერთხელ გამახსენა. მე ამით გამოვხატავ კაცობრიობის თხოვნას და ვუძღვნი მამაც უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან სასტიკი ტირანიის წინააღმდეგ! ამ სიმღერას ასევე ვუძღვნი იმ რუსებს, რომლებიც დაშინებისა და დაპატიმრების მიუხედავად, აპროტესტებენ ამ სისასტიკეს. სიმღერა გვეძღვნება ჩვენც - ყველას, ვისაც გვიყვარს ჩვენი შვილები. შეწყვიტეთ ომი!"
ეშტონ კატჩერმა უკრაინისთვის 20 მილიონი დოლარი შეაგროვა
უკრაინული წარმოშობის ამერიკელმა მსახიობმა მილა კუნისმა და მისმა მეუღლემ, მსახიობმა ეშტონ კატჩერმა უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით ერთ კვირაში 20 მილიონი დოლარი შეაგროვეს. წყვილმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და ყველას მოუწოდა უკრაინელი ხალხის დახმარებისაკენ.
ბლეიკ ლაივლი და ჯოან როულინგი უკრაინას თითო მილიონით დაეხმარნენ
მილიონი დოლარი გადარიცხა უკრაინელებისთვის ამერიკელმა მსახიობმა ბლეიკ ლაივლიმ, რომელმაც სერიალ Gოსსიპ Gირლ- ით გაითქვა სახელი. მილიონი დოლარი გადარიცხა უკრაინაში "ჰარი პოტერის" ავტორმა ჯოან როულინგმაც.
ჯიჯი ჰადიდი მოდის კვირეულებიდან შემოსულ მთელ თანხას უკრაინელებს ურიცხავს
"2022 წლის მოდის კვირეულებიდან გამომუშავებულ მთელ ჩემს შემოსავალს გადავცემ უკრაინელ ხალხს, რომ დავეხმარო ომის შედეგად დაზარალებულებს. ასევე ვაგრძელებ იმ ადამიანების დახმარებას, ვინც იგივე გამოსცადა პალესტინაში ომის დროს",“- განაცხადა ამერიკელმა მოდელმა ჯიჯი ჰადიდიმ და მის ამ ინიციატივას ბელა ჰადიდიც შეუერთდა. ბელა პარიზში, მოდის კვირეულზე, დემნა გვასალიას ჩვენების შემდეგ უკრაინული დროშის ფერების სამოსითი გამოჩნდა. "ვუყურებ ჩემს უკრაინელ მეგობრებს, როგორ თავდაუზოგავად მუშაობენ აქ, ევროპაში, ასე ახლოს თავიანთ ოჯახებთან, ქვეყანასთან, საიდანაც არიან და, ამავდროულად, როგორ შორს არიან უკრაინისგან, რომელიც ახლა ოკუპაციის მსხვერპლია. მე ვუცხადებ მხარდაჭერას იმ უდანაშაულო ადამიანებს, ვინც ამ ომმა დააზარალა და ცხოვრებაც სამუდამოდ შეეცვალა ძალისმიერი მეთოდებით",“- განაცხადა ბელა ჰადიდიმ.